სარედაქციო პოლიტიკა

17 მაისი, 2016 | სარედაქციო პოლიტიკა

მეშვიდე ანგარიში

1-30 აპრილი, 2016

მონიტორინგის  სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS, კავკასია (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).

მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.

1-30 აპრილის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

პრიორიტეტული თემები

აპრილის თვეში მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების პრიორიტეტულ თემებს შორის კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების აქტივობები, კოალიციიდან რესპუბლიკური პარტიისა და ეროვნული ფორუმის გამოყოფა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღზე მიმდინარე კონსულტაციები, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებში მიმდინარე საპროტესტო აქციები, ევროკავშორთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესები, ასევე  NDI-სა და IRIის მიერ წინასაარჩევნო კვლევების შედეგების  გამოქვეყნება მოხვდა. აღნიშნული თემები მონიტორინგის სუბიექტმა ყველა ტელევიზიამ გააშუქა, ასევე სრულად გაშუქდა  საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერის და სხვა ოფიციალური პირების მიერ აპრილის თვეში განხორციელებული ოფიციალური  ვიზიტები.

გამოტოვებული თემები

ინფო გრაფიკა#1

იხ. ინფო გრაფიკა შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/23VOqnz

 

 

სარეფერენდუმო კითხვა ოჯახის ცნების განმარტების შესახებ

სიუჟეტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი ინიციატივის შესახებ, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ დამატებითი განმარტების შეტანას ითვალისწინებს, აპრილის თვეში მხოლოდ GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში არ გაშუქებულა. აღიშნული ინიციატივის მიხედვით კონსტიტუცია ოჯახს უნდა განმარტავდეს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას. ინიციატივის ავტორები მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ოჯახის ტერმინის  დაზუსტების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით გამოდიან.  

ვაჟა ლელუაშვილის შესაძლო კავშირი ქართულ ოცნებასთან

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების ფაქტზე დაკავებული ვაჟა ლელუაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირების შესახებ თემა მონიტორინგის სუბიექტ ტელევიზიებს შორის მხოლოდ GDS-მა არ გააშუქა.

სხვა არხებზე ვაჟა ლელუაშვილის დაკავების ფაქტზე 8 აპრილს გასულ სიუჟეტებში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა და აღნიშნულ პარტიასთან სხვადასხვა სახის თანამშრობლობაზე იყო საუბარი.

კომუნალური ვაუჩერების გაუქმება

ოპოზიციის მიერ თბილისის მერიის დადანაშაულება სოციალური კომუნალური ვაუჩერების გაუქმებაში 18-22 მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიებიდან იმედისა და მაესტროს პრაიმ თაიმის საინფორმაციო გამოშვებებში ვერ მოხვდა. აღნიშნული თემა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმ განცხადებას  ეხებოდა, რომელშიც ოპოზიციური პარტია არჩევნების დასრულების შემდეგ   თბილისის მერიის მიერ მოსახლეობისთვის  აღნიშნული სერვისის მიწოდებას მოსალოდნელ შეწყვეტაზე საუბრობდა.

გაზპრომთან შეთანხმება

რუსულის გაზის კომპანია - გაზპრომთან რამდენიმე თვიანი მოლაპარკებების შედეგად შეთანხმების მიღწევის შესახებ სიუჟეტი 7 აპრილს მაესტროს საინფორმაციო გამოშვების გარდა მონიტორინგის სუბიექტმა ყველა სხვა ტელევიზიამ გააშუქა. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და კომპანია გაზპრომს შორის თანამშრომლობის პირობები უცვლელი დარჩა, რაც ქართული მხრდან რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად ბუნებრივი აირის მიღებას ითვალისწინებდა.

ბითკოინების მწარმოებელი კომპანია

საქართველოში ბითკოინების იგივე ვირტუალური ფულის მწარმოებელი კომპანიის შესახებ სიუჟეტებს 6-12 აპრილს საეთერო დრო, მხოლოდ რუსთავი 2-მა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტაბულამ დაუთმეს. ბიტკოინების თემა თბილისში გლდანის ტერიტორიაზე არსებულ იმ კომპანიას  ეხებოდა, რომელიც ვირტუალურ ფულს აწარმოებს. კომპანიის შენობის ტერიტორია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად არის გამოცხადებული, რაც მას შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. კომპანია „ბითურთან“ დაკავშირებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნულ კომპანიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ კავშირზე იყო საუბარი, მოგვიანებით საქართველოს ყოფილი პრემიერის კავშირი ინდუსტრიული ზონის ოპერატორმა კომპანიამ უარყო.

ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა 19 აპრილს რუსთავი 2-ის გარდა მონიტორინგის სუბიექტი ყველა სხვა ტელევიზიის პრაიმ ტაიმის საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს. ინტერპარტიული ჯგუფი იუსტიციის მინისტრთან საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხს განიხილავდა, რაც სხვა ცვლილებებთან ერთად, მაჟორიტარული წესით დეპუტატების არჩევის ნაცვლად სამხარეო პროპორციული სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

GHN-ის მიერ ქართული ოცნების შიდა კვლევის გამოქვეყნება

საინფორმაციო სააგენტო GHN-ის მიერ, კოალიცია ქართული ოცნების შიდა კვლევების გაშუქების შესახებ სიუჟეტი იმედისა და GDS-ის საინფორმაციო  გამოშვებებში არ გასულა. GHN-ის ინფორმაციით აღნიშნული კვლევა წარმოადგენდა შიდაპარტიულ დოკუმენტს, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები მოცემულ კვლევასთან პარტიის კავშირს უარყოფდნენ. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული პარტიული კვლევის ავთენტურობა და წყარო დაზუსტებული არ იყო, ამდენად კვლევის ამ ვერსიის არგაშუქება პროფესიული სტანდარტების მხრივ გამართლებულია.   

ბაღდადის გამგებლის დაკავება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ბაღდათის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის დაკავების ფაქტი, 25 აპრილს GDS-ის საინფორმაციო გამოშვების ბადეში ვერ მოხვდა. ბაღდათის გამგებელი  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მან ბაღდათი-ზეგანი-საკრაულას დამაკავშირებელი გზის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარება ერთპიროვნულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით მოახდინა. 

ბიძინა ივანიშვილი და დავით კეზერაშვილი Panama Papers-ის დოკუმენტებში

ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მსოფლიო ლიდერებს ოფშორული კომპანიების მფლობელობაში ან წილის ფლობაში ამხელდა აპრილის თვეში ყველა საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა, თუმცა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული გვარების ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილის არსებობა GDS-ის საინფორმაციო გამოშვებაში არ გასულა. აღსანიშნავია, რომ ამავე ტელევიზიამ  საეთერო დრო პანამის დოკუმენტებში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის გვარის აღმოჩენასა და პანამის დოკუმენტების არასწორი თარგმანისთვის კეზერაშვილის ადვოკატის საჩივარს 12 აპრილს დაუთმო.

პანამის დოკუმენტებთან დავით კეზერაშვილის კავშირი 9 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებელმა და მაესტროს საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს, რუსთავი ორმა აღნიშნულ თემას საეთერო დრო პირველად მომდევნო დღეს, 10 აპრილს დაუთმო, ხოლო იმედისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებების ბადეში თემა 11 აპრილს მოხვდა. თვის განმავლობაში დავით კეზერაშვილის პანამის დოკუმენტებში მხოლოდ კავკასიის საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა.

ლონდონის სასამართლოს უარი დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე

ქართული მხარის მოთხოვნაზე დავით კეზერაშვილის ექსტრადირების შესახებ ლონდონის სასამართლოს მხრიდან უარის შესახებ სიუჟეტი 6 აპრლს მხოლოდ GDS-ის საინფორმაციო გამოშვებაში არ გასულა.