მედია პროფილები

ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა #5

(+995) 32 2 46 31 21

(+995) 32 2 46 3159

(+995) 32 2 46 3137

(+995) 32 2 46 3136

იმედი

ტელეკომპანია "იმედი" 2001 წლის 24 დეკემბერს დაარსდა და მაუწყებლობა 2003 წლის 15 მარტიდან დაიწყო. არხი დააფუძნა ქართველმა მილიარდერმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც 90-იან წლებში რუსეთში სხვადასხვა კომპანიაში (“ლოგოვაზი”, "როსიისკიე ავტომობილნიე დილერი"), მათ შორის რუსეთის საზოგადოებრივ არხის - ОРТВ-სა და ТВ-6-ის ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს. 

არხის 100%-იან წილს ამჟამად “შპს ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” ფლობს, გენერალური დირექტორი კი მარიამ ლომიძეა. 

2021 წლამდე “შპს ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” 100%-იანი წილის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე იყო.  ამჟამად “შპს ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” ნიდერლანდებში რეგისტრირებული “მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი.” - საა, დირექტორი კი კობა კვანტალიანია. აღსანიშნავია, რომ კვანტალიანს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილისთვის 15 000 ლარი აქვს შეწირული.

შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი” ასევე ფლობს რადიო იმედის 100%-ს, შპს უნიმედიას 50%-ს, შპს IMEDI FILMS-ის 100%, შპს ტელეკომპანია აისი-ის 100%-ს, შპს ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლის 100%-ს,  შპს ჯი-დი-ეს თი-ვი-ს 100%-ს, შპს თაჩ მედიას 100%-ს.

ტელეკომპანია "იმედის" სარედაქციო პოლიტიკა სხვადასხვა ხელისუფლების დროს იცვლებოდა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს პოლიციის სპეცრაზმი ტელეკომპანიაში შეიჭრა და ტელევიზია ეთერიდან გათიშა. ამ ფაქტის შემდეგ, არხის მფლობელობა შეიცვალა და ამავე წლის 13 ნოემბერს 100%-იანი მართვის უფლებით “ნიუს კორპ ეუროპა ინქ“-ს გადაეცა, ხოლო  2009 წლის 27 აგვისტოდან მისი 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ გახდა.  „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“-ის 45%-იანი წილის მფლობელი იმ დროინდელი მმართველი პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე იყო. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არხი პატარკაციშვილების ოჯახს სიმბოლურ ფასად, წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დაუბრუნდა. 2017 წელს კი “იმედი” “მაესტროსა” და “ჯიდიესთან” ერთ ჰოლდინგში გაერთიანდა. “მაესტრო” ახალ ამბებზეა ორიენტირებული, GDS კი გასართობი არხია. “მაესტრო”, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ არხად ითვლებოდა, 2015 წელს დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს შორის დავის საგანი გახდა.

2017 წელს “იმედის” მფლობელმა კომპანიამ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ იყიდა ტელეკომპანია GDS, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნოდა. ამ შესყიდვის შედეგად, ერთ ჰოლდინგში სამი საერთო მაუწყებელი გაერთიანდა. მაუწყებლობის შესახებ კანონი ორი მათგანის ფორმატის ცვლილებას მოითხოვდა. GDS-ს გასართობი არხი გახდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევით “ვის ეკუთვნის ქართული მედია”, ტელეკომპანია “იმედთან” არის დაკავშირებული ცნობილი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელიც მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილ სხვა კომპანიებსაც განკარგავს. გიორგი გაჩეჩილაძე “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი სწორედ რუხაძის დახმარებით გახდა - მან გაჩეჩილაძეს მაშინ კონკურენტი არხის “მაესტროს” შესაძენი ფული ასესხა, მიზეზად ბიზნესინტერესი დაასახელა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის მიხედვით, "იმედის" სარედაქციო პოლიტიკა მკვეთრად სახელისუფლებოა, არხი არჩევნების პერიოდში მმართველ გუნდს დადებითად წარმოაჩენდა, ხოლო ოპოზიციას - უარყოფითად. 

“მითების დეტექტორის” თანახმად, სხვა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებთან ერთად “იმედი” მმართველი პარტიის ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიებსა და გარკვეულ შემთხვევაში დეზინფორმაციის (1,2)  გავრცელებაშია ჩართული. 

ტელეკომპანია "იმედის" 2023 წლის შემოსავალი 33,737,780 ლარს შეადგენს. "მედიის განვითარების ფონდის" 2022 წლის "მედიის ფინანსური გამჭვირვალობის" ანგარიშის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ყველაზე მეტი კონტრაქტი ტელევიზიებიდან ტელეკომპანია "იმედთან" (794 606 ლარი)  გააფორმეს

 

2021 წლის 30 აგვისტო - შპს ”ჯორჯია მედია პროდაქშენ გრუპი” - მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი. ნიდერლანდები; გენერალური დირექტორი - მარიამ ლომიძე;

2020 წლის 6 აგვისტო - შპს ”ჯორჯია მედია პროდაქშენ გრუპი” - მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი. ნიდერლანდები; დირექტორი - ნიკოლოზ ლალიაშვილი;

2017 წლის 12 ივლისი - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“-  ინა გუდავაძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, 100%;

2012 წლის 5 ნოემბერი - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ინა გუდავაძე, რუსეთის ფედერაცია 100%;

2012 წლის 19 ოქტომბერი - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ჯოზეფ ქეი, აშშ 10%, ინა გუდავაძე, რუსეთის ფედერაცია 90%;

2012 წლის 23 თებერვალი - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ჯოზეფ ქეი 10%, გიორგი არველაძე 45%, გიორგი კორახაშვილი 30%, გიორგი მიქელაძე 15%;

2011 წლის 22 ნოემბერი (3) - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ჯოზეფ ქეი 10%, გიორგი არველაძე 40%, გიორგი კორახაშვილი 35%, გიორგი მიქელაძე 15%;

2011 წლის 22 ნოემბერი (2) - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ჯოზეფ ქეი 10%, უცხოური საწარმო რააქ ჯორჯია ჰოლდინგი, პანამა 35%, გიორგი არველაძე 40%, გიორგი მიქელაძე 15%;

2011 წლის 22 ნოემბერი (1) – შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ჯოზეფ ქეი 10%, უცხოური საწარმო რააქ ჯორჯია ჰოლდინგი, პანამა 75%, გიორგი მიქელაძე 15%;

2009-2011 წლები - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - რააქ ჯორჯია ჰოლდინგი (Raak Georgia Holding S.A.) 90%, ჯოზეფ ქეი 10%;

2009 წლის 27 აგვისტო - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ 100%;

2007 წლის 13 ნოემბერი - „ნიუს კორპ ეუროპა ინქ“-სთვის შპს „ტელეიმედის“ 100% წილის მართვის უფლებით გადაცემა (2008 წლის 31 ოქტომბრამდე);

2004 წლის 30 დეკემბერი - შპს „ტელეიმედი“-სა და შპს „ანალიტიკოსი“-ს შერწყმა;

2002 წლის 28 მაისი - შპს „ტელეიმედი“-ს დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით შპს „ტელეიმედ“-ს შეერწყა (მიერთება) შპს „ატვ“(100%-იანი დამფუძნებელი პარტნიორია შპს „ტელეიმედი“);

2001 წლის 24 დეკემბერი - სს „ი-მედია“ 100%.

“ტელეიმედის” 2023 წლის შემოსავალი  33 737 780 ლარს შეადგენს. საიდანაც ყველაზე დიდი წილი კომერციულ რეკლამაზე მოდის. მედიის განვითარების ფონდის "მედიის ფინანსური გამჭვირვალობის" კვლევის თანახმად, 2022 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა “იმედთან” 794 606 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმეს.

 

წელი მთლიანი შემოსავალი GNCC-ის მიხედვითმთლიანი შემოსავალი GNCC-ის მონაცემებით (სესხი და სხვა ტიპის არასამაუწყებლო შემოსავალი)საბიუჯეტო შემოსავალი
202333,737,78033,737,780განახლდება
202225,166,28925,166,289794 606
202128,153,30828,153,308285 647
202029,187,154 29,207,378702 045
201926,741,98626,744,976997 616

 

ტელეკომპანია "იმედის" სარედაქციო პოლიტიკა სხვადასხვა მფლობელის დროს იცვლებოდა. 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანიაში სპეცრაზმი შეიჭრა და ტელევიზია ეთერიდან გათიშა. 2009 წლიდან კი ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები დაეუფლნენ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, არხი პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა. 

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, არხზე სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება ეტაპობრივად დაიწყო. 

2015 წლის 29 აგვისტოს, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დროებით შეჩერებისა და მაყურებლისთვის განახლებული ფორმატის 2016 წელს შეთავაზების შესახებ.

თოქ-შოუ "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხელისუფლების ჩარევაზე გადაცემის დახურვამდეც საუბრობდა. 2015 წლის მარტში მან საჯაროდ განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ რედაქციას მოსთხოვა, თოქ-შოუ „რეაქციაში“ ოპოზიციური პარტიის - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციის თემა არ გაეშუქებინა. 

აღსანიშნავია, რომ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება გასართობი შინაარსის მასალებზეც გავრცელდა და “იმედმა”, სატელევიზიო სერიალის “შუა ქალაქის” სერიებიდან ამოიღო სცენები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობით და რედაქტირებული ვერსია Youtube-ზე განათავსა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის მიხედვით, "იმედი" გამოკვეთილად სახელისუფლებო არხია. მონიტორინგის პერიოდში მმართველი გუნდი დადებითად იყო წარმოჩენილი, ოპოზიცია კი - მაქსიმალურად დისკრედიტირებული. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსებს ოპოზიციური პარტიებიდან “იმედის” ეთერში არ იწვევენ.

"იმედი" ბოლო წლებში არაერთმა ჟურნალისტმა დატოვა - თამარ ჩიხლაძემ 2018 წელს მიიღო არხიდან წამოსვლის გადაწყვეტილება და მიზეზად სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა, 2023 წლის 8 მარტს ტელეკომპანიის დატოვების შესახებ განაცხადა კახა კინწურაშვილმაც, მიზეზად კი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიმართ არხის მხარდაჭერა დაასახელა. 

ე.წ. რუსული კანონის პარლამენტში 2024 წლის გაზაფხულზე ხელახალი ინიციირების შემდეგ, არხი კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა: თიკო  ფეიქრიშვილმა, ეკატერინე ამირეჯიბმა, ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და თამარ შარიქაძემ დატოვეს

ამასთანავე, “იმედი” როგორც სახელისუფლებო ნარატივების კოორდინირებულად, ისე კრემლისტური გზავნილების გავრცელებაში,  არაერთხელ იყო ჩართული. გარდა ამისა, იმედს დეზინფორმაცია და მანიპულაციური  შინაარსის ინფორმაციაც გაუვრცელებია.

ტელეკომპანია “იმედი” წინასაარჩევნოდ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე ორჯერ გადავიდა, პირველად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე. მაშინ არხმა განაცხადა, რომ ისინი საეთერო ბადეს შეცვლიდნენ და იმუშავებდნენ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი (ნაციონალური მოძრაობა). 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე იმედი ისევ გადავიდა საგანგებო რეჟიმზე და თქვა, რომ მათი მისიაა არ დაუშვან წარსულის დაბრუნება. 

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.