მედია პროფილები

0171, თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ბელიაშვილის ქ., 8

2 40 00 10

2 42 42 32

მაესტრო

ტელეკომპანია “მაესტრო” სტუდია "მაესტროს" ბაზაზე 1995 წელს შეიქმნა. თავდაპირველად სტუდიაც და არხიც გასართობ გადაცემებს აწარმოებდნენ და მათი პროდუქცია სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხებზე, ხოლო 2001 წლიდან სხვადასხვა დროს ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" და "ევრიკას" ეთერში გადიოდა. 2008 წელს ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ საკაბელო არხმა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წარმოება დაიწყო და მაუწყებლობის არეალიც გააფართოვა.

არხის მაუწყებლობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სამოქალაქო საზოგადოების კამპანიის “ეს შენ გეხებას” აქტიურობის შედეგად გაფართოვდა. კამპანია must carry-ის და must offer- ის დანერგვის მოთხოვნით, რაც წინასაარჩევნოდ საკაბელო არხების მიერ ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტს ითვალისწინებდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით დასრულდა.

მაესტროს დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს შორის 2015 წელს დავა ფინანსურ და საკუთრებით საკითხებთან დაკავშირებით წარმოიშვა, რამაც განვითარება 2016 წელს ჰპოვა.

2016 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით, შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორების წილთა გადანაწილება ამგვარად გამოიყურება: გიორგი გაჩეჩილაძე 55%, მამუკა ღლონტი 15%, ეკატერინე აკობია 5%, მაკა ასათიანი 25%.

პარტნიორების წილთა გადანაწილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2016 წლის 2 თებერვალს საჯარო რეესტრში ცვლილება დარეგისტრირდა და ცნობილი გახდა, რომ საკონტროლო პაკეტის 55% წილის მფლობელი გახდა გიორგი გაჩეჩილაძე, რომელმაც შპს „სტუდია მაესტროს“ ორი თანამფლობელისგან - გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან მათი კუთვნილი 15-15% წილები გამოისყიდა. შპს „სტუდია მაესტროს“ წილების დანარჩენ მფლობელებად კვლავ დარჩნენ მამუკა ღლონტი (45%), მაკა ასათიანი (25%) და ეკატერინე აკობია (5%.).

2016 წლის 4 თებერვალს გამართულ პარტნიორთა კრებაზე არხის დირექტორი ეთერ (ბაია) გადაბაძე თანამდებობიდან გადააყენეს და მის ადგილზე გიორგი გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა. თუმცა, რეესტრმა დირექტორის ცვლილება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების გამო არ დაარეგისტრირა.

TVMR საქართველოს მონაცემებით, მაესტრო სატელევიზიო რეიტინგებში მესამე ადგილზეა, ხოლო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, სარეკლამო ბაზარზე რუსთავი 2-ისა და იმედის შემდეგ მესამე ადგილზეა და ბაზრის 6,1%-ს ფლობს.

2016 წლის 1 თებერვალი - დღემდე - მამუკა ღლონტი 15%, ეკატერინე აკობია 5%, გიორგი გაჩეჩილაძე 55%, მაკა ასათიანი 25% 

2011 წლის 29 აპრილი - მამუკა ღლონტი 15%, გიორგი ებრალიძე 15%, ლევან ჩიკვაიძე 15%, ეკატერინე აკობია 5%, გიორგი გაჩეჩილაძე 25%, მაკა ასათიანი 25%

2011 წლის 6 აპრილი - მამუკა ღლონტი 15%, გიორგი ებრალიძე 15%, ლევან ჩიკვაიძე 15%, ეკატერინე აკობია 5%, გიორგი გაჩეჩილაძე 50%

2002-2010 წლები - მამუკა ღლონტი 38%, გიორგი ებრალიძე 38%, ლევან ჩიკვაიძე 19%, ეკატერინე აკობია 5%

 

 

წელიმთლიანი შემოსავალი GNCC-ის მიხედვითსაბიუჯეტო შემოსავალი
20155 123 105 ლარი 566 493 ლარი
2016 134 406 ლარი

 

2014 წლის 20 მაისს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ტელეკომპანია “მაესტროს” 18 მაისის “ვახო სანაიას რეპორტაჟი” ტენდენციურად შეაფასა:

„გადაცემის მსვლელობისას, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში. 

2014 წლის 28 სექტემბერს ვახო სანაიამ “მაესტრო” დატოვა, რის მიზეზადაც წერილობით განცხადებაში არხის მენეჯმენტთან მისი საუბარი დაასახელა, რომლის მიხედვითაც სანაიას გადაცემებს შესაძლოა “მაესტროსთვის” ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნა. თავად არხის დირექტორმა ბაია გადაბაძემ კი სანაიას მიერ ტელევიზიის დატოვების მიზეზად უთანხმოება დაასახელა.

 2014 წლის 22 დეკემბერს “მაესტრო” “ცხრიანის წამყვანმა” და არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო ჟიჟლაშვილმა, ასევე საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა დატოვეს. ჟიჟილაშვილის განცხადებით, წამოსვლის მიზეზი არხის ერთ-ერთ მფლობელის მეუღლესთან კოტე გოგელასთან სარედაქციო საკითხებზე შეუთავსებლობა აღმოჩნდა. კერძოდ, საქმე შეეხებოდა გოგელიას ხედვას, რომ მაესტრო იდეოლოგიზირებული და “პროქართული” უნდა ყოფილიყო, ასევე კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის იმჟამინდელი თანამშრომლის კოკა ყანდიაშვილის ჩარევას სარედაქციო საკითხებში და არხის ეთერში მისი გადაცემის სამომავლოდ გამოჩენას. მაესტროს მენეჯმენტმა  აღნიშნული ბრალდებები უარყო და არხზე რეორგანიზაცია გამოაცხადა. მაესტროდან დათხოვნილი 14 თანამშრომლის შრომით უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო იცავს.

2016 წლის დასაწყისში “მაესტრომ” თანამშრომლობა სტუდია “მონიტორთან” შეწყვიტა, რომლის საგამოძიებო გადაცემები არხის ეთერში 7 წელი გადიოდა.