სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის

6 ნოემბერი, 2014 | ფინანსური გამჭვირვალობა

შესავალი

მედიის განვითარების ფონდი ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ინფორმაციის გავრცელებაზე გამოყოფილი თანხების მონიტორინგს, რომლის მიზანია, გაარკვიოს თუ როგორ და რა მიზნით ნაწილდება საბიუჯეტო სახსრები ცალკეულ მედია საშუალებებზე.

კვლევის პირველ ეტაპზე მოხდა ინფორმაციის გამოთხოვნა 19 სამინისტროდან და საქართველოს მთავრობის კანცელარიდან  2013-2014 წლებში ინფორმაციის გავრცელების, რეკლამის და სხვა მომსახურების მიზნით მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების და გაწეული მომსახურების ხასიათის შესახებ.

20 საჯარო დაწებულებიდან საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში არ მოუწოდებია 1 უწყებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა.

წინამდებარე კვლევა არ მოიცავს სამინისტროებში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან ამ მხრივ გაწეულ მომსახურებას და ასახავს უშუალოდ სამინისტროების ბიუჯეტებიდან საინფორმაციო სააგენტოებისთვის ინფორმაციის მომზადების, გავრცელების და სხვა მომსახურებისთვის თანხების გამოყოფის საკითხებს.

სხვა ტიპის მედია საშუალებებში რეკლამის განაწილების, მათ შორის ფარული რეკლამის და სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან დასპონსორებული გადაცემების თემას ჩვენ შემდეგ კვლევაში გავაანალიზებთ.

კვლევის მეთოდი

კვლევის მეთოდი იყო საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილი დოკუმენტების ანალიზი. კერძოდ, გამოთხოვნილი იყო შემდეგი სახის ინფორმაცია:

  1. სამინისტროების და მთავრობის კანცელარიის მიერ 2013-2014 წლებში მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების ჯამური რაოდენობა, ასევე ინფორმაცია ინდივიდუალური მედია საშუალებებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ;
  2. ხელშეკრულებების ასლები (2013-2014), რომლებიც ითვალისწინებს მედია საშუალებების მიერ სამინისტროებისა და მთავრობის კანცელარიისთვის ინფორმაციის გავრცელებას, სარეკლამო და სხვა სახის მომსახურების გაწევას;
  3. ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები (2013-2014).

კვლევის შედეგები

  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 4 სააგენტოსთან (IPN, PIA, GHN, medianews.ge)  წინასაარჩევნო პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძვლად პრემიერ-მინისტრის განკარგულების (#727) მითითება, შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ საინფორმაციო სააგენტოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება მთავრობის დონეზეა კოორდინირებული;
  • სამინისტროების უმეტესობას (11 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული  შპს "ახალ ამბებთან" - სააგენტო ინტერპრესნიუსთან; შემდეგ ადგილზეა  შპს "პირველი" - საინფორმაციო სააგენტო PIA (5 სამინისტრო).
  • ყველაზე დიდი წილი საინფორმაციო სააგენტოებს შორის საბიუჯეტო დაფინანსებიდან 2013-3014 წლებში ინტერპრესნიუსზე (IPN) (101 539,8 ლარი) მოდის, შემდეგია GHN  - 48 690 ლარი, PIA -43 033,8 ლარი. არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სულ საინფორმაციო მომსახურების კონტრაქტების რაოდენობა 254 774,2 ლარს შეადგენს; თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებები ყველაზე მეტ სააგენტოსთან (8) აქვს გაფორმებული;
  • გაურკვეველია სააგენტოების შერჩევის კრიტერიუმები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთი მედია საშუალების დაფინანსება, რომელიც თავის ვებ-გვერდზე ჰომოფიურ მასალებს აქვეყნებს (მაგალითად, სააგენტო PIA-ს მიერ გაზეთ "ასავალ-დასავალის" მასალის გამოქვეყნება და გავრცელება, სათაურით "კონჩიტა ავლაბრის რეზიდენციაში მიიღეს")[1];
  • სახელმწიფოს მიერ 8 საინფორმაციო სააგენტოს ბიუჯეტიდან დაფინანსება და ინფრომაციით მათი წინმსწრებად უზრუნველყოფა არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა საინფორმაციო სააგენტოებს, მით უფრო, რომ საქმე საჯარო ინფორმაციას შეეხება, რომელიც ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი;
  • სამინისტროების უმეტესეობაში (18-დან 13 სამინისტრო)  და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დამკვიდრებული პრაქტიკაა  საინფორმაციო სააგენტოებისთვის ანაზღაურების გადახდა ისეთი მომსახურებისთვის, როგორიცაა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მათი საქმიანობის გაშუქება და მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება, რაც ხელყოფს მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 3 საინფორმაციო სააგენტოსთან (PIA, GHN, medianews.ge)  გაფორმებული ხელშეკრულება დამატებით მოიცავს ისეთ შინაარსობრივ ვალდებულებებს, როგორიცაა მიწოდებული მასალის საინფორმაციო ღირებულების განსაზღვრა (განთავსება განსაკუთრებული მნიშვნელობის ან მე-2 და მე-3 კატეგორიებში); განთავსების სიხშირის (გამოქვეყნება 30 წუთის, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში 10 წუთის განმავლობაში) განსაზღვრა; სამინისტროს ანონსების მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა რედაქტრობთან და პროდიუსერებთან, რაც პრეს-სამსახურის თანამშრომელთა კომპეტენციას წარმოადგენს;  სოციალურ ქსელებში სააგენტოების მიერ სტატუსების, ფოტო, ვიდეო და სხვა მასალების რეკლამირებას;
  • სხვა სამინისტროების მიერ შესყიდულ მომსახურებაში შედის ჟურნალისტების ღონისძიებებსა და პრესკონფერენციებზე დასწრება; შემსყიდველის სურვილისამებრ ღონისძიებების გაშუქება; ინტერვიუები შეთანხმებულ საკითხებზე; დღის ფოტოს განსაზღვრა და სხვა საკითხები, რაც ჟურნალისტურ ავტონომიას განეკუთვნება;
  • დამკვეთის მიერ დაფინანსებულ მასალებს მედია საშუალებები უკრიტიკოდ და დამოუკიდებლად ვერ გააშუქებენ. ასეთი კატეგორიის მასალები თავისი არსით არის სარეკლამო და მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან, წარწერით რეკლამა, რასაც სააგენტოები არ მიმართავენ. რეკლამისა და სარედაქციო მასალის ახალი ამბების კატეგორიაში მიწოდებას შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთისგან გამიჯნოს სამინისტროების მიერ დაფინანსებული და რედაქციის მიერ დამოუკიდებლად მომზადებული მასალები;
  • მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულია ყოველთვიურად გაწეული მომსახურების რაოდენობა და არ არის დაკონკრეტებული გაწეული მომსახურების სახეობა, რაც ხშირად შესაძლოა, არამიზნობრივად იყოს გამოყენებული;
  • საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, რომლებიც IPN-ის საიტზეა განთავსებული, არ არის მითითებული კვლევის დამკვეთი, ამდენად რთულია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი გამოკითხვა დააფინანსა მთავრობის კანცელარიამ;
  • 18-დან მხოლოდ 5 სამინისტრო  (იუსტიციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, რეგიონალური განვითარების და ინფრასტუქტურის და ფინანსთა სამინისტრო) არ სარგებლობს  საინფორმაციო სააგენტოების  მომსახურებით  და მათი ნაწილი საზოგადოებასთან ურთიერთობისას მხოლოდ რეკლამის ფორმას მიმართავს.

პრემიერ მინისტრის განკარგულება #727

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2014 წლის 30 აპრილს ხელშეკრულებები გააფორმა 4 საინფორმაციო სააგენტოსთან - ინტერპრესნიუსი (IPN), პირველი (PIA), ჯიეიჩენი (GHN) და მედიანიუსი. ოთხივე სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში საინფორმაციო მომსახურების შესყიდვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის განკარგულება #727.

აღნიშნული განკარგულება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების შესყიდვას 19 720 ლარის ოდენობით.

                                                                                            

ხელშეკრულების საგანი სამი სააგენტოს (PIA, GHN, medianews.ge) შემთხვევაში თითქმის იდენტურია და მოიცავს ისეთ შინაარსობრივ ვალდებულებებს, რაც ჟურნალისტურ ავტონომიას ხელყოფს და ეწინააღმდეგება სარეკლამო და სარედაქციო მასალების ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯვნის პრინციპს:

  • მიმწოდებელი განათავსებს ან/და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს (შემსყიდველის საქმიანობისა და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანონსების/ინფორმაციის მომზადება, ფოტოგადაღებები, ინტერვიუების ჩაწერა და სხვა) და განათავსებს შემსყიდველის მიერ მოწოდებულ ახალ ამბებს ვებ გვერდზე ...;
  • მიმწოდებელი გაავრცელებს შემსყიდველის მიერ მიწოდებულ ახალ ამბებს სხვადასხვა მედია საშუალებებში;
  • მიმწოდებელი უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას მეორე და მესამე კატეგორიის სიახლეებში, შემსყიდველის მიერ მიწოდებული სიახლეების შესაბამისი რაოდენიბით;
  • მიმწოდებელი ვალდებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სიახლე განათავსოს პირველი კატეგორიით განსაზღვრულ ადგილას და პირობებით (ინფორმაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განსაზღვრავს შემსყიდველი);
  • პირველი კატეგორიის ინფორმაცია 2 საათის შემდეგ შესაძლოა გადატანილი იქნას მე-2 და მე-3 კატეგორიის სიახლეებში;
  • მიმწოდებელი ვალდებულია ანონსები მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გააგზავნოს მედია საშუალებების რედაქტორებთან და პროდიუსერებთან, მაქსიმალური რაოდენობა, თვეში 4;
  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული მასალის გამოქვეყნება 30 წუთის განმავლობაში, ასევე განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მიღებიდან შესაძლო დროის უმცირეს ვადაში, არაუგვიანეს 10 წუთისა.
  • გამოქვეყნებული ინფორმაცია შემსყიდველისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს (შესაბამისი ავტორიზაციით ან/და მის გარეშე).

კონტრაქტების თანახმად, 2 სააგენტო (PIA, GHN) დამატებით  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უზრუნველყოფს დამაკვეთთან შეთანხმებით  და მათ შესახებ  მომზადებული მასალების რეკლამირებას ფოტოალბომის, ვიდეოს ან ფეისბუქ სტატუსის სახით.

PIA: "მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების შესაბამისად ფასიანი რეკლამა განათავსოს სამინისტროს ღონისძიებების ან სიახლეების ამსახველი ინფორმაციის შესახებ სხვადასხვა შესაძლო ფორმატით (ფოტოალბომი, ვიდეო, სტატუსი და ა.შ.) მიმწოდებლის facebook გვერდზე (თვე: 862 ლარი)."

სააგენტო GHN-ის შემთხვევაში ფეისბუკზე რეკლამის თანხა ყოველთვიურად შეადგესნ 300 ლარს.

აღსანიშნავია, რომ 4 ნოემბერს სააგენტო PIA-ს ასეთი რეკლამის სახით ფეისბუკზე განთავსებული ჰქონდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ხოლო 5 ნოემბერს ფეისბუქზე რეკლამის სახით განთავსებული იყო Daijesti.pia.ge[2]-ს ინფორმაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის ბრალდებების შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ და ამონარიდი სტატიიდან "ალასანია ჩვენი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი ფულით მეგობარ ქალთან ერთად პარიზში დროს ატარებს".

     

მიღება-ჩაბარების აქტებში მხოლოდ ყოველთვიურად გაწეული მომსახურების თანხაა მითითებული და არ არის დაკონკრებული ის მასალა, რომელშიც სამინისტრომ თანხა გადაიხადა, რაც ართულებს იმის გადამოწმებას, თუ რამდენად მიზნობრივად იყო გამოყენებული სახელშეკრულებო თანხები.

განსხვავებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სააგენტო ინტერპრესნიუსს (IPN), რომელიც ასევე ითვალისწინებს მედია საშუალების მიერ დამკვეთის საქმიანობის გაშუქებას:

  • მიმწოდებელი უზრუნველყოფს შემსყიდველის საქმიანობისა და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანონსების/ინფორმაციის მომზადებასა და გაშუქებას, აგრეთვე მათ გავრცელებას სხვა მედია საშუალებებისათვის, თვეში არაუმეტეს 10-ჯერ. მიმწოდებელი უზრუნველყოფს შემსყიდველის ღონისძიებების ფოტო გადაღებას, თვეში არაუმეტეს 2ჯერ. 

პრემიერ მინისტრის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი 19 720 ლარი სააგენტოებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

კონტრაქტის ვადად ოთხივე ხელშეკრულებაში 2014 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია მითითებული. აღსანიშნავია, რომ როგორც მთავრობის განკარგულების (23 აპრილი), ასევე ხელშეკრულებების გაფორმება (30 აპრილი) 15 ივნისს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოხდა, რაც შესაძლოა, შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

თანხების განაწილება სამინისტროების მიხედვით

საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების შესყიდვის პრაქტიკა, რაც მეტწილად სამინისტროს საქმიანობის სააგენტოების მიერ გაშუქებას მოიცავს, 18 სამინისტროდან 13 ში არის დამკვიდრებული (შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება). თუმცა კულტურის სამინისტროსგან განსხვავებით, სხვა კონტრაქტების საფუძვლებში პრემიერ მინისტრის განკარგულება არ ფიგურირებს.

სამინისტროების უმეტესობას (11 სამინისტრო) და საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული  შპს "ახალ ამბებთან" - სააგენტო ინტერპრესნიუსთან (101 539,8); შემდეგ ადგილზეა (5 სამინისტრო)  შპს "პირველი" - სააგენტო PIA (43 033,8 ).

თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებები 8 სააგენტოსთან აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულება 2013-2014 წლებში 129 840 ლარს შეადგენს.

სამინისტროების მიერ 2013-2014 წლებში საინფორმაციო სააგენტოებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ფინანსური გადანაწილება ასე გამოიყურება:

ხელშეკრულებების საგანი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში განსაზღვრული მომსახურების გარდა, სხვა სამინისტროებთან დადებული კონტრაქტები ითვალისწინებს შემდეგი სახის მომსახურებებს:

  • ღონისძიებებზე/პრესკონფერენცეიბზე ჟურნალისტის დასწრება და გაშუქება (სოფლის მეურნეობის სამინისტრო და IPN; ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და GHN, PIA)
  • მედია საშუალებების ღონისძიებაზე დასწრებისა და მათ მიერ "დამკვეთის" ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და IPN);
  • კომენტარები აქტუალურ საკითხებზე პირის, ან ორგანიზაციის პოპულარობის მიზნით; ინტერვიუ წინასწარ შეთანხმებულ საკითხებზე (სოფლის მეურნეობის სამინისტრო და IPN); სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების შესახებ ინტერვიუების და კომენტარების მომზადება და გავრცელება (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და IPN, თავდაცვის სამინისტრო და GHN);
  • მიმწოდებელი სააგენტო "ინტერპრესნიუსის" /For.ge /მედიანიუსის /ექსპრესნიუსის /"კავკაზ-პრესის"  საშუალებით შემსყიდველის სურვილისამებრ გააშუქებს სიახლეებს (თავდაცვის სამინისტრო);
  • მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს შემსყიდველისათვის მნიშვნელოვანი პრეზენტაციების, ღონისძიებების, პრესკონფერენციების, კონფერენციების ფართო მასებისთვის გაცნობა და გაშუქება (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა სამინისტრო; დიასპორების საკითხში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და IPN);
  • მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირების (საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოყოფილი პირები, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის გამოყოფილი პირები) მოთხოვნის შესაბამისად ვებ-გვერდზე ავრცელებს: პრესრელიზებს, ანონსებს, კომენტარებს, მათ შორის ინგლისურ ენაზე; მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს შემსყიდველს ანალიტიკური მასალებით  (თავდაცვის სამინისტრო და GHN);
  • მოწოდებული ფოტოების განთავსება დღის ფოტოებს კატეგორიაში (შეუზღუდავი რაოდენობით) (თავდაცვის სამინისტრო და GHN)
  • სამინისტროს თანამშრომლებთან შეთანხმებით, მოამზადებს ანალიტიკურ წერილებს თავდაცვის სფეროზე, თვეში ერთხელ მომზადდება ინტერვიუ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან (თავდაცვის სამინისტრო და For.ge).

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მთავრობის კანცელარიას სააგენტო IPN-ისგან შესყიდული აქვს VIP მომსახურება, რომლის წლიური ღირებულება  4995 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც სხვა მედიასთან კომუნიკაციას, ასევე დამკვეთის მოთხოვნისამებრ, ჟურნალისტური მასალების და გამოკითხვების მომზადებას.

  • მოთხოვნისამებრ,ƒ შემსყიდველის საქმიანობის და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანონსების და ინფორმაციების მომზადება/გაშუქება, ასევე მათი გავრცელება სხვა მედია საშუალებებისთვის (თვეში არაუმეტეს 15‐ჯერ);
  • ღონისძიებებზე მედია საშუალებების მოწვევა... პრესრელიზისა და ინფორმაციის შესაბამისი ფოტომასალის მომზადება და გავრცელება მედია საშუალებებისათვის.
  • მედიასთან ურთიერთობის ორგანიზება და დაგეგმვა.
  • სოციოლოგიური გამოკითხვა (წელიწადში 2 სატელეფონო გამოკითხვა);
  • შემსყიდველის მოთხოვნისამებრ  მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების შესახებ ინტერვიუების და კომენტარების მომზადება და გავრცელება (თვეში არაუმეტეს 2‐ჯერ)
  • IPNის საიტზე გამოკითხვის ჩატარება შეთანხმებული თემით (თვეში არა უმეტეს 1‐ჯერ).

ინტერპრესნიუსის ვებ-გვერდზე სოციოლოგიური კვლევების განყოფილებაში უშუალოდ სააგენტოს მიერ გაზეთ "კვირის პალიტრასთან"[3] ერთად ჩატარებული 1 გამოკითხვაა ხელმისაწვდომი (რესპონდენტთა უმრავლესობა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა[4]). აღნიშნულ კვლევაში არ არის მითითებული კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი რეკვიზიტები, როგორიცაა ინფორმაციის დამკვეთი და დამფინანსებელი, რაც მედიაში სოციოლოგიური კვლევების გაშუქების არსებითი სტანდარტია და კვლევის ჩატარების მიზნების შესახებ საზოგადოების სრულფასოვან ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დამკვეთის ვინაობა არც ინტერპრესნიუსის ვებ-გვერდზე განთავსებულ გაზეთ "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებულ სხვა კვლევებშია იდენტიფიცირებული (მაგალითად, "გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, დღეს ყველაზე წარმატებული მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია"[5], "გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად ირაკლი ღარიბაშვილს მიიჩნევს"[6], "რესპონდენტთა აზრით, კრიმინალის დონე უცვლელია, თუმცა იმატა კრიმინალის გაშუქებამ"[7], მკითხველთა უმეტესობა საპოლიციო კონტროლის გამკაცრებას დადებითად აფასებს[8], მკითხველთა უმრავლესობა საპატრულო პოლიციის მუშაობას უფრო დადებითად აფასებს ვიდრე უარყოფითად[9], მკითხველთა უმრავლესობა კანონის უზენაესობის კუთხით მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებს[10], რესპონდენტთა უმრავლესობას ხელისუფლების ყველაზე დიდ წარმატებად ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა მიაჩნია[11]).

ამდენად, ვებ-გვერდზე განთავსებული კვლევის შედეგების მიხედვით რთულია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ გამოკითხვაში აქვს მთავრობის კანცელარიას გადახდილი საბიუჯეტო თანხა.

 

თანხების განაწილება საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით

არსებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი წილი საინფორმაციო სააგენტოებს შორის საბიუჯეტო დაფინანსებიდან 2013-3014 წლებში ინტერპრესნიუსზე (IPN) (101 539,8 ლარი) მოდის, შემდეგია GHN  - 48 690 ლარი, PIA -43 033,8 ლარი, For.ge  - 41 330 ლარი. შედარებით მცირე დაფინანსება აქვთ News.ge-ს - 6 580 ლარი, ექსპრესსნიუსს - 6 200 ლარი, Medianewss.ge-ს - 4 300 ლარი, Caucasusspress.ge-ს - 3100 ლარი. მთლიანობაში სამინისტროების (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი) და მთავრობის კანცელარიის მიერ მოწოდებული კონტრაქტების ღირებულება 2013-3014 წლებში 254 774,2 ლარს შეადგენს.

წლების მიხედვით კი თანხების საინფორმაციო სააგენტოებზე გადანაწილება ასე გამოიყურება:

 

რეკომენდაციები

საქართველოს მთავრობას:

  • გადახედოს საინფორმაციო სააგენტოების დაფინანსების არსებულ პრაქტიკას, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ კონკურენციას და საჯარო ინფორმაციის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მედია საშუალებისთვის;
  • ადეკვატურად გაიაზროს მედია საშუალებებზე ისეთი საკონტრაქტო ვალდებულებების დაკისრების მიზანშეწონილობა, რაც თვისობრივად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სარედაქციო ავტონომიაში ჩარევას წარმოადგენს;
  •  შეიმუშაოს იმ ორგანიზაციათა შერჩევის კრიტერიუმები, რომლებსაც საინფორმაციო კამპანიის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს და გამჭვირვალე გახადოს პროცესი, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საბიუჯეტო თანხების გამოყენება არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ ამა თუ იმ მედია საშუალების დოტაციისთვის გამოიყენება;
  • გამჭვირვალე და დეტალიზებული გახადოს დოკუმენტაცია მიღებული მომსახურების შესახებ, რათა გამოირიცხოს საბიუჯეტო სახსრების შიდა პარტიული კონფრონტაციის გაშუქების, ან კონკრეტულ ინდივიდებზე თავდასხმის მიზნით გამოყენება;
  • სამინისტროებმა და სხვა საჯარო დაწესებულებებმა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნონ ინფორმაცია საინფორმაციო კამპანიებისთვის გამოყოფილი ყოველწლიური სარეკლამო ბიუჯეტების შესახებ და გაწეული ხარჯების დეტალური ანგარიში.

საინფორმაციო სააგენტოებს:

  • დაიცვან პროფესიული სტანდარტი და ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნონ სარედაქციო და სარეკლამო მასალა, რათა არ მოხდეს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა და გამჭვირვალე გახდეს მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები;
  • ჟურნალისტური საქმიანობა და გარე ორგანიზაციების პიარ მომსახურება ინტერესთა კონფლიქტშია ერთმანეთთან, ამდენად მნიშვნელოვანია მედია საშუალებებმა ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნონ ასეთი სერვისები;
  • სააგენტოს ან სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის გაშუქებისას დაიცვან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისთვის დადგენილი სტანდარტები. კერძოდ, მიუთითონ მეთოდოლოგიის ისეთი არსებითი რეკვიზიტები, როგორიცაა დამკეთი, დამფინანსებელი, რესპონდენტთა შერჩევის მეთოდი და სხვა.

 

 

 

 

[1] http://pia.ge/show_press_daijest_news.php?id=10320

[2] http://daijesti.pia.ge/show_internet_daijest_news.php?id=11175

[3] სააგენტო ინტერპრესნიუსი და გაზეთი "კვირის პალიტრა" "პალიტრა მედიას" ჰოლდინში შედიან.

[4] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/302411-respondenttha-umravlesoba-abashidze-karasinis-molaparakebebis-gagrdzelebis-momkhrea.html

[5] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/298849-gamokithkhultha-umravlesobis-azrith-dghes-yvelaze-tsarmatebuli-ministri-irakli-gharibashvilia.html

[6] http://www.interpressnews.ge/ge/sociologiuri-kvlevebi/297988-gamokithkhvis-monatsiletha-umravlesoba-yvelaze-gavlenian-politikur-figurad-irakli-gharibashvils-miichnevs.html

[7] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/303389-respondenttha-azrith-kriminalis-done-ucvlelia-thumca-imata-kriminalis-gashuqebam.html

[8] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/297989-mkithkhveltha-umetesoba-sapolicio-kontrolis-gamkacrebas-dadebithad-afasebs.html

[9] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/296218-mkithkhveltha-umravlesoba-sapatrulo-policiis-mushaobas-ufro-dadebithad-afasebs-vidre-uaryofithad.html

[10] http://www.interpressnews.ge/geo/sociologiuri-kvlevebi/297107-mkithkhveltha-umravlesoba-kanonis-uzenaesobis-kuthkhith-mdgomareobas-damakmayofileblad-afasebs.html