მედია საქმეები

2 ნოემბერი, 2023 სამედიცინო დაწესებულების დაცვის თანამშრომელი „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხა

 წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ინფორმაციით, 2023 წლის 21 ივნისს „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს და ოპერატორს სამედიცინო დაწესებულება „გორმედის...

 

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ინფორმაციით, 2023 წლის 21 ივნისს „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს და ოპერატორს სამედიცინო დაწესებულება „გორმედის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტის თქმით,  ადგილზე მისვლა მოქალაქეებმა სთხოვეს, რომლებიც სამედიცინო სერვისებთან შეზღუდულ წვდომას აპროტესტებდნენ. დაცვის თანამშრომელმა მედიის წარმომადგენლებს საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადაღების საშუალება არ მისცა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ტელეკომპანიის ტექნიკის დამტვრევა სცადა.

მედიის წარმომადგენლებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა უწყებას გამოძიება არ დაუწყია. 

 

ირაკლი კოშაძისა და თორნიკე გელიტაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს. 2023 წლის 19 სექტემბერს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული წერილის საფუძველზე HRC აცხადებს, რომ თორნიკე გელიტაშვილთან და ირაკლი კოშაძესთან გასაუბრების შემდეგ უწყებამ დანაშაულის ნიშნები ვერ გამოკვეთა, შესაბამისად, გამოძიება საქმეზე არ დაწყებულა. 2023 წლის 27 სექტემბერს HRC-მ გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საქმეზე გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

2 ნოემბერი, 2023 კრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" წევრები „ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

 წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)2022 წლის 5 ივლისს ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ. კრემლისტური და ულტრამემარჯვენე პარტია - კონსერვატიული მო...

 

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

2022 წლის 5 ივლისს ქარელში, „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ. კრემლისტური და ულტრამემარჯვენე პარტია - კონსერვატიული მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. “ტვ მონიტორინგის” წამყვანის განცხადებითა და გავრცელებული კადრების მიხედვით, თავდამსხმელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

მათივე თქმით, კრემლისტური პარტიის წევრებმა ტელევიზიის ტექნიკის დამტვრევა სცადეს, ისინი მედიის წარმომადგენლებს პასუხს მათი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის გამო სთხოვდნენ. „ტვ მონიტორინგის“ ცნობით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გადამღებ ჯგუფს განუცხადა, რომ მათ ე.წ. აუზის ტერიტორიაზე გადაღების უფლება არ ჰქონდათ, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით სატელევიზიო ტექნიკის  წართმევა სცადა. HRC-ის ინფორმაციით, ამ დროს ჟურნალისტი და ოპერატორი საჯარო ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

 

"ტვ მონიტორინგის" ჟურნალისტის და ოპერატორის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

მედიის წარმომადგენლების ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, მათ ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობის, დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და საქმის მასალების ასლების გადაცემის მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართეს. მოთხოვნა არც ზედამხედველ პროკურორს და არც ზემდგომ პროკურორს არ დაუკმაყოფილებია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შსს-სმედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ ხორციელდება, ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი არ ენიჭებათ, 2024 წლის 30 იანვარს შოთიკო სადაღაშვილისა და თორნიკე გელიტაშვილისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის საქმეზე საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინეს. ორგანიზაციამ კონვენციის მე-10 და მე-13 მუხლების დარღვევის დადგენა მოითხოვა (გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება). 

HRC-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი საჩივარი წარმოებაში მიიღო, ხოლო საქართველოს მთავრობა ორგანიზაციის საჩივარს არ დაეთანხმა. საქართველოს მთავრობის პოზიციაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია, რამდენადაც ჟურნალისტები კერძო ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც ნებართვის გარეშე გადაღების განხორციელების უფლება არ ჰქონდათ.

HRC-ის საპასუხო მტკიცებულებებში კი აღნიშნულია, რომ ადგილი, საიდანაც ჟურნალისტები გადაღებას ახორციელებდნენ, საჯარო სივრცეს წარმოადგენდა და  მათი შეზღუდვის უფლება არავის არ ჰქონდა.

2 ნოემბერი, 2023 კასპის საკრებულო ჟურნალისტებს პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 2022 წლის 18 თებერვალს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ავტომობილების შეძენის მიზნით ბიუჯეტში ცვლილების შე...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 2022 წლის 18 თებერვალს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ავტომობილების შეძენის მიზნით ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავდნენ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა გააპროტესტეს. მედიის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის დროს ოპოზიციონერებთან და აქტივისტებთან ერთად სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით  ჟურნალისტებსაც დაატოვებინეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს, მალხაზ მიქელაძესა და ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტს გიორგი ახალკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ზურგში ხელი ჰკრეს და ფეხებში დაარტყეს. HRC-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვლადიმერ ბიჭაშვილს, ოპერატორს ვლადიმერ მიხანაშვილს, ასევე, “ტვ მნიტორინგის” ჟურნალისტს, ირაკლი კოშაძესა და ოპერატორს, თორნიკე გელიტაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

2022 წლის 18 თებერვალს კასპის საკრებულოს შენობაში მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,  სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

მედიის წარმომადგენლების ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, გენერალური პროკურატურისადმი არაერთხელ მიმართვის მიუხედავად, ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა არ მომხდარა. საქმეზე გამოძიების სისხლის სამართლის 154-ე მუხლით (პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა) წარმართვის შესახებ მოთხოვნით HRC-მა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა, თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან მიმართვას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია . 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარი ფაქტის გამოძიებისკენ,  ხოლო ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისა და  პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნისკენ მოუწოდა.

HRC-ის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ ხორციელდება და ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი არ ენიჭებათ, 2024 წლის 24 იანვარს ვლადიმერ ბიჭაშვილის, ვლადიმერ მიხანაშვილის, გიორგი ახალკაცის, მალხაზ მიქელაძის, ირაკლი კოშაძისა და თორნიკე გელიტაშვილის საქმეზე ორგანიზაციამ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა, სადაც კონვენციის მე-3, მე-10 და მე-13 მუხლების დარღვევის დადგენას მოითხოვეს (წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).

24 ოქტომბერი, 2023 ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრი თავს დაესხა

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) 2023 წლის 20 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრის მხ...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

 

2023 წლის 20 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრის მხრიდან გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის შესახებ.

ტელეკომპანიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ, ჟურნალისტი მარიამ რიგვავა და ოპერატორი გიორგი სუსუნიაშვილი თბილისში, კაკლების დასახლებაში, აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საჯარო სივრცეში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, როდესაც ფარცხალაძის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მათ ძალის გამოყენებით ხელი შეუშალა. დაცვამ ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “ფორმულას” ცნობით, სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად მარიამ რიგვავას შუბლის არეში დაზიანებაც მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. 28 სექტემბერს პროკურორმა მარიამ რიგვავა და გიორგი სუსუნიაშვილი დაზარალებულად ცნო

ჟურნალისტისა და ოპერატორის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) იცავს. გამოძიების ფარგლებში მარიამ რიგვავა და გიორგი სუსუნიაშვილი 21 სექტემბერს ცენტრის ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხნენ., სხეულზე არსებული დაზიანების გამო კი, მარიამ რიგვავას ექსპერტიზა ჩაუტარდა.

აღნიშნულ ინციდენტს განცხადებით მედიის ადვოკატირების კოალიციაც გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების გახშირებული შემთხვევები ხელისუფლების მხრიდან გამოუძიებელი სხვა ძალადობის, დაშინებისა და უკანონო მოსმენების შემთხვევების შედეგია. 

23 ოქტომბერი, 2023 რამაზ სამხარაძის საქმე: განცხადება სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) 2023 წლის 5 მაისს რადიო “თბილისისა” და რადიო “ჰერეთის” ხელმძღვანელმა, რამაზ სამხარაძემ გააკეთა განცხადება, რომ მათი რადიოსადგურების ეთერში რე...

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

 

2023 წლის 5 მაისს რადიო “თბილისისა” და რადიო “ჰერეთის” ხელმძღვანელმა, რამაზ სამხარაძემ გააკეთა განცხადება, რომ მათი რადიოსადგურების ეთერში რეპერი “მასტერის” მუსიკა აღარ გავიდოდა.  მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება რადიოსადგურის სარედაქიო პოლიტიკით ახსნა. მისი თქმით, რეპერის მიერ შესრულებული სიმღერა პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის მიმართ დისკრიმინაციული იყო. ამ სარედაქციო გადაწყვეტილების შემდეგ, რამაზ სამხარაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების და სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერების მხრიდან მის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი გზავნილები და კომენტარები გავრცელდა, ასევე, მან სიცოცხლის მოსპობის  მუქარის შემცველი შეტყობინებებიც მიიღო.

 

საქმესთან დაკავშირებით, რადიო „თბილისის“ და “ჰერეთის” ხელმძღვანელი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა. ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ინფორმაციით, გამოძიება მომხდარიდან 4 თვის შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის მასალები პროკურატურას გადასცა.

რამაზ სამხარაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

9 ოქტომბერი, 2016 ,,ნეტგაზეთის" ჟურნალისტისათვის თბილისში პასტერის ქუჩაზე გადაღებაში ხელისშეშლა და შეურაცხყოფა

9 ოქტომბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, პასტერის ქუჩაზე ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის” ოფისთან,  რედაქციის ცნობით,  20-მდე ახალგაზრდა იყო შეკრებილი, რომლებიც ერთმანეთში პოლიტიკურ ნიად...

9 ოქტომბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, პასტერის ქუჩაზე ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის” ოფისთან,  რედაქციის ცნობით,  20-მდე ახალგაზრდა იყო შეკრებილი, რომლებიც ერთმანეთში პოლიტიკურ ნიადაგზე ჩხუბობდნენ. "ნეტგაზეთის” რეპორტიორი აღნიშნულ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდა, რა დროსაც ახალგაზრდებმა მას გადაღების შეწყვეტა მოთხოვეს. მას შემდეგ, რაც რეპორტიორს ტელეფონის კვების ბლოკი დაუჯდა, ახალგაზრდებმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და "ნეტგაზეთის” ოფისამდე სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით გაჰყვნენ. რეპორტიორმა რედაქციაში შესვლა მოასწრო.  

"ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ მოკვლევა  სიტყვიერ შეურაცხყოფაზე რეაგირების მიზნით დაიწყო.

9 ოქტომბერს, MDF-მა  ,,ნეტგაზეთის" ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზე განცხადება გაავრცელა და  სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა სათანადო კვალიფიკაცია მისცენ მომხდარ ინციდენტს;  

Pages