მედია პროფილები

ანტი-პარადოქსი

ანტი-პარადოქსი სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილი გვერდია, რომელსაც 45 ათასამდე მიმდევარი ჰყავს.

გვერდს კატეგორიაში „ჩვენ შესახებ’’ არ აქვს მითითებული პირადი ინფორმაცია, უცნობია მისი ავტორების ვინაობაც. ანტი-პარადოქსი ძირითადად აქვეყნებს ანტილიბერალური, სექსისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს. გვერდი აქტიურად იყენებს სიძულვილის ენას სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. 2017 წლის 17 მაისის წინაპერიოდში ის აქვეყნებდა ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისკენ წამქეზებლურ მოწოდებებს. გვერდი  ასევე ავრცელებს ფოტო/ტექსტუალურ მანიპულაციებსა და დეზინფორმაციებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

ანტი-პარადოქსმა 2017 წლის 21 აპრილისთვის შექმნა ღონისძიება, რომელიც მის გვერდზეც იძებნება. აღნიშნული უკავშირდებოდა ამავე დღეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დაგეგმილ საპროტესტო აქციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ურბანის, პოლიტიკის წინააღმდეგ. ანტი-პარადოქსი გეგმავდა კონტრაქციას, რომელზე დასასწრებადაც იწვევდა “ყველა ეროვნულ, ანტილიბერალური პოზიციის მქონე ადამიანს, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ უნგრეთის ეროვნულ, ანტილიბერალურ პოლიტიკას.” ანტი-პარადოქსის დაგეგმილ კონტრაქციაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები ძირითადად იყვნენ პარტია „ქართული იდეის’’ და „თავისუფალი თაობის’’ წარმომადგენლები.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.