2022 წლის 22 ივნისი - ირინე მუჯირი - 100%, დირექტორი - თინათინ ხორბალაძე;
2021 წლის 28 ოქტომბერი - ლევან ვასაძე - 100%, დირექტორი - თინათინ ხორბალაძე.
სარაჯიშვილის გამზირი #12, ქ. თბილისი, საქართველო (ფაქტობრივი); მთაწმინდის რაიონი, ზ. ჟვანიას ქუჩა, N7, ბინა 18, ქ. თბილისი, საქართველო (იურიდიული).
+995 577 12 20 30
შპს ე.რ.ი. მედია ჯგუფი 2021 წლის 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა. თავდაპირველად შპს-ის 100%-იანი წილის მფლობელი რადიკალურ-ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე იყო, ამჟამად კი ტელევიზიის 100%-იანი წილი მფლობელი ვასაძის ნათესავი ირინე მუჯირია. 2022 წლის 28 ოქტომბერს ერი მედია-მ საერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო.
ლევან ვასაძეს რუსეთთან და რუსეთის ეკლესიასთან მჭიდრო კავშირები აქვს. 2021 წლის 6 მაისს მან საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” დააფუძნა და აცხადებდა, რომ გაერთიანებას მომავალში პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნიდა.
ვასაძე თბილისი პრაიდის წინააღმდეგ ძალადობრივი კონტრაქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ამასთანავე, ის საქართველოში ქრისტიანულ-ევანგელისტური ორგანიზაცია მსოფლიო საოჯახო კონგრესის (WCF) წარმომადგენელია, რომელიც „ბუნებრივი ოჯახის“ დაცვის სახელით, ლგბტქ+ უფლებების გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის. ოჯახების კონგრესი ასევე დაკავშირებულია აშშ-ს მიერ ყირიმის მოვლენების გამო სანქცირებულ რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევთან, ასევე ალექსეი კომოვთან, რომელიც ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის, ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) ოფიციალური წარმომადგენელია რუსეთში და „ევრაზიანისტული მოძრაობის” ლიდერ ალექსანდრ დუგინთან. დუგინთან მჭიდრო კავშირები აქვს თავად ვასაძესაც.
ტელევიზიის ამჟამინდელი მფლობელი ირინე მუჯირი ე.რ.ი. მედია ჯგუფის გარდა, შპს კომოდუსის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. არხის გენერალური დირექტორი კი თინათინ ხორბალაძეა, რომელიც ამასთანავე, ა(ა)იპ მსოფლიო საოჯახო კონგრესის დირექტორადაც არის რეგისტრირებული.
"ერი მედია" 100 %-ით დოტაციური ტელევიზიაა და სრულად მფლობელის შემოწირულობებზეა დამოკიდებული.
განახლება [18 იანვარი, 2024]: 2024 წლის 18 იანვრის მდგომარებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალზე, რომელიც კანონით სავალდებულო მონაცემებს აქვეყნებს, განთავსებული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ე.რ.ი. მედია ჯგუფს” 2023 წლის 1 კვარტალში თანხა ორმა პირმა - ირინე მუჯირმა და ირმა ლორიამ შეწირეს. იხილეთ დაარქივებული გვერდი (https://perma.cc/F5CY-M7BX).
ჩვენ დაგვიკავშირდა “ერი მედია ჯგუფის” გენერალური დირექტორი, რომელმაც წერილობით განმარტა, რომ 2023 წელს კომისიისთვის წარდგენილ სტატისტიკურ ფორმებში მათ დაუშვეს მექანიკური შეცდომა: კერძოდ, მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობაში ირინე მუჯირის ნაცვლად ირმა ლორია მიუთითეს.
“ერი მედია ჯგუფის” წერილის თანახმად, მათ მიმართეს კომუნიკაციის კომისიას, რომელმაც ეს შეცდომა გაასწორა. აღსანიშნავია, რომ კომისიის ვებ-გვერდზე თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო ირმა მუჯირიც და ირმა ლორიაც, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სქრინზე და დაარქივებულ ბმულში ჩანს.
განახლება [24 იანვარი, 2024]: მედიის განვითარების ფონდმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებისთვის დამატებით კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას მიმართა. 24 იანვარს მოწოდებულ წერილობით განმარტებაში კომისიამ დაადასტურა, რომ “ერი მედია ჯგუფმა” არასწორად შეავსო დაფინანსების შესახებ კანონით სავალდებულო ინფორმაცია, რაც მათი მხრიდან შეტყობინების შემდეგ, კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე დაკორექტირდა.
კომისიის წერილში, რომელსაც მისი წევრი ვახტანგ აბაშიძე აწერს ხელს აღნიშნულია: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებული არიან კომუნიკაციების კომისიაში წარმოადგინონ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც კომისია ანალიტიკურ პორტალზე აქვეყნებს. ვადასტურებთ, რომ „ე.რ.ი. მედია ჯგუფის“ განმარტებით, მათ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში კომპანიას არასწორად ჰქონდა შევსებული და მითითებული მონაცემები, რომელიც მაუწყებელმა გაასწორა. დაკორექტირებული მონაცემი განახლებულია და საჯაროდ ხელმისაწვდომია კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე.”
2022 წლის 22 ივნისი - ირინე მუჯირი - 100%, დირექტორი - თინათინ ხორბალაძე;
2021 წლის 28 ოქტომბერი - ლევან ვასაძე - 100%, დირექტორი - თინათინ ხორბალაძე.
“ერი მედია” დოტაციური ტელევიზიაა. 2022 წელს შემოსავლების 100%-ს "ერი მედიის" მფლობელის, ლევან ვასაძის ნათესავის, ირინე მუჯირისა და ტელეკომპანიის დირექტორის, თინათინ ხორბალაძის შემოწირულობებია. 2022 წელს ტელეკომპანიამ შემოწირულობების სახით 284 325 ლარის შემოსავალი მიიღო.
წელი/კვარტალი | შემომწირველი | შემოწირულობის რაოდენობა |
2022 (III კვარტალი) | ირინე მუჯირი, მფლობელი თინათინ ხორაბალაძე, დირექტორი | 158 709 ლარი 63 416 ლარი |
2022 (IV კვარტალი) | ირინე მუჯირი, მფლობელი | 62 000 ლარი |
2023 (I კვარტალი) | ირინე მუჯირი, მფლობელი განახლება: კომინიკაციის კომისიამ ჩაასწორა მონაცემები და ამჟამად ირმა ლორია “ერი მედია ჯგუფის” შემომწირველებში აღარ იძებნება. მედიის განვითარების ფონდისთვის მიწერილ წერილში “ერი მედია ჯგუფმა” განმარტა, რომ მარეგულირებელი კომისიისთვის წარდგენილ სტატისტიკურ ფორმებში მათ მექანიკური შეცდომა დაუშვეს: კერძოდ, მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობაში ირინე მუჯირის ნაცვლად ირმა ლორია მიუთითეს. | 76 550 ლარი |
2023 (II კვარტალი) | ირინე მუჯირი, მფლობელი | 88 600 ლარი |
2023 (III კვარტალი) | ირინე მუჯირი, მფლობელი | 35 900 ლარი |
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალის გვერდის არქივის ბმული
“ერი მედიის” ეთერში ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები არაერთხელ გავრცელებულა. ფაქტების გადამოწმების პორტალმა “მითების დეტექტორი” ნატოს გაფართოების, უკრაინის და უკრაინაში რუსეთის 2014 წლის ინტერვენციის შესახებ ლევან ვასაძის მიერ “ერი” მედიაში გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გამოავლინა. "მედიის განვითარების ფონდის" 2023 წლის ანგარიშში “ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართველოში” კი ამ არხზე გასული სექსისტური ენის მაგალითებიც მოხვდა.
პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.