“მოვლენა” დაფინანსებულია! “სიცოცხლით სავსე ქალაქი” “რეზონანსში”
2017 წლის 6 სექტემბერს გაზეთმა რეზონანსმა გამოაქვეყნა მასალა, სათაურით ,,7 მიმართულება სიცოცხლით სავსე ქალაქისთვის”, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების” კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას შეეხება. სტატია, რომელსაც გაზეთის სრული მესამე გვერდი ეთმობა, რუბრიკაში “მოვლენა” გამოქვეყნდა და მისი ავტორი ნინი საყვარელიძეა.
გაზეთ რეზონანსის ბოლო გვერდზე აღნიშნულია, რომ ჩარჩოში ჩასმული და რუბრიკით ,,ბიზნესპრესი”, პროექტები, განცხადება, პრესკონფერენცია, მოვლენა, ექსპრესინტერვიუ, გამოქვეყნებული მასალები დაფინანსებულია შემკვეთის მიერ. რედაქცია პასუხს არ აგებს სარეკლამო მასალებში მოყვანილ ფაქტებზე.
სტატია, რომელსაც ჟურნალისტი ნინო საყვარელიძე აწერს ხელს, რუბრიკა “მოვლენის” მითითების გარეშე გაზეთის ონალინ ვერსიაშიც გამოქვეყნდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 პრინციპის თანახმად, “სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან”. მოცემულ შემთხვევაში რუბრიკა “მოვლენის” (რომელიც გაზეთის ბოლო გვერდზე გაკეთებული განმარტების თანახმად, დაფინანსებული სტატიების კატეგორიას განეკუთვნება) დაფინანსებულ სტატიად აღქმა მკითხველისთვის რთული უნდა იყოს და ის შეცდომაში შემყვანია.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამაა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 2,ჯ);
წინასაარჩევნო რეკლამა პოლიტიკური სუბიექტების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მხარდაჭერის მოსაპოვებლად. იმ მიზნით, რომ მედიის მიერ არ მოხდეს ცალკეული სუბიექტების შერჩევით გაშუქება, პოლიტიკური რეკლამის განთავსება კანონით რეგულირდება.
წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მსგავსად, გაზეთებს, რომლებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, რეკლამის განთავსების წესების დაცვის ვალდებულება ეკისრებათ. კერძოდ, სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“; (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 50/2დ). აღნიშნული წესის დარღვევისასათვის კი 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 83/1);
არსებული საკანონმდებლო რეგულირებიდან, რეკლამის განთავსების წესების დაცვის ვალდებულების მიღმა რჩებიან ის გაზეთები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან.
მედიია განვითარების ფონდის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბეჭდვითი მედიიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტი საბიუჯეტო შემოსავალი (91 922 ლარი) - სარეკლამო/საინფორმაციო მომსახურებაზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაფორმებული კონტრაქტების სახით, გაზეთ ,,რეზონანსს” აქვს მიღებული.
მარიამ პატარიძე