მედია პროფილები

▪ ს. ვარიანი, ქ. გორის რაიონი, საქართველო (იურიდიული მისამართი); ▪ გ. ცაბაძის 12, ქ. გორი, საქართველო (ფაქტობრივი მისამართი).

სეზონი TV

შპს სეზონი ტვ 2021 წლის 16 მარტს  დარეგისტრირდა, მაუწყებლობის ლიცენზია 22 აპრილს მიიღო, ხოლო მაუწყებლობა კი 15 ივნისიდან დაიწყო,  შპს სეზონი ტვ-ის მესაკუთრე და დირექტორი ინდ. მეწარმე გიორგი კანდელაკია.

მაუწყებლის მფლობელი და დირექტორი გიორგი კანდელაკი ყოფილი მოკრივეა. ის სეზონი ტვ-ის ს გარდა არაერთი ბიზნესის მესაკუთრეა. ამასთანავე, კანდელაკი საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაციის წევრი, კრივის კავშირის  პრეზიდენტი და  გორელების გაერთიანების გენერალური დირექტორია. ის სტალინის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით გამოირჩევა, რასაც ადასტურებს ის, რომ კანდელაკი საზოგადოება “გორელის” წევრი იყო, რომელმაც გორში სტალინის ძეგლის აღდგენის ინიციატივით გორის საკრებულოს არაერთხელ მიმართა. ის მოძრაობა “ერთად ძლიერი საქართველოსთვის” წევრიც გახლავთ, რომელიც ღიად საბჭოური სენტიმენტებითა და იოსებ სტალინის მხარდაჭერით გამოირჩევა. თავად კანდელაკი სტალინის ძეგლის დაბრუნებას მრავალი წელია ითხოვს, მან ამისათვის არაერთი საპროტესტო აქცია გამართა, მათ შორის, საქართველოს კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობით.

გიორგი კანდელაკმა 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობის სახით 60 000 ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატს შემოწირულობის სახით 100 000 ლარი გადასცა.  

 

 

2021 წლის 16 მარტი - გიორგი კანდელაკი - 100%; დირექტორი - გიორგი კანდელაკი.

კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისისიის 2022 წლის მონაცემების თანახმად, მაუწყებელი თითქმის მთლიანად მფლობელის დოტაციაზე იყო დამოკლიდებელი: სეზონი ტვ-ის შემოსავალი 2022 წლის ოთხივე კვარტალში შეადგენდა 42 016 ლარს, საიდანაც 41 416 ლარი მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა, ხოლო 600 ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო. ეს შემოსავალი 2021 წელთან შედარებით 36 216 ლარით გაზრდილია.

2022 წლის 28 აპრილიდან არხზე გადაცემა მიჰყავს “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელს ნიკოლოზ მჟავანაძეს, რომელიც მანამდე კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის “ალტ-ინფოსა” და “ობიექტივის” წამყვანიც იყო. ის ასევე საინფორმაციო სააგენტო “ტაონიუსის” გენერალური დირექტორიცაა. მჟავანაძე, ისევე როგორც მისი გადაცემები, კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკით და სიძულვილის ენით გამოირჩევიან. ფაქტების გადამოწმების პორტალის “მითების დეტექტორის” თანახმად, ის ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, როგორც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე, ასევე შიდა პოლიტიკურ საკითხებსა და პანდემიაზე.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.