2024 წელს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვისა და მისი თანმდევი პროტესტის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია პოლიტიკურად მოტივირებული ვანდალიზმის სამიზნეები გახდნენ. მათ შორის იყო “მედიის განვითარების ფონდი”, რომლის ოფისზე ვანდალური თავდასხმა ორჯერ განხორციელდა, აღმასრულებელი დირექტორის და თანამშრომლების მიმართ კი, პროფესიული საქმიანობის გამო, ადგილი სხვადასხვა ტიპის მუქარას ჰქონდა.
2024 წლის 9 მაისს, გამთენიისას, “მედიის განვითარების ფონდის” ოფისის შესასვლელში შენიღბულმა პირებმა პოსტერები გააკრეს და წარწერები დატოვეს. პოსტერებზე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი, იყო გამოსახული, წარწერით “უცხოელების დავალებების შემსრულებლები”, “უცხოური ფულით სიცრუის გამავრცელებელი”, “აგენტების ადგილი საქართველოში არ არის”. პირბადეებით შენიღბულმა პირებმა ასევე კედელზე წარწერა “გრანტიჭამია აგენტი” დატოვეს.
31 მაისის ღამეს “მედიის განვითარების ფონდის” ოფისზე მეორე ვანდალური თავდასხმა განხორციელდა. შენობაზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან შავ ნიღბიან შლემში გამოწყობილი ადამიანების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი, რომლებმაც თავდაპირველად ოფისის უსაფრთხოების კამერას საღებავი შეასხეს, რათა მათი ქმედებების აღბეჭდვა არ მომხდარიყო. შემდეგ კი კედლებზე დატოვეს წარწერები, რომლითაც MDF-ის თანამშრომლები „ფსევდოლიბერალ ფაშისტებად“, „სამშობლოს მოღალატეებად“, „სამშობლოს გამყიდველებად“, „აგენტებად“ და „მონებად“ იყვნენ მოხსენიებული.
აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პარლამენტარის, დიმიტრი სამხარაძის, მიერ საკუთარ ფეისბუქგვერდზე არასამთავრობო ორგანიზაციების სიის გამოქვეყნებას დაემთხვა. სიას თან ერთვოდა არასამთავრობოების ოფისებზე განხორციელებული ვანდალიზმის ამსახველი ვიდეოკოლაჟი წარწერით - “ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა!”. უფრო მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე ღამის ვანდალური სცენები სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა ტელე არხმა პოსტვიმ ინციდენტების ადგილიდან გააშუქა (1, 2,3,4,5).
ოფისზე თავდასხმებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სატელეფონო დაშინების კამპანია “მედიის განვითარების ფონდის” თანამშრომლების და მათ შორის, თამარ კინწურაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ინტენსიურად ხორციელდებოდა. ამავე პერიოდში, ორგანიზაციის 2 თანამშრომლის მეილზე გარეშე პირების წვდომის მცდელობაც დაფიქსირდა.
29-30 ივლისს თამარ კინწურაშვილს იდენტიფიცირებადი ელექტრონული ფოსტიდან ზაზა ფარცვანიამ არჩევნების შემდეგ მისი და ფაქტების გადამოწმების სამსახურის თანამშრომლების გაუპატიურების მუქარის შემცველი 4 შეტყობინება გაუგზავნა.
აღნიშნულ მუქარასთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRC), რომელიც MDF-ის ინტერესებს იცავს, 30 ივლისს პროკურატურას მიმართა. HRC აღნიშნულს პროფესიული საქმიანობის გამო დევნად აფასებს. 7 აგვისტოს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, თუმცა ამ დრომდე არცერთ სამართალდამცავ ორგანოს განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია.
სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის მიუხედავად, 29 აგვისტოსა და 6 სექტემბერს, MDF-ის აღმასრულებელ დირექტორს კვლავ გაეგზავნა მუქარის შემცველი 2 წერილი. თამარ კინწურაშვილთან ერთად, მუქარის ადრესატები მისი ოჯახის წევრები და ორგანიზაციის მთელი გუნდი იყო. 20 სექტემბერს MDF-მა კვლავ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებას საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.
მედიის განვითარების ფონდზე განხორციელებულ თავდასხმებს ევროპის ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელი (EFCSN) და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) გამოეხმაურნენ და ღია წერილით ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართეს. წერილში ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, უზრუნველყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებელთა დევნა და დაიცვას მათი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ეს გაწერილია ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებზე განხორციელებულ თავდასხმებს ასევე გამოეხმაურნენ International Federation for Human Rights და Women Press Freedom.
MDF-ის ოფისზე ვანდალური თავდასხმები გააშუქეს საერთაშორისო გამოცემებმა: “ამერიკის ხმამ”, ფაქტების გადამმოწმებელმა თურქულმა ორგანიზაციამ teyit, ფრანგულმა გამოცემამ Le Figaro-მ, შვედურმა გაზეთმა Dagens Nyheter, ირლანდიურმა გამოცემამ The Journal, ასევე, ნიდერლანდების საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ფრანგულმა ტელევიზიამ France Info.