წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგის მეთოდოლოგია
1 აპრილიდან მედიის განვითარების ფონდმა დაიწყო საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მონიტორინგი; პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიუკერძოებელ გაშუქებას და პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი გარემოს შექმნას. პროექტის სამიზნეები არიან მედია-ორგანიზაციები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა სამუშაო ფოკუსირებულია არჩევნებზე და პოლიტიკური პარტიები.
მონიტორინგის სუბიექტი მედია:
მონიტორინგის სუბიექტი მედია:
ტელევიზიების მთავარი საინფორმაციო გამოშვებები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, ტაბულა, GDS;1 ივნისიდან ასევე დაემატა ტვ ობიექტივი რომლის საინფორმაციო გამოშვება ეთერში 16 მაისიიდან გავიდა.
ონლაინ- გამოცემები: ინტერპრესნიუსი, PiA, ნეტგაზეთი, პირველი რადიო, მარშალპრესი;
1 აპრილიდან 1 ივნისამდე მონიტორინგი ხორციელდებოდა კვირის საინფორმაციო გამოშვებებზე (შაბათ-კვირის გარდა); შერეული საინფორმაციო ფორმატის შემთხვევაში (მაგალითად ტელეკომპანია GDS-ის მთავარი გამოშვება) მონიტორინგის სამიზნეა გადაცემის საინფორმაციო ნაწილი.
წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების გამო, 1 ივნისიდან მონიტორინგი ხორციელდება შაბათ-კვირის საინფორმაციო გამოშვებების ჩათვლით.
მონიტორინგის პოლიტიკური სუბიექტები: მონიტორინგის პროცესში ხდება დაკვირვება პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებაზე: კვალიფიციური და არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიცია, დამოუკიდებელი დეპუტატები; მთავრობა, პრეზიდენტი, ცესკო. დათვლა ხდება როგორც ცალკეული პარტიების, ისე კოალიციების მიხედვით. რადგან 2016 წლის აპრილში ჯერ კიდევ არ იყო დეკლარირებული კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის თაობაზე, მედია-გაშუქების მთლიან ანალიზში კოალიცია წარმოდგენილია როგორც ერთიანი სუბიექტი; თუმცა ცალკეული მედია-საშუალებების მიხედვით დათვლა მოვახდინეთ პარტიების მიხედვით. მონიტორინგის მიგნებებში ცალკე არის გამოყოფილი მთავრობა; პრეზიდენტის ინსტიტუტი. პარლამენტის და ადგვილობრივი თვითმმართველობების (საკრებულოების) წევრების მიკუთვნება ხდება იმ პარტიებისადმი, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.
მონიტორინგის ცვლადები: მონიტორინგი ხორციელდება რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდით, შემდეგი ცვლადების მიხედვით: პოლიტიკური
სუბიექტების პირდაპირი/ირიბი გაშუქება; სუბიექტების გაშუქების კონტენტის და კონტექსტის ტონი (პოზიტიური/ნეგატიურ/ნეიტრალური); გენდერული წარმომადგენლობა; სიძულვილის ენის შემთხვევები; თვისობრივ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ჟურნალისტური ეთიკის კუთხით არსებული პრობლემები, ბალანსი, ვიზუალური მანიპულაცია და სხვა.
რაოდენობრივი ანალიზი
მიმდინარე მონიტორინგის დროს იზომება:
- თითოეული პოლიტიკური აქტორისთვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა ან სივრცის მოცულობა, როგორც პირდაპირი საუბრები/ინტერვიუები, ისე ირიბი მოხსენიების რაოდენობა;
- იმ კონკრეტული დროის (ან სიტყვების) რაოდენობა, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსის შესაფასებლად იქნა გამოყენებული;
- კამპანიასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის გაშუქების რაოდენობა;
- ქალი კანდიდატების ციტირების რაოდენობა და გენდერული ბალანსი მედია გაშუქებაში.
- სიძულვილის ენა და მათი წყაროები.
სამაუწყებლო მედიაში ასევე იზომება:
- თითოეული პოლიტიკური სუბიექტის შესახებ მომზადებული სიუჟეტის მთლიანი დრო წამებში;
- მთლიანი დრო წამებში, როდესაც კანდიდატი/პარტია ჩნდება ეკრანზე და საუბრობს; (პირდაპირი გაშუქება)
- დრო წამებში, როდესაც კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის გამოსახულება ჩნდება ეკრანზე საუბრის გარეშე (მაგალითად, მაშინაც კი, როდესაც პოლიტიკური სუბიექტი შესაძლოა არც წარმოადგენდეს მოვლენათა საკუთარ ვერსიას, თუმცა მაინც ჩანს ეკრანზე) (ირიბი გაშუქება)
- დრო წამებში, როდესაც კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის ხმა ისმის (მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიდეოჩანაწერი ან ფოტო არ ჩანს). (ირიბი გაშუქება)
თვისობრივი ანალიზი
- მონიტორები აფასებენ გაშუქების კონტექსტის და კონტენტის ტონს.
- მონიტორინგის დროს ხდება ჰედლაინების, ილუსტრაციების- სათაურების, გრაფიკული გამოსახულებების, ფოტოების, ვიდეოების გაანალიზებაც.
- მონიტორები აღრიცხავენ ცრუ ინფორმაციის, შეუსაბამობების, დაუბალანსებელი და არაეთიკური გაშუქების შემთხვევებს. აღნიშნული მონაცემები შუალედურ და საბოლოო ანგარიშებში მაგალითების სახით იქნება მოყვანილი.
პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში. მონიტორინგი მეთოდოლოგია მედიის განვითარების ფონდისთვის პროექტის პარტნიორი ჰოლანდიური ორგანიზაციის Free Press Unlimited (FPU) ის კონსულტანტმა დომინიკ ტიერმა შეიმუშავა.