მედია პროფილები

"სპუტნიკი-საქართველო"

შპს „სპუტნიკ ჯორჯია” საქართველოში საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. თუმცა, საქართველოს მსგავსად, სხვა ქვეყნებშიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მედია პლატფორმის წარდგინება 2014 წლის 10 ნოემბერს სააგენტო Rossia Segodnia-მ მოახდინა.

სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. სპუტნიკმა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, საერთაშორისო არენაზე საინფორმაცია სააგენტო RIA Novosti და “რუსეთის ხმა” ჩაანაცვლა. მედია პლატფორმა, რომელსაც დიმიტრი კისილიოვი ხელმძღვანელობს,  34 ქვეყნის 130 ქალაქში 30 ენაზე მაუწყებლობას გეგმავდა.

საქართველოში „სპუტნიკმა“ რადიო მაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში FM 101.4 სიხშირეზე უკანონოდ სცადა. აღნიშნული სიხშირე “რ რადიოს” ეკუთვნოდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რ-რადიო“ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia უკანონო მაუწყებლობის გამო ერთობლივად 5 ათასი ლარით დაaჯარიმა. შპს „რ-რადიო“ კი N B104 ლიცენზიის ფარგლებში არსებული ვალდებულებების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებული სანქციის შემდეგ, „სპუტნიკი“ რადიო სიხშირის ნაცვლად ონლაინ პლატფორმით სარგებლობს, სადაც მულტიმედია კონტენტს ანთავსებს, რომელიც ანტიდასავლური შინაარსის არის.

შპს “სპუტნიკ-ჯორჯიას” 100%-იანი წილის მფლობელი ანტონ (ტატო) ლასხიშვილია, რომელიც 1991 წლიდან გაზეთ „სვაბოდნაია გრუზიას“ ხელმძღვანელია. 

„სპუტნიკი“ ყოფილი რია ნოვოსტის ოფისშია განთავსებული. დამოუკიდებლობა.com-ის ანგარიშის თანახმად, აღნიშულ ოფისში პრესკონფერენციები გამართეს ”მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურმა კოალიციამ“ (რევაზ გოგიძე, გენერალი ტრისტან წითელაშვილი); ”ევრაზიის ინსტიტუტის” თანამშრომელმა შოთა აფხაიძემ, ”საქართველოს სლავი ხალხების ნაციონალური კონგრესმა”; ”საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობამ” (ნოდარ ცოტნიაშვილი) და სხვებმა.

სხვადასხვა ენებს შორის „სპუტნიკის“ მაუწყებლობა საქართველოს ორ სახელმწიფო ენაზე - ქართულად და აფხაზურად ხორციელდება. 

2015 წლის 23 იანვარი - დღემდე - ანტონ ლასხიშვილი 100% 

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.