ტენდენციური გაშუქებისა და ბალანსის დარღვევის შემთხვევა ობიექტივზე

19 სექტემბერი, 2016 |

18 ივლისს 19:31 წუთზე ობიექტივმა მოამზადა სიუჟეტი „დესტაბილიზაციის შესაძლებლობა  საქართველოში“.  აღნიშნული  თემა  რუსულენოვანი სააგენტო „ინტერფაქსის“ მეშვეობით გავრცელებულ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებას ეყრდნობოდა იმის თაობაზე, რომ სირიის კრიზისის მსგავსად, შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა, ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდეს, მათ შორის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიაში და რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი სათანადო ზომებს მიმართვს.

სიუჟეტის შესავალ ნაწილში ექსპერტი აღნიშნავს, რომ დესტაბილიზაციის პროცესში რუსეთმა შესაძლოა საყრდენად ისეთი პრორუსული პოლიტიკური პარტიები გამოიყენოს, როგორიც არიან ვლადიმერ ბედუკაძის, ნინო ბურჯანაძის, თამაზ მეჭიაურის, გოგი თოფაძის ირგვლივ გაერთიანებული ძალები.

ექსპერტის ამ კომენტარის შემდეგ სიუჟეტი სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდება. "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გია ვოლსკი, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი "მრეწველთა" ფრაქციიდან ზურაბ ტყემალაძე და "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიგი მაღლაკელიძე არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებენ. ვოლსკის განცხადებით, რუსეთის და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. როგორც სინქრონიდან ჩანს, "მრეწველთა" წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე ეთანხმება ჟურნალისტის მიერ შეთავაზებულ ვერსიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დესტაბილიზაციის წყაროს, წარმოჩენის შესახებ. კერძოდ, რესპონდენტი ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართავს:

„ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, ალბათ და მეც, მოწოდებულია ალბათ, რომ მოხდეს პროვოკაცია  და დესტაბილიზაცია“.

"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის კომენტარი სიუჟეტში მთლიანად არასაპარლამენტო ოპოზიციის პოზიციად არის წარმოჩენილი. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კომენტარზე უარს აცხადებს. გარდა იმისა, რომ რესპონდენტების შერჩევა ტენდენციურია, თავად სიუჟეტი დაუსაბუთებლად ახდენს მეზობელი ქვეყნის თავადაცვის მინისტრის განცხადების დაკავშირებას ოპოზიციურ პარტიასთან და მას საფრთხეებთან აიგივებს.