განახლებადი: არასასურველი ჟურნალისტებისთვის საზღვარი იხურება: ვის ელიან და არ ელიან საქართველოში?

განახლება: 11 ივნისს საქართველოში შემოსვლაზე ფრანგ ფოტოგრაფს, მარილიზ ვინიოსაც ეთქვა უარი. მარილიზ ვინიო, რომელიც გასულ წელს საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა, სხვა ჟურნალისტების მსგავსად ხელისუფლების საწინააღმდეგო, პროდემოკრატიულ, პროევროპულ დემონსტრაციებს აშუქებდა.
საქართველოში დასავლური მედიის ან რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ჟურნალისტების არშემოშვებამ ბოლო დროს ტენდენციის სახე მიიღო. ბოლო შემთხვევა ბრიტანელ ჟურნალისტს უილ ნილს უკავშირდება, რომლის საგამოძიებო სტატიას Byline Times-ში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ახლო ბიზნესპარტნიორის, ირაკლი რუხაძის კომპანია Hunnewell Partners-ის რუსულ კავშირზე თავად ჟურნალისტის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. უილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა, საქართველოს საზღვრიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.
მედიის განვითარების ფონდმა ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022-2025 წლებში საქართველოში ჟურნალისტთა არშემოშვების 15 შემთხვევა აღნუსხა, საიდანაც 7 კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტია, 1 ბელორუსი, 1 სომხეთის მოქალაქე, რომელიც რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 6 კი დასავლური მედიის. დასავლური მედიის ჟურნალისტები უმეტესობა საქართველოში ხელისუფლების საწინააღმდეგო პროდემოკრატიულ, პროევროპულ აქციებს აშუქებდა, რომელიც ე.წ. უცხოური აგენტების კანონს და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, რის საფუძველზეც ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხის დაწყება 2028-მდე გადაიდო.
რუსეთის და ბელორუსის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია | დასავლური მედია | რეგიონული მედია |
| ||
სექტემბერი, 2024 | ანდრეი მიალეშკა — ფრილანსერი ჟურნალისტი (ბელარუსი) | ოქტომბერი, 2024 | რეი ბეისლი — ფრილანსერი ჟურნალისტი (ჩეხეთი) | სექტემბერი, 2024 | არსენ ხარატიანი — Aliq Media (სომხეთი-საქართველო) |
მარტი, 2022 | მიხაილ ფიშმანი — ტელეკომპანია “დოჟდი” (რუსეთი) | ოქტომბერი, 2024 | სტეფან გოსი — IFJ Global/ფრილანსერი (შვეიცარია) | ||
მარტი, 2022 | დევიდ ფრენკელი — მედიაჯგუფი "მედიაზონა" (რუსეთი) | თებერვალი, 2025 | კლემან ჟირარდო — ფრილანსერი (საფრანგეთი) | ||
სექტემბერი, 2022 | ვასილი კრესტიანინოვი — The Insider, AP (რუსეთი) | მარტი, 2025 | ჟერომ შობო — ფრილანსერი (საფრანგეთი) | ||
სექტემბერი, 2022 | დმიტრი ალეშკოვსკი — «Такие дела» (რუსეთი) | მაისი, 2025 | უილ ნილი — ფრილანსერი (დიდი ბრიტანეთი) | ||
მარტი, 2023 | ალექსანდრა შვედჩენკა — ტელეკომპანია “დოჟდი” (რუსეთი) | ივნისი, 2025 | მარილიზ ვინიო — Anzenberger Agency (საფრანგეთი) | ||
თებერვალი, 2023 | ფილიპ ძიადკო — პროექტი “Arzamas” (რუსეთი) | ||||
დეკემბერი, 2023 | ალექსეი პონომარიოვ — Kholod (რუსეთი) |
ჩამოთვლილი 15 ჟურნალისტიდან 8 საქართველოში თვეების ან წლების განმავლობაში ცხოვრობდა. მაგალითად, დევნილობაში მყოფი ბელორუსი ჟურნალისტი საქართველოში 3 წელი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. რუსი ფოტოჟურნალისტი, ვასილ კრესტიანინოვი, რომელიც Associated Press-თან და The Insider-თან თანამშრომლობდა, ქვეყანაში შემოსვლაზე უარს მის საქმიანობას უკავშირებს. საინტერესო გარემოებაა, რომ საქართველოში 11-თვიანი ცხოვრების მანძილზე კრესტიანინოვი ორგანიზებას უწევდა და მონაწილეობდა პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებში. მისივე განცხადებით, სწორედ საპროტესტო აქციების დროს მასთან სამართალდამცავები მიდიოდნენ, დოკუმენტებს სთხოვდნენ და ფოტოებს უღებდნენ.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში დაფუძნებული ქართულ-სომხური მედიის რედაქტორი, არსენ ხარატიანი საზღვრიდან უკან გააბრუნეს. ხარატიანი წარსულში საქართველოში 5 წელზე მეტი ცხოვრობდა.
ფრანგი ჟურნალისტი, კლემან ჟირარდო 10 წელიწადზე მეტი საქართველოში მუშაობდა, ჰყავს ქართველი ცოლი და შვილი, რომელიც ასევე, საქართველოს მოქალაქეა. ჟურნალისტს 2025 წლის 12 თებერვალს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. ჟირარდო, რომელსაც საქართველოში ბინადრობის უფლება ჰქონდა, საზღვარზე ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ დააკავეს და უკან, საფრანგეთში გააბრუნეს.
ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების განსამარტად დოკუმენტებში ძირითადად შემთხვევებში მიზეზები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ტენდენცია გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში სწორედ იმ ჟურნალისტების შემოშვება ხდება პრობლემა, რომლებსაც საქართველოში საპროტესტო აქციების გაშუქების გამოცდილება უკვე აქვთ, ან რუსი ჟურნალისტების შემთხვევაში, ხმას იმაღლებენ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.
საერთაშორისო ორგანიზაციამ Reporters Without Borders (RSF) საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში მოუწოდა, რომ აეხსნა ის მიზეზები, რის გამოც ჟურნალისტებს ქვეყანაში არ უშვებდა და ეს პრაქტიკა დაესრულებინა.
ორგანიზაცია 2025 წლის 10 აპრილს ფრანგი ჟურნალისტების საქართველოში არშემოშვებასაც გამოეხმაურა და დაგმო შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც საპროტესტო მოძრაობის დამოუკიდებელი ჟურნალისტური გაშუქების ხელისშეშლას ისახავს მიზნად.
უილ ნილის შემთხვევასთან დაკავშირებულ განცხადებაში ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებისთვის ვითარება საგრძნობლად გაუარესდა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების გარდა საქართველოს საზღვარზე არშემოშვების პრაქტიკა ევროკავშირის დიპლომატს სიმონ ვანდერბრუკს, ლიეტუველ უფლებადამცველს რეგინა ეგოროვა-ასკეროვას, პუტინისა და ქართული ოცნების კრიტიკოსს რუს აქტივისტს ვლადიმერ ტეტერევს, რუმინელ კომიკოს ვიქტორ პატრაშკანსაც შეეხო.
რუსი პროპაგანდისტები საქართველოში
საქართველოში დასავლური მედიის ან კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ჟურნალისტების არშემოშვების ტენდენციის პარალელურად, კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტებს რუსეთიდან საქართველოში არც სამუშაოდ, არც დასვენების მიზნით ჩამოსვლის მხრივ პრობლემები არ ექმნებათ. მათ შორის, ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული, ბოლო 3 წელიწადში საქართველოს 2-ჯერ ესტუმრა. ბოროდინას გარდა, კანონი ოკუპაციის შესახებ ალექსანდრ მალკევიჩსაც აქვს დარღვეული. ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია. გარდა ამისა, აშშ-ის მიერ ძებნილ მალკევიჩს კავშირები ჰქონდა ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელ, ევგენი პრიგოჟინთანაც.
აპრილი, 2021 | |
სექტემბერი, 2022 | |
ნოემბერი, 2022 | |
ოქტომბერი, 2024 | |
აპრილი, 2025 |
2024 წლის მაისში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედია ZVEZDA NEWS-ის ჟურნალისტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პარლამენტის კედლებზე სტეპან ბანდერას ფოტოები იყო გაკრული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
ამას გარდა, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების გასაშუქებლად ჩამოსული იყვნენ რუსული სამთავრობო მედიების Russia Today-სა და TASS-ის ჟურნალისტებიც. Russia Today-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ვხედავთ, რომ მათი კორესპონდენტი ჩართვისას სწორედ რუსთაველის გამზირზე იმყოფება. ამასთანავე TASS-ის ფოტოგრაფმა, მიხაილ ტერეშენკომ World Press Photo-ს ფოტოკონკურსში სწორედ თბილისში, საპროტესტო აქციაზე გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა.