წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში ღვარცოფმა 33 ადამიანი იმსხვერპლა. “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც ტრაგედიას ადგილიდან აშუქებდა და პასუხისმგებელ უწყებების საქმიანობაზე კრიტიკულ მასალებს ამზადებდა, ხელისუფლების თავდასხმების სამიზნე გახდა. მედიამ 4 აგვისტოს ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას იქ მყოფი საჯარო მოხელეები მთივლიშვილს. "მთის ამბები"აღნიშნავს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით ამბროლაურის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ელიზბარ კობახიძე აქტიურობდა.
5 აგვისტოს “მთის ამბებმა” გაავრცელა ფოტო, სადაც აღბეჭდილი იყო სტიქიის ზონაში დაკარგული შვილის მოსაძებნად მისული მამა, რომელიც უყურებდა, თუ როგორ საუბრობდნენ ხელისუფლების წარმომდგენლები ერთმანეთთან. მედია აღნიშნავდა, რომ დაკარგულის მამა პასუხს ელოდა, თუმცა მასთან სასაუბროდ არავინ მისულა.
აღნიშნულ პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც სხვებთან ერთად აღბეჭდილია სურათზე, დააკომენტარა, რომ იმედი ჰქონდა მედია ფოტოს წაშლიდა, რადგან სწორედ ამ კადრის გადაღებამდე ბევრი ისაუბრა აღნიშნულ ადამიანთან.
პაპუაშვილმა კომენტარის დაწერის შემდეგ, 14 სექტემბერს მთივლიშვილს “თვითგამოცხადებული ჟურნალისტი” უწოდა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი “მთის ამბების” რედაქტორზე თქვა, რომ ის “სამარცხვინო კაცია” და მას არ აქვს კავშირი მედიასა და ჟურნალისტიკასთან.