მედია საქმეები

19 ივნისი, 2016 თავდასხმა "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე

19 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ელენე ფირცხალაიშვილსა და ოპერატორ გიორგი ცანავას შეურაცხყოფა მიაყენეს. საპარლამენტო უმცირესო...

19 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ელენე ფირცხალაიშვილსა და ოპერატორ გიორგი ცანავას შეურაცხყოფა მიაყენეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრთან ინტერვიუს დროს უცნობმა პირმა გადამღებ ჯგუფს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რუსთავი 2-ის ოპერატორს - ფიზიკური.

მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით,  უცხო პირმა რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა გადაღების დასრულების შემდეგ მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა. შსს განმარტებით, რუსთავი 2-ის ოპერატორი უცხო პირს დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

 

 

სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით რუსთავის 2-ის ოპერატორი და ინციდენტში მონაწილე მეორე პირი გამოკითხეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. შსს-მ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეში რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი დაზარალებულად არ უცვნიათ.

1 ივნისი, 2016 “ბიზნესკონტაქტის” და “საქმიანი დილის” დახურვა მაესტროზე

ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა 2016 წლის პირველი ივნისიდან გადაცემების - „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილისა“ და „ანალიტიკას“ ავტორასა და მენეჯერს გიორგი ისაკაძ...

ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა 2016 წლის პირველი ივნისიდან გადაცემების - „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილისა“ და „ანალიტიკას“ ავტორასა და მენეჯერს გიორგი ისაკაძეს შრომითი ხელშეკრულება გაუწყვიტა. თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ მენეჯმენტის გადაწყვეტილება ისაკაძემ 30 მაიის მიიღო. ისაკაძის გათავისუფლების მიზეზად „მაესტრომ“ გადაცემების ავტორისა და მენეჯერის მენეჯმენტთან შეუთავსებელი პოზიციები დაასახელა.

ისაკაძის გათავისუფლებიდან მეორე დღეს, 2 ივნისს „მაესტრომ“ შრომითი ურთიერთობა „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ 4 თანამშრომელს - თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს შეუჩერა. ამ შემთხვევაში მიზეზად კონკურენტი არხის ტელეკომოანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა “არჩევანში” მონაწილობა დასახელდა.  გადაცემა “არჩევანი” რუსთავი 2-ის მიმდინარე სასამართლო დავას შეეხებოდა, რომლის სტუმრები არხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ.

„ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ 4 თანამშრომელთან თანამშრომლობის შეჩერებიდან რამდენიმე საათში არხის მენეჯმენტმა იგივე გადაწყვეტილება ამავე გადაცემების 32 თანამშრომლის მიმართ მიიღო. ამ შემთხვევაშიც, ზურაბ ნაყეურმა გადაწყვეტილება ტელევიზიის თანამშრომლების ქმედებას დაუკავშირა. მისი განცხადებით, უცნობია გუნდის წევრების პოზიცია სტუდია მაესტროსთან შრომითი უფლებების გაგრძელების შესახებ, რის გამოც მათთან თანამშრომლობა დროებით შეაჩერა.

ჟურნალისტებისა და პროდიუსერების შრომითი უფლებების დაცვას სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო  და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ახდენენ. 

2 ივნიის „მედიის განვითარების ფონდმა“ „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ 4 თანამშრომელისთვის ხელშეკრულების შეჩერება გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვად შეაფასა.

3 ივნისს კი, ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, საზოგადოება და ბანკებმა, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციამ, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციამ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა  ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის გაწყვეტისა თუ შეჩერების შესახებ უარყოფითად აისახება არხზე მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მოტივაციაზე. 

22 მაისი, 2016 კორცხელში საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე თავდასხმის დროს, საარჩევნო უბანზე მომუ...

22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე თავდასხმის დროს, საარჩევნო უბანზე მომუშავე Livepress-ის, Ipress-ის და ტელერადიოკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. 23 მაისის მდგომარეობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა Ipress-ის ჟურნალისტი ირმა მესხია, ხოლო Livepress-ის ჟურნალისტი თამარ ზანთარაია დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით (სსკ მუხლი 154) ამ ეტაპზე გამოძიება არ არის დაწყებული.

Ipress-ის ინციდენტი

ინტერნეტ გამოცემა Ipress-ის ცნობით, 22 მაისს, კორცხელში მომხდარი დაპირისპირების შემდგომ, სოფელ რუხში მდებარე რესტორან “არგოში” Ipress-ის ჟურნალისტს ირმა მესხიას იმ სპორტსმენებმა, რომლებიც კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, გადაადგილების შესაძლებლობა ნახევარი საათის განმავლობაში შეუზღუდეს და რესტორნის შენობაში გადაღებული ფოტომასალის წაშლას ითხოვდნენ. ირმა მესხიამ MDF-ს განუცხადა, რომ მას წაართვეს კუთვნილი ტელეფონი, საიდანაც ყველა აუდიო ჩანაწერი და ფოტო მასალა წაუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მის მიმართ მუქარა განახორციელეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით Ipress-ის რედაქციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მანქანების ნომრები მიაწოდა, რომლითაც აღნიშნული პირები გადაადგილდებოდნენ.

Livepress-ის ინციდენტი

Livepress-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ჟურნალისტებს უცნობი პირები გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ და ვიდეო კამერებს ხელით უფარავდნენ. Livepress-ის მთავარი რედაქტორის გერონტი ყალიჩავას ცნობით, ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ყალიჩავას თქმით, ჟურნალისტების შეურაცხყოფაზე პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც იქვე იყვნენ, რეაგირება არ მოუხდენიათ.

ტელერადიოკომპანია “ოდიშის”  ინციდენტი

ტელერადიოკომპანია “ოდიშის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნანა ქობალიამ MDF-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ კორცხელის საარჩევნო უბანთან დაპირისპირების დროს მოძალადეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ნანა ქობალიასთან ერთად, კორცხელის საარჩევნო უბანზე მუშაობდნენ ჟურნალისტი ლევან კალანდია და ოპერატორი ზვიად აბლოთია. ოპერატორი ინციდენტის შედეგად ფიზიკურად დაშავდა - მას  “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა თავში ესროლეს წყლით სავსე ბოთლი და ქვა დაუშინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ნატო ბერძენიშვილის განცხადებით, კორცხელში, საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას დასჯადად აცხადებს.

მუხლი 125: “1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-მუხლით გათვალისწინებული შედეგი [ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება], ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.”

MDF-ის შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება სსკ-ს 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევას შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნატო ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ცემის მუხლით (125) მიმდინარეობს, თუმცა ექპერტიზის ჩატარებისა და მოწმეების დაკითხვის შემდეგ, შესაძლოა საქმეში ახალი კვალიფიკაცია გაჩნდეს.

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. სსკ-ს 154-ე მუხლის მიხედვით, ისჯება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. ამ ქმედების დამამძიმებელი გარემოებაა, ძალადობის მუქარა ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე (ცემა) მუხლით დაიწყო. გამოძიება გრძელდება, თუმცა აღმკვეთის ღონისძიება 6 პირის მიმართ იქნა გამოყენებული და ბრალი 239-ე მუხლით (ხულიგნობა) წაეყენათ. ამ ნორმის მიხედვით, ქმედებას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე კანონით თავისუფლების აღკვეთაა 4-დან 7 წლამდეა გათვალისწინებული.

 

 

11 მაისი, 2016 ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი წამყვანი არხის მენეჯმენტს ზეწოლაში ადანაშაულებს

 22 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოლიტიკის” ყოფილმა წამყვანმა შალვა რამიშვილმა  პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ 5 აპრილს მისი სამსახურიდან გათავისუფლება არხის გ...

 

22 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოლიტიკის” ყოფილმა წამყვანმა შალვა რამიშვილმა  პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ 5 აპრილს მისი სამსახურიდან გათავისუფლება არხის გენერალური დირექტორის გიორგი ბახტაძის მხრიდან მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას და მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდებოდა. ჟურნალისტის განცხადება შეეხებოდა 2015 წლის დეკემბერში “პოლიტიკაში” მოსამართლე ლევან მურუსიძის მონაწილეობას და  გადაცემისთვის რესპონდენტების შერჩევის საკითხს.

მტკიცებულებად, რომ გენერალური დირექტორი მასზე ახორციელებდა ზეწოლას,  ლევან მურუსიძის სურვილის შესაბამისად გადაცემაში  იუსტიციის საბჭოს ის წევრები მიეწვია, ვინც მის მიმართ კრიტიკულად არ იქნებოდნენ განწყობილი, შალვა რამიშვილმა მასსა და გიორგი ბახტაძეს შორის Viber-ის მიმოწერა წარუდგინა, რომელიც 2015 წლის 17-18 დეკემბრით თარიღდება.

იმავე დღეს ტელეიმედის გენერალურმა დირექტორმა Viber-ის მიმოწერის ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა მისი შინაარსი სტუმრების შერჩევის ჩვეული სარედაქციო სამუშაოთი ახსნა, ხოლო რამიშვილთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზად წამყვანის არაეთიკური საქციელის დაასახელა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შალვა რამიშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და მასზე, როგორც ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტის მიმართვის საფუძველზე,  ფაქტების სიზუსტის დადგენის მიზნით, ყველა იმ პირის დაკითხვა მოხდებოდა, ვინც რამიშვილის განცხადებაში ფიგურირებდა.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონიც.

ამ საკითხზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შალვა რამიშვილის მიმართვის საფუძველზე იმსჯელა, რომლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი, რომლის მიხედვითაც “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.”  ამავდროულად, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განხილულ საქმეში დასახელებულ გადაცემის მომზადებისას დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა და არაკეთილსინდისიერება გამოიჩინა საზოგადოების მიმართ.

შალვა რამიშვილთან ტელეკომპანია იმედმა ხელშეკრულება 2016 წლის 5 აპრილს შეწყვიტა, რის მიზეზადაც  მისი არაეთიკური ქმედება დასახელდა. იმავე დღეებში შალვა რამიშვილი ტელეკომპანიის თანამშრომელმა  თათია სამხარაძემ სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში საჯაროდ დაადანაშაულა, რასაც ის აუდიო ჩანაწერით ადასტიურებდა, რომლის ავთენტურობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომ დაადგინა. ბრალდება რამიშვილმა უარყო და ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

 

 

 

12 აპრილი, 2016 პორნო კადრების ფაბრიკაცია ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტების წინააღმდეგ

2016 წლის 12 აპრილს საინფორმაციო პორტალმა news.ge-მ ელექტრონული ფოსტით სექსუალური ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები მიიღო, რომელიც რედაქციის ცნობით, 2 საჯარო პირს შეეხებოდა.12 აპრ...

2016 წლის 12 აპრილს საინფორმაციო პორტალმა news.ge-მ ელექტრონული ფოსტით სექსუალური ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრები მიიღო, რომელიც რედაქციის ცნობით, 2 საჯარო პირს შეეხებოდა.


12 აპრილს "ტაბულას" დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთ ჟურნალისტს ფეისბუქზე ლინკი გაუგზავნეს და მიწერეს, რომ ვიდეო "მის უფროსს" და გადაცემა "მძიმე კაცის" წამყვანს, დავით კოვზირიძეს შეეხებოდა. 14 აპრილს ტელეკომპანია ტაბულას გადაცემის “მძიმე კაცთან” წამყვანმა დავით კოვზირიძემ ფეისბუკში გამოაქვეყნა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და სამართალდამცავი ორგანოების სახელზე და აღნიშნული ვიდეო ფაბრიკაციის ფაქტის შესწავლა მოითხოვა.  კოვზირიძის განცხადებით, გავრცელებულ პორნო კადრებში მისი საავტორო გადაცემის "მძიმე კაცთან" ქუდია გამოყენებული, ხოლო მონტაჟი ისეა გაკეთებული, რომ  ერთ-ერთი მონაწილე მაქსიმალურად დაემსგავსოს მას. "ტაბულას" არცერთი ჟურნალისტი, რომლის შესახებაც ვიდეოში იყო საუბარი მასალის ავთენტურობას არ ადასტურებს. 


მასალას თან ახლდა მუქარა, რომ თუ ხალხისთვის ტვინის გამოლაყებას არ შეწყვეტდნენ, იმას მიიღებდნენ, რაც უნდოდათ.


საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია სუხიაშვილმა მედიის განვითარების ფონდთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ტაბულას" ჟურნალისტების შესახებ კადრების გავრცელების გამო ცალკე გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა 12 აპრილს გავრცელებული მასალის შესახებ გამოძიება 1 თვის წინ ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის ფარგლებში მიმდინარეობს. დავით კოვზირიძის ცნობით, 18 აპრილს მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და საქმეზე ინტენსიური მუშაობის შესახებ შეატყობინეს. 


აღნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა 14 მარტს ინტერნეტში ტელეკომპანია “პირველის” წამყვანის ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარისა და შანტაჟის  შემცველი გზავნილის გავრცელება, რომ თუ 31 მარტამდე თანამდებობიდან არ გადადგებოდა, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მასაც გამოუქვეყნებდნენ. 

 დავით კოვზირიძის ცნობით, 18 აპრილს მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და საქმეზე ინტენსიური მუშაობის შესახებ შეატყობინეს. 

28 მარტი, 2016 ინციდენტი ახმეტის გამგეობის შენობაში

28 მარტს  კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მისი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის შესახებ მასალა გაავრცელა. გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ  ახმეტის მუნიციპალიტეტი...

28 მარტს  კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მისი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის შესახებ მასალა გაავრცელა. გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ  ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლუხუმ შეთეკაურმა მის სამუშაო ოთახში შესულ ჟურნალისტებს კამერის გამორთვა სთხოვა. როდესაც ჟურნალისტმა საჯარო მოხელეს განუცხადა, რომ გამგეობის შენობა საჯარო დაწესებულება იყო და მას გადაღების უფლება ჰქონდა, ლეხუმ შეთიკაურმა გადამღებ ჯგუფს  შემდეგი სიტყვეით მიმართა: „დავაი ეხლა, დაახვიეთ აქედან... მიდი, ეხლა, პროვოკატორი ხარ, ვიღაცა ხარ..."

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, "ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორს დაარტყა", თუმცა ვიდეომასალაში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი ასახული არ არის.

შეთიკაური მედიის განვითარების ფონდთან საუბრისას კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან ფიზიკურ შეხებას უარყოფს და ინციდენტის დღეს იხსენებს. მისი თქმით, მისი გადაღება ოპერატორმა მასთან შეთანხმების გარეშე მაშინ დაიწყო, როცა ჟურნალისტთან იმ საკითხს აზუსტებდა, რაზეც კომენტარის მიღება სურდათ. ის აღნიშნავს, რომ შეუთანხმებლად ჩაწერამ გააბრაზა.

ჟურნალისტი თამარ მოდებაძე ადასტურებს, რომ შეთიკაურთან ინტერვიუს ჩაწერა შეუთანხმებლად დაიწყეს. ჟურნალისტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკითხის წინასწარ შეთანხმება მოხდებოდა, შეთიკაურს შესაძლოა, კომენტარის მიცემისგან თავი შეეკავებინა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს მიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე პუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში
უკანონოდ ხელის შეშლა (იძულება), ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Pages