მედია პროფილები

ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა #5

(+995) 32 2 46 31 21

(+995) 32 2 46 3159

(+995) 32 2 46 3137

(+995) 32 2 46 3136

იმედი

ტელეკომპანია "იმედი" 2001 წლის 24 დეკემბერს დაარსდა და მაუწყებლობა 2003 წლის 15 მარტიდან დაიწყო. “იმედია” მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს და  საერთო მაუწყებლობის ლიცენზიასთან (№B16) ერთად სატელიტურსაც ფლობს.  

არხი დააფუძნა ქართველმა მილიარდელმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც 90-იან წლებში რუსეთში სხვადასხვა კომპანიებში (“ლოგოვაზი”, "როსიისკიე ავტომობილნიე დილერი"), მათ შორის რუსეთის საზოგადოებრივ არხის - ОРТВ-სა და ТВ-6-ის ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს.

2007 წელს 7 ნოემბერს ტელეკომპანიის შენობაში სპეცნაზის შეჭრის შემდეგ, არხის მფლობელობა შეიცვალა. 2007 წლის 13 ნომბერს არხი 100%-იანი მართვის უფლებით “ნიუს კორპ ეუროპა ინქ“-ს გადაეცა, ხოლო  2009 წლის 27 აგვისტოდან მისი 100%-იანი მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ გახდა, რომლის 45%-იანი წილის მფლობელი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არხი პატარკაციშვილების ოჯახს სიმბოლურ ფასად წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე დაუბრუნდა.

TVMR საქართველოს მონაცემებით, იმედი სატელევიზიო რეიტინგებში მეორე ადგილზეა, ხოლო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, ის სარეკლამო ბაზრის 30,1%-ს ფლობს.

2012 წლის 5 ნოემბერი - დღემდე - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ინა გუდავაძე, რუსეთის ფედერაცია 100%

2012 წლის 19 ოქტომბერი - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ჯოზეფ ქეი, აშშ 10%, ინა გუდავაძე, რუსეთის ფედერაცია 90%

2012 წლის 23 თებერვალი - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ჯოზეფ ქეი 10%, გიორგი არველაძე 45%, გიორგი კორახაშვილი 30%, გიორგი მიქელაძე 15%

2011 წლის 22 ნოემბერი (3) - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ჯოზეფ ქეი 10%, გიორგი არველაძე 40%, გიორგი კორახაშვილი 35%, გიორგი მიქელაძე 15%

2011 წლის 22 ნოემბერი (2) - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ჯოზეფ ქეი 10%, უცხოური საწარმო რააქ ჯორჯია ჰოლდინგი, პანამა 35%, გიორგი არველაძე 40%, გიორგი მიქელაძე 15%

2011 წლის 22 ნოემბერი (1) – შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - ჯოზეფ ქეი 10%, უცხოური საწარმო რააქ ჯორჯია ჰოლდინგი, პანამა 75%, გიორგი მიქელაძე 15%

2009-2011 წლები - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ - რააქ ჯორჯია ჰოლდინგი (Raak Georgia Holding S.A.) 90%, ჯოზეფ ქეი 10%  

2009 წლის 27 აგვისტო - დღემდე - შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ 100%

2007 წლის 13 ნოემბერი - „ნიუს კორპ ეუროპა ინქ“-სთვის შპს „ტელეიმედის“ 100% წილის მართვის უფლებით გადაცემა (2008 წლის 31 ოქტომბრამდე)

2004 წლის 30 დეკემბერი - შპს „ტელეიმედი“-სა და შპს „ანალიტიკოსი“-ს შერწყმა.

2002 წლის 28 მაისი - შპს „ტელეიმედი“-ს დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით შპს „ტელეიმედ“-ს შეერწყა (მიერთება) შპს „ატვ“(100%-იანი დამფუძნებელი პარტნიორია შპს „ტელეიმედი“).

2001 წლის 24 დეკემბერი - სს „ი-მედია“ 100%

წელი მთლიანი შემოსავალი GNCC-ის მიხედვითსაბიუჯეტო შემოსავალი
201525 148 484 ლარი1 631 048 ლარი
2016 639 724 ლარი

 

2015 წლის 29 აგვისტოს, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დროებით შეჩერებისა და განახლებული ფორმატის მაყურებლისთვის 2016 წელს შეთავაზების შესახებ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა გადაცემების „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომერციულად მომგებიანი გადაცემების სატელევიზიო სეზონის დასაწყისში, არჩევნებამდე 1 წლით ადრე შეჩერება ეჭვს ბადებდა. სარედაქციო ჯგუფი და გადაცემის წამყვანი ინგა გრიგოლია ტელეკომპანიის გადაწყვეტილებას პოლიტიკური გავლენის შედეგად აფასებდნენ. მათ ეჭვს ისიც ამყარებდა, რომ გადაცემის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჟურნალისტებმა ტელევიზიით შეიტყვეს, ხოლო ახალი საშემოდგომო სეზონისთვის გადაცემის განახლებული ანონსი ტელეკომპანიას ჩაწერილი ჰქონდა.

ტელეკომპანია „იმედმა“ საპასუხო განცხადებაში ჟურნალისტების შეფასებებს საფუძველს მოკლებული უწოდა.

სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხელისუფლების ჩარევაზე ინგა გრიგოლია გადაცემის დახურვამდეც საუბრობდა. 2015 წლის მარტში მან საჯაროდ განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ რედაქციას მოსთხოვა, თოქ-შოუ „რეაქციაში“ ოპოზიციური პარტიის - ნაციონალური მოძრაობის მიერ 21 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციის თემა არ გაეშუქებინა. 

რუსთავი 2-თან “იმედის” თოქ-შოურების დახურვის კომენტირებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ აღნიშნა, რომ გადაცემის წამყვანები არაერთხელ გააფრთხილეს და რომ არაობიექტურობა არავის ეპატიებოდა.

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: “არხი გადავიდა ამ ხელისუფლების  მარტო კრიტიკაზე, ლანძღვაზე, მე ვიტყოდი და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რაღაც ზომები უნდა მიეღოთ. არაერთხელ იყო გაფრთხილება მაგათი, იყოთ ობიექტურები, მეც არაერთხელ მითქვამს. ასეთი არაობიექტურობა არავის ეპატიება”.

 

ინგა გრიგოლიამ ასევე განაცხადა, რომ მისი გადაცემების “იმედზე” დახურვა ირაკლი რუხაძეს უკავშირდებოდა, რომლის სახელი მაესტროს საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაშიც ფიგურირებს და რომელიც პატარკაციშვილების ოჯახის ბიზნესს განკკარგავს.

ტელეიმედის დახურვას განცხადებით გამოეხმაურა 10 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეუძლებელია ლოგიკურად აიხსნას მაღალრეიტინგული და კომერციულად მომგებიანი გადაცემების დახურვა. ისინი მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას „ყურადღება მიექცეს საქართველოში ავტორიტარიზმის მზარდ გამოვლინებებს“.

სატელევიზიო რეიტინგების გამზაომავი კომპანია TVMR საქართველოს მონაცემებით, 2015 წლის რეიტინგებში თოქ-შოუ “რეაქცია” წლის 10 საუკეთესო გადაცემას შორის მოხვდა.