საქართველო, ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, N45
032 2500222
ფორმულა
ტელეკომპანია "ფორმულა" საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა. “ფორმულა კრეატივის” გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს გადაეცა და არხის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, “რუსთავი 2” თანამშრომლების ნაწილმა არხი დატოვა და ზოგი "ფორმულას", ხოლო ნაწილი “მთავარ არხს” შეუერთდა. თავდაპირველად, კომპანიის 25%-იან წილებს მიხეილ მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზურაბ გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა ფლობდნენ, 2019 წლის სექტემბერში კი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი გახდა. კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რასაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.
ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. არხი საერთო ტელემაუწყებლობის ავტორიზაციას ფლობს. არხი დოტაციური და ძირითადად მფლობელის შემოწირულობების ხარჯზე ფუნქციონირებს.
2023 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც BBC-მ ე.წ. ქოლ-ცენტრების გლობალური თაღლითური სქემის საქმიანობა დავით კეზერაშვილს დაუკავშირა, მან ტელეკომპანია “ფორმულას” საკონტროლო პაკეტზე უარი თქვა და წილის ნახევარი ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას" გადასცა, რომელიც "ფორმულას" თანამშრომლებისგან შემდგარ გუნდს აერთიანებს. უახლესი განახლების მიხედვით, ა(ა)იპ “თავისუფლების ფორმულა” კომპანიის წილის 25%-ს ფლობს, კეზერაშვილი კი 26%-ს. 2023 წლის აგვისტოში არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში ჩნდება ინფორმაცია "ფორმულას" სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც არხის თანამშრომლები (სოფიო ბრიტანჩუკი, ნინო ჟიჟილაშვილი, ირაკლი საღინაძე, მიხეილ მშვილდაძე და გიორგი ლიფონავა) ფიგურირებენ.
ტელეკომპანია “ფორმულა” მმართველი პარტიისა და მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკა ატარებს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის კაბინეტის წევრები და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არხს ბოიკოტს უცხადებენ და პირდაპირ ეთერში არ ერთვებიან.
“ფორმულას” ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობის გამო თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარან. ამ მიმართულებით საგულისხმოა ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვების წამყვან ვახო სანაიაზე 2021 წელს და “ფორმულას” დამფუძნებელ და წამყვან მიხეილ მშვილდაძეზე 2023 წელს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ფაქტებს მედიის თავისუფლების ჩახშობისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობად აფასებენ.
2023 წლის 27 ივლისი - დირექტორი - ზურაბ გუმბარიძე; მიხეილ მშვილდაძე - 12,25%; ირაკლი საღინაძე - 12,25% ; ზურაბ გუმბარიძე - 12,25%; გიორგი ლიფონავა - 12,25%; დავით კეზერაშვილი - 26%; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "თავისუფლების ფორმულა" - 25%;
2019 წლის 3 სექტემბერი- დავით კეზერაშვილი -51 %, მიხეილ მშვილდაძე-12.25%, ირაკლი საღინაძე-12.25%, ზურაბ გუმბარიძე-12.25% და გიორგი ლიფონავა-12.25%.
“ფორმულას” 2022 წლის შემოსავალი 35 675 920,17 ლარს შეადგენდა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი სხვა არასამაუწყებლო შემოსავლის ნაწილზე მოდის. ამას გარდა, 2022 წლის პირველ კვარტალში “ფორმულამ” რეკლამიდან 1 091 825,66 ლარი მიიღო, მეორე კვარტალში კომერციული რეკლამიდან 1 012 798,76 ლარი, მესამე კვარტალში - 564 122,75, მეოთხეში კი 954 669,69.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის მიხედვით, “ფორმულა” ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხია, განსაკუთრებით კრიტიკულად კი იგი ბიძინა ივანიშვილსა და მმართველი პარტიის საქმიანობას აშუქებს.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში
ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით
(info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი
მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ
აქ.