მედია პროფილები

საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, კვარტალი VII , კორპუსი 7, ბინა 52 (იურიდიული მისამართი)

ალტ-ინფო

შპს “ალტ-ინფო” 2019 წლის იანვარში დარეგისტრირდა, მაუწყებლობის ლიცენზია კი 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. თავდაპირველად, მისი მესაკუთრეები შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია იყვნენ, თითოეული 50%-იანი წილით. შოთა მარტინენკო, ამასთანავე, დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2022 წლის მარტში მარტინენკომ თავისი 50%-იანი წილი ციალა მორგოშიას გადაუფორმა, დირექტორად კი თამარ კაჭარავა გაფორმდა. მალევე, დირექტორად და 50%-იანი წილის მფლობელად ალექსანდრე ქარდავა დაინიშნა, რომელიც კრემლისტური პარტია "კონსერავატიული მოძრაობის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი ქარდავას, ძმაა. 

“ალტ-ინფო” დოტაციურია. მისი შემოსავლის თითქმის ერთადერთ წყაროდ მფლობელის, ციალა მორგოშიას, შემოწირულობა ფიქსირდება. თავის მხრივ, ციალა მორგოშია, არაერთი ბიზნესის მეწილე და მესაკუთრეა. ის "კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას, მამიდაა. 

კონსტანტინე მორგოშია ა(ა)იპ “ალტერნატივა საქართველოსთვის” თავმჯდომარეა. “ალტერნატივა საქართველოსთვის” 2019 წელს დაფუძნდა, გამგეობის წევრები კი ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და გიორგი ქარდავა არიან. ციალა მორგოშია “ალტ-ინფოსა” და "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერ, ბლოგერ, ბაქარ იგივე ბექა ვარდოსანიძესთან ერთად შპს “დედაქალაქს” ფლობს. გარდა ამისა, ციალა მორგოშია შპს საინვესტიციო ჯგუფ “კონსტანტინეს” ფლობს, რომლის დირექტორიც, კონსტანტინე მორგოშიას ცოლი, ნინო გოზალიშვილია. თავის მხრივ, 2016 წელს გოზალიშვილმა კრემლისტური პარტია “პატრიოტთა ალიანსისთვის” 20 000 ლარის ოდენობით შემოწირულობა ორჯერ გასცა. აგრეთვე, მის სახელთან 8 შპს და ერთი საქველმოქმედო ფონდია დაკავშირებული.

“ალტ-ინფოს” კიდევ ერთი მთავარი სახე, ზურაბ მახარაძე, წარსულში მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან” იყო დაკავშირებული, რაზეც არაერთი გარემოება მიუთითებს. კერძოდ, მახარაძე სახელისუფლებო არხ POSTV-ზე გადაცემებს ამზადებდა, ასევე აქვეყნებდა სტატიებს “ქართულ ოცნების” მემარცხენე ფრთასთან დაკავშირებულ პლატფორმაზე “European.ge.” ამასთანავე, "ქართული ოცნების" ფეისბუკ-გვერდზე მახარაძისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი ფოტოც იძებნება. 

“ალტ-ინფო” ღიად კრემლისტური და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. არხის წამყვანები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ “ალტ-ინფოს” დამფუძნებლები და წამყვანები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორთა შორის იყვნენ, რა დროსაც ისინი ძალადობრივ აქციას ინფორმაციულ-იდეოლოგიურ მხარდაჭერას უწევდნენ. 

“ალტ-ინფოს” ლიდერებმა 2021 წლის ნოემბერში პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნეს, რა დროსაც პარტიის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ, რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. 

“კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერებს 2022 წელს ხანგრძლივი ვიზიტიც ჰქონდათ რუსეთში, სადაც ისინი მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. 2022 წლის ოქტომბერში კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ ბიზნესაქტივობით რუსეთში გადადიოდა, თუმცა “ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” დაფინანსების შეწყვეტას არ აპირებდა. 

2023 წლის 22 სექტემბერს “კონსერვატიული პარტიისა” და "ალტ-ინფოს" ლიდერებმა “ანტიმაიდანის ჩამოყალიბება”დააანონსეს. შოთა მარტინენკოს განცხადებით, პარტია “საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალებისა და მაიდანის მოწყობის აღსაკვეთად” რაზმების, ჯგუფების, მოხალისეების მობილიზებას დაიწყებს.

2022 წლის 11 აპრილი - ციალა მორგოშია - 50%; ალექსანდრე ქარდავა - 50%; დირექტორი - ალექსანდრე ქარდავა:

2022 წლის 24 მარტი - ციალა მორგოშია - 100%; დირექტორი - თამარ კაჭარავა; 

2019 წლის 28 იანვარი - შოთა მარტინენკო - 50%; ციალა მორგოშია - 50%; დირექტორი - შოთა მარტინენკო;

 

2022 წლის მანძილზე “ალტ-ინფოს” შემოსავალმა 984 887,65 ლარი შეადგინა. ოთხივე კვარტალში შემოსავლის თითქმის ერთადერთ წყაროდ მაუწყებლის მფლობელის, ამ შემთხვევაში ციალა მორგოშიას შემოწირულობა ფიქსირდება. “ალტ-ინფოს” რეკლამა 2022 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში ჰქონდა, რაც სრული შემოსავლიდან 2 127,65 ლარს შეადგენდა.

“ალტ-ინფოს” სარედაქციო პოლიტიკა ღიად ღიად პრორუსული და ანტიდასავლურია, რაც 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიო გახდა. “ალტ-ინფო” აგრესიას პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის აუცილებელ იარაღად აცხადებდა და მოქალაქეებს ევროკავშირის დროშების დაწვისკენ მოუწოდებდა

“ალტ-ინფოს” ეთერში ხშირად ჩნდებოდა კრემლის მთავარი იდეოლოგი, ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი, ალექსანდრ დუგინი. 

ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორის” მიხედვით, “ალტ-ინფოს” წამყვანები რეგულარულად ავრცელებენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას, “ალტ-ინფოს” წამყვანები მკვეთრად რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.