ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და მთავრობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის გამოხატვის თავისუფლების თავის მონიტორინგი
სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლას დასჯადად აცხადებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად:
" 1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.”
როგორც მედიის განვითარების ფონდის მიერ "მთავრობის ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის” 2014-2015 წლების მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოები არასათანადო კვალიფიკაციას აძლევენ და ეფექტიანად არ იძიებენ იმ საქმეებს, სადაც ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის დანაშაულის ნიშნებიიკვეთება.
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია 2016 წელს მედიით გამოვლენილი ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ცალკეული ფაქტები, მათ შორის ცალკე არის გამოყოფილი არჩევნების დღეს გამოვლენილი ინციდენტები და მთავრობის ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის გამოხატვის თავისუფლების თავის 2015 წლის მონიტორინგის შედეგები. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია რეკომენდაციები.
ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2015 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ ამოცანად ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ცნების საკანონმდებლო ნორმის გადახედვაა მითითებული.
მიუხედავად პრაქტიკაში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზებისა, რაც ჟურნალისთტა საქმიანობის ხელის შეშლის ცნების ვიწრო განმარტებას უკავშირდება, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება არ მომხდარა.