წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სამხრეთ კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაციის, OC Media-ს ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენელმა დონორების მეშვეობით მათზე ზეწოლა სცადეს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მედიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოსაზრება არ გამოუქვეყნა პაპუაშვილმა დონორს მისწერა, რომ ისინი აფინანსებდნენ ორგანიზაციას, რომელიც ქართულ პოლიტიკას ცალმხრივად აშუქებდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, OC Media-სთან არსებობდა შეთანხმება, რომ რედაქცია პარლამენტის თავმჯდომარის სარედაქციო წერილს გამოაქვეყნებდა, თუმცა OC Media-მ შეთანხმება დაარღვია. მისივე თქმით, დონორებთან კომუნიკაციის მიზანი იყო მათი ინფორმირება “საეჭვო ჟურნალისტური მიდგომების შესახებ”. OC Media-ს ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, დონორებთან წერილის გაგზავნით მედიასაშუალებაზე გავლენა მოეხდინა და ის ცენზურის ქვეშ მოექცია. პაპუაშვილმა მოგვიანებით აღნიშნული ტექსტი X-ზე (Twitter) გამოაქვეყნა.