2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპოლიციო ძალებმა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურად იძალადეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC)-ის ცნობით, მათ ოპერატორ სერგი ბარამიძის დაკავებისას, რომელიც აქციას აშუქებდა, ძალა გამოიყენეს და კომპანიის კუთვნილი კამერა დააზიანეს. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, ამავე არხის ჟურნალისტი ნინო კეკელია ოპერატორს იძულებით განარიდეს და სამართალდამცავების ალყაში მოაქციეს.
ორგანიზაცია, ასევე, აღნიშნავს, რომ ნინო კეკელია იყო იდენტიფიცირებადი, როგორც ჟურნალისტი, რადგან მას ხელში “მთავარი არხის” მიკროფონი ეჭირა, ხოლო მის ოპერატორს - ტელევიზიის კამერა, თუმცა ამის მიუხედავად, მათ სამართალდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი მაინც შეუშალეს და მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე უარს ამბობს, რასაც იმავე საღამოს საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მოჰყვა. თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქებში პრო-ევროპული პროტესტის ტალღა დაიწყო, რომელზეც ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნებასთან ერთად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაც ისმოდა. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ძალის გამოყენებით დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო, რა დროსაც აქციის არაერთმა მონაწილემ, მათ შორის ჟურნალისტმა, ფიზიკური დაზიანებები მიიღო. საპოლიციო ძალების მხრიდან აქციებზე მსგავსი მეთოდების გამოყენება მომდევნო კვირებშიც გაგრძელდა. “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თანახმად, პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. შემთხვევების უმრავლესობა 29 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე დაფიქსირდა.