4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, სადაც ტელემედიების წინაშე მდგარ გამოწვევებზე იყო საუბარი, განაცხადა, რომ გადაცემა “პირველი სტუდიის” წამყვანს, ეკა მიშველაძეს პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს. თავად ჟურნალისტის განცხადებით, მისთვის გადაცემის დახურვის შესახებ ოფიციალურად არავის უცნობებია.
ეკა მიშველაძის სამუშაო კონტრაქტით ინტერესთა კონფლიქტის შესახებ აკრძალვა გათვალისწინებული არ ყოფილა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის 22.2 მუხლის თანახმად, მაუწყებლის თანამშრომელი ვალდებულია განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. კერძოდ, "თუ თანამშრომელს საკმარისი საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან შეიძლება წარმოიშვას ასეთი კონფლიქტი, იგი ვალდებულია ამის შესახებ მაუწყებლის ხელმძღვანელობას აცნობოს. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მაუწყებელმა და თანამშრომელმა ყველა სათანადო ზომა უნდა მიიღონ. ვითარებიდან გამომდინარე, თანამშრომელს შესაძლოა გარკვეული საკითხების გაშუქებაზე უარის თქმა ან სხვა სამსახურის შესრულება მოუწიოს." აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში გადაცემის დახურვას, არამედ მენეჯმენტთან შეთანხმებით ინტერესთა კონგლიქტის დაძლევას გარკვეული საკითხების გაშუქებაზე უარის თქმის ან სხვა სამუშაოს შესრულების გზით.
მოგვიანებით სამოქალაქო სექტორის მხრიდან მძაფრი კრიტიკის შემდეგ, ჟურნალისტმა არხის მენეჯმენტისგან ახალი გადაცემის წავყვანი შეთავაზება მიიღო, რომელიც 2016 წლის იანვრიდან უნდა გასულიყო ეთერში. თუმცა, გადაცემა არც თებერვლის დასაწყისში გასულა ეთერში. ეკა მიშველაძემ არხის მენეჯმენტს წერილობით მიმართა და მოითხოვა განმარტება, როგორც გადაცემის პერსპექტივასთან, ასევე მის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელსაც წამყვანი ამჟამადაც იღებს.
2016 წლის 10 თებერვალს ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემა „პირველი სტუდია“ დაიხურა და მის მიერ წარდგენილი ახალი გადაცემის პროექტმა არ დაიმსახურა მოწონება მაუწყებელში. წერილის საშუალებით არხის ხელმძღვანელობამ ეკა მიშველაძეს ასევე შეატყობინა მისი შრომითი ხელშეკრულების შეწყეტის შესახებ. მიშველაძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ დაითხოვეს და დაუხურეს გადაცემა.
2016 წლის 7 მარტს ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ის სამსახურიდან გათავისუფლებას ასაჩივრებს. ჟურნალისტის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.