მედია პროფილები

ნოდარ ბოხუას ქუჩა #8, თბილისი

032 281 00 88

პოს ტვ (POS TV)

PosTV-მ სატელევიზიო მაუწყებლობა 2019 წლის 25 ნოემბრიდან დაიწყო, მანამდე ის მხოლოდ ონლაინ მაუწყებლობდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „პოსტვ"-ის საერთო მაუწყებლობის ავტორიზაციაზე გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ნოემბერს მიიღო. 

შპს “პოსტვ” საჯარო რეესტრში 2017 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა და მისი თავდაპირველი მესაკუთრეები ნუგზარ რუხაძე (20%), ზაზა შათირიშვილი (20%), ზვიად ბლიაძე (20%), შალვა რამიშვილი (20%) და შპს “სვოტ პროდაქშენი” (20%) იყვნენ. 2022 წლიდან კი არხის საკონტროლო პაკეტის (52%) მფლობელი “ხალხის ძალის” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე გახდა, რომელიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” სატელიტი ორგანიზაციაა.

ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე 2022 წლის ოქტომბერში არხის იმჟამინდელი მესაკუთრეების: ნუგზარ რუხაძის, ზვიად ბლიაძის, ანა შენგელიას და ვახტანგ კომახიძისგან წილების (ჯამში 48%) სრულად, ხოლო ჭარელაშვილის 28%-დან 4%-ის შესყიდვის შედეგად გახდა. ტელეკომპანიის წილების დარჩენილ 48%-ს შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი თანაბრად  ინაწილებენ. ეს უკანასკნელი ამავდროულად, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე შპს „42 პარალელის“ 10%-იანი წილის მფლობელია. 

ჯაფარიძე საქართველოს მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ბოლო სამი მოწვევის პარლამენტში ის “ქართული ოცნების” სიით მოხვდა. საჯარო რეესტრისთვის ტელეკომპანიის წილების გადაფორმების მოთხოვნიდან მეორე დღეს ის მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა, რასაც  "პოსტვ"-ის განცხადება მოჰყვა, რომ ტელევიზია მოძრაობა “ხალხის ძალის” მედიაპლატფორმა იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონით, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.

“ხალხის ძალა” “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა 2022 წლის აგვისტოში, მმართველი პარტიის პოზიციების რადიკალური ფორმით გახმოვანების მიზნით, დაფუძნდა. "ხალხის ძალა", რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში დღემდე რჩება, “ქართული ოცნების” მსგავსად, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, რა დროსაც ომის შიშებით ინსტრუმენტალიზაციას ხშირად იყენებს.

ჯაფარიძე, “ხალხის ძალის” სხვა წარმომადგენლებთან ერთად, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის  ავტორი იყო, რომელსაც მისი რეპრესიული ბუნების გამო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებენ

“პოსტვ” წლებია სახელისუფლებო პროპაგანდისტული არხია. სხვა სახელისუფლებო მედიებთან და ფეისბუქ გვერდებთან ერთად, არხი ყოფილი სახალხო დამცველის, ჟურნალისტების და ხელისუფლების ოპონენტთა არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაშიც ყოფილა ჩართული. ამასთანავე, მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ”მითების დეტექტორს” არაერთხელ გამოუვლენია.

აღსანიშნავია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე განხორციელებულ ვანდალურ აქტებს, როცა უცნობი ნიღბიანი პირები ღამით ოფისებზე წარწერებს აკეთებდნენ და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აგენტებად აცხადებდნენ, “პოსტვ”-ის გადამღები ჯგუფი ნიღბიან პირებთან ერთად აქტიურად აშუქებდა.  (1,2,3,4,5).

ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის გამო, “პოსტვ”-დან მსახიობი ანა ამილახვარი გაათავისუფლეს. ამასთან, არხზე შეიცვალნენ “დღის პოსტის” წამყვანები. ირმა სოხაძის განცხადებით, მან არხი საკუთარი სურვილით დატოვა, მანუ მურღულია კი გაუშვეს. იქამდე, სოხაძემ ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო კომენტარი გააკეთა. 

ბოლო წლებში არხის როგორც კომერციული, ასევე საბიუჯეტო კონტრაქტებით მიღებული თანხები გაიზარდა

 

2022 წლის 4 ოქტომბერი - შალვა რამიშვილი - 24%; თემურ ჭარელაშვილი - 24%; ვიქტორ ჯაფარიძე - 52%; დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - ნუგზარ რუხაძე; აღმასრულებელი დირექტორი - თემურ ჭარელაშვილი;

2019 წლის 14 ნოემბერი - ნუგზარ რუხაძე - 16%; ზვიად ბლიაძე - 16%; შალვა რამიშვილი - 24%; ანა შენგელია - 8%; ვახტანგ კომახიძე - 8%; თემურ ჭარელაშვილი - 28%; დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - ნუგზარ რუხაძე; აღმასრულებელი დირექტორი - თემურ ჭარელაშვილი;

2018 წლის 21 აგვისტო - ნუგზარ რუხაძე - 16%; ზვიად ბლიაძე - 16%; შალვა რამიშვილი - 24%; შპს “სვოტ პროდაქშენი” - 20%; ანა შენგელია - 8%; ვახტანგ კომახიძე - 16%; დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - ნუგზარ რუხაძე; აღმასრულებელი დირექტორი - თემურ ჭარელაშვილი;

2018 წლის 4 აპრილი - ნუგზარ რუხაძე - 16%; ზვიად ბლიაძე - 16%; შალვა რამიშვილი - 16%; შპს “სვოტ პროდაქშენი” - 20%; ლაშა ნაცვლიშვილი - 16%; ანა შენგელია - 8%; ვახტანგ კომახიძე - 8%; დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - ნუგზარ რუხაძე; აღმასრულებელი დირექტორი - ლაშა ნაცვლიშვილი; 

2017 წლის 11 სექტემბერი - ნუგზარ რუხაძე - 16%; ზაზა შათირიშვილი - 16%; ზვიად ბლიაძე -16%; შალვა რამიშვილი - 16%; შპს სვოტ პროდაქშენი - 20%; ლაშა ნაცვლიშვილი - 16%; დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - ნუგზარ რუხაძე; აღმასრულებელი დირექტორი -  ლაშა ნაცვლიშვილი;

2017 წლის 21 ივნისი - ნუგზარ რუხაძე - 20%; ზაზა შათირიშვილი - 20%; ზვიად ბლიაძე - 20%; შალვა რამიშვილი - 20%; შპს “სვოტ პროდაქშენი” - 20%; დირექტორი - ნუგზარ რუხაძე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემების თანახმად, "პოსტვ"-ის შემოსავალი 2023 წელს 7,419,929  ლარს შეადგენდა. არხთან კონტრაქტებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიც აფორმებენ. 2022 წელს "პოსტვ"-მ ბიუჯეტიდან 47 211 ლარის კონტრაქტი მიიღო, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. 

წელიმთლიანი შემოსავალი GNCC-ის მონაცემებითმთლიანი შემოსავალი GNCC-ის მონაცემებით (სესხი და სხვა ტიპის არასამაუწყებლო შემოსავალი)საბიუჯეტო შემოსავლები
20237,419,929

7,420,014

განახლდება
2022

4,924,658

5,058,697

47 211

2021

5,159,194

5,219,194

16 917

2020

1,680,440

1,680,440

13 030

201932,542.3732,542.37-

 

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის მიხედვით, "პოსტვ" პროსახელისუფლებო ტელეარხია და “ქართული ოცნებას” მუდმივად დადებით კონტექსტში  წარმოაჩენდა, ხოლო ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდა. კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ "პოსტვ-ის” ეთერში ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის შესახებ კრიტიკული რეპორტაჟები ფაქტობრივად არ გადიოდა, ოპოზიციას კი ძირითადად “რადიკალებად” მოიხსენიებდნენ. 

"პოსტვ", სხვა სახელისუფლებო მედიებთან და ფეისბუქ გვერდებთან ერთად, არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაში იყო ჩართული, მათ შორის "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, აქციის “შინ ევროპისკენ”, ლევან ბერძენიშვილის და სხვათა წინააღმდეგ.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.