ექსკლუზივნიუსის ვიდეო ფაბრიკაცია რუსულენოვან მედიაზე დაყრდნობით სანდრა რულოვსის შესახებ

24 აგვისტო, 2016 | სარედაქციო პოლიტიკა

მედიაში გამოქვეყნებული მასალები

21 აგვისტოს, საინფორმაციო- ანალიტიკურმა პორტალმა „ექსკლუზივ ნიუს“ - მა გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: „სკანდალური ვიდეო სანდრა რულოვსის საქმიანობაზე“. ვიდეოს თან ერთვოდა მოკლე აღწერა, რომ ვიდეო გავრცელებულია უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ, სადაც დეტალურად არის ასახული როგორ ვაჭრობს ადამიანის ორგანოებით სანდრა რულოვსი.

21 აგვისტოსვე, საინფორმაციო სააგენტომ Times News გამოაქვეყნა იგივე ვიდეო და სტატია სათაურით: სკანდალური ვიდეო სანდრა რულოვსზე როგორ ვაჭრობს ის ადამინის ორგანოებით (იხ. ვიდეო).

სტატიაში ნათქვამია, რომ „თანაპარტიელები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ სანდრა რულოვსი დასავლეთში ადამიანთა ორგანოების ექსპორტითაა დაკავებული. ეს ბიზნესი მან საქართველოში მისი მეუღლის პრეზიდენტობის დროს დაიწყო“.

ვიდეოს მოკლე აღწერა

ვიდეოში ჩანს ინკოგნიტო რესპონდენტი, რომელიც ზურგით ზის და აცხადებს, რომ ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. მისი თქმით, იგი ჩართული იყო ანტიტერორისტულ ოპერაციაში (АТО) და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიამაგრეს სამედიცინო ჯგუფს, რომლის მიზანს წარმოადგენდა ორგანოების ტრანსპლანტაცია, რადგანაც ბევრი მეომარი გამოთქვამდა სურვილს სიკვდილის წინ მათი ორგანოები გადანერგვისთვის გამოეყენებინათ. სამედიცინო ჯგუფთან ერთად მუშაობდა პროფესიონალი ტრანსპლანტოლოგი ელიზავეტა დე ბრიუკი, იგივე „ელისი“. ელიზავეტა დე ბრიუკმა მუშაობის ახალი პრაქტიკა დანერგა ჯგუფში, კერძოდ მედიკოსები უკვე დაჭრილი მეომრების თანხმობის გარეშე იღებდნენ ორგანოებს. ორგანოები ინახებოდა სპეციალურ კონტეინერში და შემდგომ კრემატორიუმში იგზავნებოდა. უცნობი პიროვნება აცხადებს, რომ „ელისს“ ხშირად ურეკავდნენ უცხოეთიდან. „ვეცდებით სანდრა“  - პასუხობდა ზარებს ტრანსპლანტოლოგი. უცნობი პიროვნების თქმით, სანდრა - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსია - მისიის რეალური ორგანიზატორი.

ვიდეოში გამოყენებული კადრების წარმოშობა

„ექსკლუზივ ნიუსის“ მიერ მითითებული  ვიდეო  2015 წლის 23 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო СЛОВО- ს (SLOVO.net.ua) იუთუბის ოფიციალურ არხზეა ატვირთული. „ექსკლუზივ ნიუს“ - ის მიერ ვიდეოს აღწერისას მითითება, თითქოს იგი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ გავრცელდა- სიმართლეს არ შეესაბამება.

ვიდეოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ვიდეო 2015 წლის 5 ნოემბერსაც აიტვირთა სახელწოდებით КРОВАВЫЙ БИЗНЕС НА ДОНБАССЕ, მომხმარებელ გენადი პესკოვის მიერ.

 

ვიდეომონტაჟი

ვიდეოში უცნობი პიროვნების გარდა რამოდენიმე ადგილას  ჩანს კადრები, რომლებიც ასახავს დაღუპულ ადამიანებს და ასევე ოპერაციებს, ადამიანების ორგანოებს.

მაგ. 7:05 წუთზე, ნაჩვენებია კადრი:

იგივე კადრი გვხვდება საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის „ Юго-ВОСТОК“- ის მიერ 2015 წლის 4 ივნისით დათარიღებულ სტატიასა და ვიდეოში. Юго-ВОСТОК“- ის სიუჟეტი ასახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების 4 დაღუპული ჯარისკაცის ეგსჰუმაციას და უკრაინის ტერიტორიაზე გადაგზავნას დნეპროპეტროვსკის მორგში იდენტიფიკაციისთვის.

6:07 წუთზე ვიდეოში ნაჩვენებია კიდევ ერთი კადრი, რაზეც უცნობი პირი აცხადებს, რომ ორგანოები სამოქალაქო პირებისგანაც მოიპოვებოდა, მაგ 12 წლის გოგონა და მისი მამა (ვლადიმერ ლიაშენსკი - როგორც უცნობი პირი აცხადებს მისი დოკუმენტები ნახა).

აღნიშნული კადრი, წარმოადგენს ვიდეოს ფრაგმენტს, რომელიც იუთუბზე 2014 წლის 9 აგვისტოს აიტვირთა მომხმარებლის „Диванный партизан“- ის მიერ.

ანალოგიური კადრების შემცველი ვიდეო მოგვიანებით 2015 წლის 5 მაისსაც აიტვირთა საინფორმაციო პორტალ Hunternews - ის მიერ სათაურით : Трупы детей, убитых украинскими карателями Луганск 18+.

 

ექსკლუზივნიუსის შესახებ

ექსკლუზივნიუსმა რუსულენოვანი მედიის მიერ დამონტაჟებული 2015 წლის ვიდეოფაბრიკაცია 1 წლის შემდეგ, 2016 წლის 21 აგვისტოს გამოაქვეყნა. 19 აგვისტოს სანდრა რულოვსი ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

ექსკლუზივნიუსი 2013 წლის 30 ივლისს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იაინ წილის მფლობელი დარეჯან ლიპარტელიანია.

ექსკლუზივნიუსმა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერის გიორგი ვაშაძის ძმის შესახებ ჰომოფობიურ მასალა გამოაქვეყნა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ ინსტანციაში დავა წააგო. გამოცემა ასევე გამოდიოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინააღმდეგ და მას საფრთხეებთან აიგივებდა.

მოამზადა დალი ქურდაძემ