2016 წლის 12 აპრილს საინფორმაციო პორტალმა news.ge-მ ელექტრონული ფოსტით სექსუალური ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები მიიღო, რომელიც რედაქციის ცნობით, 2 საჯარო პირს შეეხებოდა.
12 აპრილს "ტაბულას" დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთ ჟურნალისტს ფეისბუქზე ლინკი გაუგზავნეს და მიწერეს, რომ ვიდეო "მის უფროსს" და გადაცემა "მძიმე კაცის" წამყვანს, დავით კოვზირიძეს შეეხებოდა. 14 აპრილს ტელეკომპანია ტაბულას გადაცემის “მძიმე კაცთან” წამყვანმა დავით კოვზირიძემ ფეისბუკში გამოაქვეყნა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და სამართალდამცავი ორგანოების სახელზე და აღნიშნული ვიდეო ფაბრიკაციის ფაქტის შესწავლა მოითხოვა. კოვზირიძის განცხადებით, გავრცელებულ პორნო კადრებში მისი საავტორო გადაცემის "მძიმე კაცთან" ქუდია გამოყენებული, ხოლო მონტაჟი ისეა გაკეთებული, რომ ერთ-ერთი მონაწილე მაქსიმალურად დაემსგავსოს მას. "ტაბულას" არცერთი ჟურნალისტი, რომლის შესახებაც ვიდეოში იყო საუბარი მასალის ავთენტურობას არ ადასტურებს.
მასალას თან ახლდა მუქარა, რომ თუ ხალხისთვის ტვინის გამოლაყებას არ შეწყვეტდნენ, იმას მიიღებდნენ, რაც უნდოდათ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია სუხიაშვილმა მედიის განვითარების ფონდთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ტაბულას" ჟურნალისტების შესახებ კადრების გავრცელების გამო ცალკე გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა 12 აპრილს გავრცელებული მასალის შესახებ გამოძიება 1 თვის წინ ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის ფარგლებში მიმდინარეობს. დავით კოვზირიძის ცნობით, 18 აპრილს მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და საქმეზე ინტენსიური მუშაობის შესახებ შეატყობინეს.
აღნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა 14 მარტს ინტერნეტში ტელეკომპანია “პირველის” წამყვანის ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარისა და შანტაჟის შემცველი გზავნილის გავრცელება, რომ თუ 31 მარტამდე თანამდებობიდან არ გადადგებოდა, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მასაც გამოუქვეყნებდნენ.