ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

11 ნოემბერი, 2015 | სარედაქციო პოლიტიკა

ანგარიში პირველი, 1-16 ოქტომბერი, 2015

შესავალი

ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდი -MDF ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გაძლიერება და ჟურნალსტთა პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება მედია შინაარსის მონიტორინგი, რომლის მიზანია ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის აღწერა და შემდგომი ანალიზისათვის აუცილებელი ფაქტობრივ მონაცემთა ბაზის შექმნა.

წინამდებარე საპილოტე ანგარიში წარმოადგენს 2 კვირიანი დაკვირვების მთავარ მიგნებებს, რომელიც 1 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრამდე ხორციელდებოდა.

მეთოდოლოგია

მონიტორინგი სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS.

მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩნენ ის ტელეკომპანიები, რომლებიც სატელევიზიო აუდიტორიის გამზომავი კომპანია "ტი-ვი-ემ-არის" რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე არიან და ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამები აქვთ. შერჩევისას ასევე გათვალისწინებული იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მედიის მფლობელებოსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები, რომლებიც ტელეარხების პოლიტიკურ თუ ფინანსურ კავშირებს შეეხება და განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის იდენტიფიცირებისთვის დაშვების შესაძლებლობას იძლევა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ შერჩეულ ტელეკომპანიებს არც თანაზომადი გავრცელების არეალი, არც ადამიანურ- ფინანსური რესურსები აქვთ, რაც პროგრამულ მრავალფეროვნებაზე აისახება, თუმცა კვლევის მიზანი უფრო შინაარსობრივი მხარის საფუძველზე ტენდენციის ჩვენებაა, ვიდრე რაოდენობრივის.

ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების სარედაქციო პოლიტიკის შესწავლა ხორციელდება პრაიმ-ტაიმის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე ყოველდღიური დაკვირვების გზით, შაბათ-კვირის გამოკლებით. ეს გადაცემებია: კურიერი, რუსთავი 2 (21 სთ-ზე), ქრონიკა, იმედი (20 სთ-ზე), მოამბე, საზოგადოებრივი მაუწყებელი (20 სთ-ზე), კონტაქტი რვაზე, მაესტრო (20 სთ-ზე), ფოკუსი, ტაბულა (19 სთ-ზე), 20/30, GDS (20:30 სთ-ზე).

კვლევა ტარდება როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი მეთოდით. დაკვირვების საგანია დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების პრიორიტეტული თემები, რისი ანალიზიც ხდება პირველ და მეორე ბლოკში მთავარი თემების შერჩევით, ასევე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემების ფორმატის მიხედვით (სიუჟეტი, კადრ-სინქრონი, ბადეში განთავსება). საზოგადოებრივი მაუწყებლის  შემთხვევაში, სადაც საინფორმაციო გამოშვება არ არის გამიჯნული სარეკლამო ან შიდა ანონსის ტიხრით (მოამბე), გამიჯვნა პირობითი წუთობრივი ნიშნით (პირველ 15-20 წთ-იანი ინტერვალი) ხდება. სარედაქციო პოლიტიკის შეფასება იმ გამოტოვებული თემების იდენტიფიცირების გზითაც ხდება, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის1  მატარებელია. თვისობრივი ანალიზისას ხდება მსგავსებების და განსხვავებების იდენტიფიცირება და იდენტური საინფორმაციო პოლიტიკის მქონე მედიების შედარება.

არხების საინფორმაციო გამოშვებების შედარება თემატური ბადეების მიხედვით ხდება. დათვლის დროს გამოტოვებულია ამინდი, საერთაშორისო ამბები (თუ საკითხი არ ეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და შიდანაციონალურ თემატიკას), კულტურა და სპორტი (თუ საქმე არ ეხება კულტურის ან სპორტის სფეროში რაიმე პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ მოვლენას და გაშუქებულია მხოლოდ კულტურული ან სპორტული მოვლენა).

1 "ზ) საზოგადოებრივი ყურადღება – საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან." კანონი სუტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

 

მონიტორინგის  მთავარი მიგნებები

1-16 ოქტომბრის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  •  პრიორიტეტული    თემების    გაშუქების    მხრივ    რუსთავი    2-ისა    და    ტაბულას საინფორმაციო გამოშვებების ბადეები მეტად ემთხვეოდა ერთმანეთს.
  •  საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაესტროსა და GDS-ს, ასევე ნაწილობრივ იმედს შორის გამოტოვებული თემების (იხ. თანდართული ცხრილი 2)  მხრივ  მსგავსება გამოიკვეთა. მაგალითად, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის დედის მიმართ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება, რომელიც მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტს შეეხებოდა, რუსთავი 2-ის და ტაბულას გარდა, არცერთ არხს არ გაუშუქებია; ხოლო 7 ნოემბრის საქმის მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტი, რამაც თავად მოსამართლეთა კოლეგიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მხოლოდ იმედმა, რუსთავი 2-მა და ტაბულამ გააშუქეს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ აშშ- ში ვიზიტის დროს გაკეთებული კომენტარი რუსთავი 2-სა და მედია გარემოსთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მაესტრომ, ტაბულამ და GDS-მა არ გააშუქეს.
  •  გაზპრომის საწინააღმდეგო პლაკატის  გაკვრის  გამო  ტაბულას  რედაქტორის დაკავების დღეს მაესტრომ პრიორიტეტი ისეთ თემებს მიანიჭა, როგორიც იყო პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გეგმები და ლევან ვასაძის მხარდაჭერა დეპუტატ სოსოს ჯაჭვლიანისადმი ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ.
  • მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტად GDS-ის საინფორმაციო გამოშვება 20:30 ტოვებდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს, რაც ერთი მხრივ, ინფორმაციისთვის განკუთვნილი ქრონომეტრაჟის სიმცირეს შეიძლება უკავშირდება, მეორე მხრივ სარედაქციო პოლიტიკას გამოხატავს. ყველაზე ნაკლები თემა კი რუსთავი 2 საინფორმაციო გამოშვებებში იყო გამოტოვებული, ტაბულას მიერ გამოტოვებულ თემებში ხელისუფლების ზოგიერთი აქტივობა მოხვდა.
  •  GDS-ის მიერ მომზადებული მასალები მიმდინარე მოვლენებსა და დღის ახალ ამბებზე მეტად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის საქმეების გამოძიებაზეა ფოკუსირებული. ხშირად 20/30-ში ასეთი თემები პირველ სიუჟეტად არის გამოტანილი, მიმდინარე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების გამოტოვების ხარჯზე. მაგალითად, იმ დღეს, როცა რუსთავი 2-მა, იმედმა და ტაბულამ 7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტის თემა გააშუქეს, 20/30-მა პირველ თემად მაგნატის საქმის გამოძიება შესთავაზა მაყურებელს; 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული აქციის დღეს კი პირველ თემად კორტების საქმის გამოძიება და ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა გააშუქა, ხოლო თავად საპროტესტო აქცია 20/30-ის ეთერში არ მოხვდა. 8 ოქტომბერს სხვა არხებისგან განსხვავებით, დედაქალაქის ცენტრში სროლის ფაქტი 20/30-ს არ გაუშუქებია და პირველ წამყვან თემად კომპანია "იმედი ელის" საკუთრების საკითხის გამოძიება შეარჩია.
  • GDS-ის მსგავსად იყო შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ თემად არა დღის ახალი ამბავი, არამედ ძველი თემატიკა მოხვდა. მაგალითად, 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვის დღეს, "მოამბის" საღამოს გამოშვება კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის მამის საპატიმროდან გათავისუფლების შემდგომ  საქართველოში დაბრუნების და მისი სამომავლო გეგმების შესახებ  თემით დაიწყო, რასაც რედაქციამ 2 სიუჟეტი მიუძღვნა.
  • თუ GDS-ის სარედაქციო  პოლიტიკა  წინა  ხელისუფლების  საქმეებზეა  ფოკუსირებული, რუსთავი 2 და ტაბულა მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მასალებს აშუქებენ მეტად. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები ხელისუფლებისადმი მეტწილად რუსთავი 2-ის პრაიმ ტაიმის საინფორმაციოში გადიოდა, ნაწილობრივ იმედის. ამავე დროს რუსთავი 2 ხელისუფლების სხვადასხვა აქტივობებსაც სისტემატურად აშუქებდა, თუმცა პრიორიტეტს კრიტიკულ თემებს ანიჭებდა. სხვა არხების ეთერში ან არ ხვდებოდა ან შედარებით მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუტების კრიტიკული შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კრიტიკული თემებიდან რუსთავი 2-მა მაყურებელს ისეთი მასალები შესთავაზა, როგორიც იყო ფარული ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ ე.წ. "ნარუშილოვკებით" (შსს-ს სპეციალური საშვებით) სარგებლობის შესახებ; ტელეკომპანიის ყოფილი მესაკუთრის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული საეჭვო გარემოებები; მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება, სიუჟეტი აშშ-ს ტერორისტთა სიაში ახმედ ჩატაევის მოხვედრის შესახებ, რომელიც ქართულმა სასამართლომ 2012 წელს გაათავისუფლა.
  • ცალკეულ პირებთან და ინსტიტუტებთან დაკავშირებული კრიტიკული სიუჟეტები პრემიებზე, კორუფციასა თუ ქონებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე მაესტროსა და იმედის ეთერშიც ხვდებოდა.

პრიორიტეტული თემები

1 ოქტომბერი

რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოსწილების დაყადაღება და ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები 1 ოქტომბერს საღამოს მთავარ გამოშვებებში უკლებლივ ყველა არხმა გააშუქა, თუმცა განსხვავებული პრიორიტეტულობით. თავად ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ამ თემას გადაცემის პირველი ბლოკი სრულად დაუთმო, მაესტრომ კი პირველი ბლოკის 3 სიუჟეტი; მეორე სიუჟეტად გაშუქდა თემა ტაბულაზე; იმედზე - მე-3, 4, 5 მასალად, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე რიგით მეექსვსე და GDS-ზე - მეოთხე თემად. იმედის "ქრონიკამ" ცალკე სიუჟეტი წარსულში რუსთავი 2-ის მესაკუთრეთა არაერთგზის შეცვლის  შესახებ მოამზადა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა 1 ოქტომბერს პირველ თემად გაეროს გენერალურ ასალმბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გააშუქეს, სხვა ტელეკომპანიებმა კი პრემიერის გამოსვლა შემდეგი თანმიმდევრობით განათავსეს: GDS-ზე - მეორე, მაესტრო მე-8, რუსთავი 2 - მეორე ბლოკის

მე-2 სიუჟეტი. აღნიშნული გამოსვლა თბილისის დროით 19 სთ-ის შემდეგ შედგა და ამდენად ტელეკომპანია "ტაბულას" საინფორმაციოში 1 ოქტომბერს ვერ მოხვდა, ტაბულამ ეს გამოსვლა და შეფასებები მომდვენო დღეს, 2 ოქტომბერს გააშუქა.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში კი 1 ოქტომბერს მხოლოდ GDS-სა და ტაბულას ეთერში არ მოხვდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში მედიასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კრიტიკულად აფასებს, მხოლოდ მაესტროს საინფორმაციო გამოშვებაში არ გასულა. ევროსაბჭოს რეზულაცია GDS-ის ეთერში  პირველ სიუჟეტად გავიდა.

"დაიცავი თავისუფლება" - კამპანია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ტელეკომპანია "ტაბულას" და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივაა, მხოლოდ ტაბულას  და  რუსთავი 2-ის საღამოს ეთერში გაშუქდა.

ე.წ. "ნარუშილოვკების" თემა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებრივი დოკუმენტების არაუფლებამოსილ პირებზე უკანონოდ გამოყენებას შეეხება, რუსთავი 2-ის გამოძიება იყო, რომელსაც სხვადასხვა უწყებების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. "ნარუშილოვკების" თემა 1 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა "იმედი", საზოგადოებრივი მაუწყებელი და "მაესტრო" გააშუქეს. ამასთანავე იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლის მასალაში წარმოდგენილი იყო პროკურორის კომენტარი, რომელიც მსგავსი საბუთით სარგებლობის ფაქტს უარყოფდა. სხვა ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებში აღნიშნული კომენტარი არ გასულა.

ცხრილი 1.1. 1 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

2 ოქტომბერი

2 ოქტომბერს რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები (სასამართლო დავა, დებატები პარლამენტში) ყველა საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა იყო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, იმედმა, მაესტრომ და GDS-მა აქცენტი ამავე თემაზე საპარლამენტო დებატებსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთავი 2-ის მხარდამჭერებსა და უმრავლესობის წევრებს შორის  მომხდარ ინციდენტზე გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დროს რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი 2 ოქტომბერს მხოლოდ რუსთავი 2-მა და იმედმა გააშუქეს , ხოლო ყველა სხვა არხმა, მაესტროს გარდა, მხოლოდ პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები  გააშუქა.

GDS-ის პროგრამა 20/30-ში მეორე სიუჟეტად გავიდა დამოუკიდებელი თემა, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების კლების ტენდენციაზე ამახვილებდა ყურადღებას. მასალა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ნაცვლად რესპონდენტების კომენტარებს ეფუძნებოდა.

რუსთავი 2-ის ეთერში 2 ოქტომბერს საღამოს გამოშვებაში გავიდა ფარული ჩანაწერი, რომელიც ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ სპეცსაშვით ე.წ. "ნარუშილოვკით" სარგებლობას შეეხებოდა. კურიერში ასევე გავიდა მასალა, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მესაკუთრის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს  ასახავდა.

გორის საკრებულოში სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატივის განხილვა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის საღამოს გამოშვებებში არ გასულა.

ცხრილი 1.2. 2 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

5 ოქტომბერი

5 ოქტომბერს საღამოს გაიმართა საპროტესტო აქცია ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული და ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერების დაპატიმრების ფაქტს შეეხებოდა. აქცია დაიწყო 19 საათზე და დასრულდა 21 საათზე. შესაბამისად ვერ მოხვდა ტაბულას მთავარ საინფორმაციო გადაცემაში ("ფოკუსი" ეთერში 19:00 საათზე გადის). სხვა არხებმა ეს თემა შემდეგი თანმიმდევრობით გააშუქეს : რუსთავი 2 -1, იმედი - მე-2, საზოგადოებრივი მაუწყებელი -მე- 7, ხოლო მაესტროზე - რიგით მე-10. GDS-ის საინფორმაციო გამოშვება 20:30-ში კი ეს თემა საერთოდ არ მოხვდა.

ამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა არა დღის ახალი ამბავი, არამედ კანადაში დაკარგული მარიამ მახნიაშვილის მამის საქართველოში დაბრუნება, კანადაში მისი დაკავება და სამომავლო გეგმები იყო. „მოამბემ“ ეს თემა პირველ და მეორე სიუჟეტად გააშუქა. საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან "მოამბის" საღამოს გამოშვებაში მე-7, ხოლო ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა სასამართლო პროცესი მე-6 რიგითობით გავიდა.

GDS-ზე კი, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია საერთოდ არ გაშუქებულა, პირველ თემად ე.წ. „კორტების საქმეზე“ დაკავებულთა სასამართლო პროცესი გავიდა. რუსთავი 2-მა ეს თემა მე-11 სიუჟეტად გააშუქა. სხვა ტელევიზიებს კი ეს თემა საერთოდ არ გაუშუქებიათ.

ამავე დღეს კურიერის, ქრონიკის, ტაბულასა და 20:30-ის პრიორიტეტულ თემებში მოხვდა ქუთაისში გამართული სასამართლო, სადაც რუსთავი 2-ის მომხრეების საქმე განიხილებოდა, რომელთაც პარლამენტში შეჭრა სცადეს. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსთავი 2-მა ამ და მედია გარემოს თემას 5 სიუჟეტი დაუთმო. იმედმა კი სასამართლო პირველ თემად გააშუქა.

ჯარისკაცის დაღუპვის თემა მხოლოდ იმედის, GDS-სა და ტაბულას საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში არ გასულა. მოუწესრიგებელი ინფრასტუქტურის თემა კი მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, იმედმა  და ტაბულამ  არ გააშუქეს.

 

ცხრილი 1.3. 5 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

6 ოქტომბერი

ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება პრიორიტეტული თემების შერჩევის მხრივ 6 ოქტომბერს გამოიკვეთა. ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის კურტ ვოლკერის „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გაკეთებული კომენტარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან და შიდა დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის გამძიების პოლიტიკურ ელფერს შესახებ მხოლოდ რუსთავი 2-მა გააშუქა მეორე მასალად. ხოლო, 7 ნოემბრის საქმის განმხილავი მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი და ამ თემაზე დაპირისპირება მოსამართლეებს შორის რუსთავი 2-მა პირველ სიუჟეტად გააშუქა, ტაბულამ - მე-4, ხოლო იმედმა - მე-11-ედ. საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროსა და GDS-ის საღამოს გამოშვებებში ეს თემა არ მოხვედრილა.

მხოლოდ რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული განცხადება ხელისუფლებისადმი, რომელიც ქუთაისში დაკავებული რუსთავი 2-ის მხარდამჭერების სასამართლო გადაწყვეტილებაზე სასჯელის მძიმე ფორმის შერჩევითად გამოყენებას ეხებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოს ელჩის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები, რომელიც პროტოკოლის დარღვევას შეეხებოდა (ელჩი პრეზიდენტს აშშ-ში ვიზიტის დროს არ დახვდა) და რომლის შესახებ თავად გიორგი მარგველშვილმა რუსთავი 2-ის თოქ-შოუში ისაუბრა, GDS-ის გარდა ყველა არხმა გააშუქა. იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეს კონფლიქტი პირველ თემად გავიდა.

GDS-ის ეთერში პირველ სიუჟეტად კომპანია „მაგნატისთვის“ ქონების ჩამორთმების საქმის გამოძიება გაშუქდა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროინდელი ხელისუფლების ქმედებების კანონიერების შეფასებას და გამოძიების დაწყების დაანონსებას უკავშირდებოდა. მხოლოდ GDS-ის 20/30-ში გავიდა ამავე დღეს მასალა ფეხბურთის ფედერაციის წინა ადმინისტრაციის მიერ აღებული სესხის ხარჯვის კანონიერების შესახებ.

მინისტრის მოადგილეების გაზრდილი პრემიების თემა მხოლოდ მაესტროზე გავიდა, "თბილისობა 2015"-ისთვის გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ მასალა - რუსთავი 2-სა და მაესტროზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მინისტრის მოადგილის მიმართ კორუფციაში ბრალდება მხოლოდ "იმედზე", ხოლო აუდიტის დასკვნა სასჯელაღსრულების სამინისტროში არსებულ დარღვევებზე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ცხრილი 1.4. 6 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

7 ოქტომბერი

აშშ სახელწმიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარი, რომელშიც შეშფოთება იყო გამოთქმული საპარლამენტო არჩევნების წინ პლურალისტურ მედია გარემოზე, რუსთავი-2- ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში, რუსთავი 2-ის და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებში მთავარი თემა იყო. აღნიშნული კომენტარი არ გაუშუქებიათ იმედს, მაესტროსა და  GDS-ს, ხოლო საზოგადოერივმა მაუწყებელმა მე-7 სიუჟეტად გააშუქა.

ევროპარლამენტარების (ალდე ჯგუფი) კრიტიკა მედიის და წინასაარჩევნო გარემოს, ასევე სასამართლოსთან მიმართებით საზოგადოებრიმა მაუწყებელმა, მაესტრომ და GDS-მა არ გააშუქეს.

იმედმა და საზოგადოებრიმა მაუწყებელმა პირველ სიუჟეტებად ნატოს მინისტერიალის თემა გააშუქეს, რომელშიც საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. აღნიშნული თემა რუსთავზე მე-6, ხოლო მაესტროზე მე-7 სიუჟეტად გავიდა.

GDS-ის მთავარი თემა თბილისის მერიას უკავშირდებოდა, კერძოდ, საკადრო ცვლილებებს, სახელმწიფო აუდიტის სამასახურის მიერ მერიის შემოწმებას და ოპოზიციის მოთხოვნა მერის გადადგომის თაობაზე.

შსს-ს პასუხი გივი თარგამაძის ბრალდებებზე, რომლის თანახმად კრიმინალური ავტორიტეტები აჭარაში პოლიციაზე ზეწოლას ახდენენ იმედმა მე-14, ხოლო ტაბულამ მე-5 მასალად გააშუქა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის განცხადება ყოფილი პოლიციელის ზურაბ სოსელიას მიმართ განხორციელებული მუქარების თაობაზე მხოლოდ ტაბულას საინფორმაციოში გავიდა მე-6 თემად.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ლონდონში მხოლოდ იმედმა გააშუქა.

ცხრილი 1.5. 7 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

8 ოქტომბერი

8 ოქტომბერს ფეხბურთის მატჩის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გასულა და შესაბამისად მონიტორინგში არ მოხვდა.

ამ დღეს თბილისის ცენტრში მომხდარი კრიმინალური ინციდენტი, როდესაც დღის 1 საათზე, სასტუმრო "რადისონთან" იარაღიდან სროლას ჰქონდა ადგილი, GDS-ის გარდა, ყველა ტელეკომპანიამ გააშუქა. უკლებლივ ყველა არხმა გააშუქა ასევე აჭარაში მომხდარი სტიქია.

ევროკომისრის იოჰანეს ჰანის კითხვები სასამართლოსთან დაკავშირებით 8 ოქტომბერს მხოლოდ რუსთავი 2-მა და იმედმა გააშუქეს. ხოლო კომპანია "იმედი ელის" ქონების ჩამორთმევის სამართლებრივი ასპექტები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდს უკავშირდებოდა, მხოლოდ GDS-ის 20/30-ის გამოშვებაში გავიდა პირველ სიუჟეტად. 20/30-მა მეორე თემად ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადება გააშუქა, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის ომის დროს დანაშაულის ფაქტები ორივე მხრიდან იკვეთებოდა.

ექსკლუზიურად მაესტრომ გააშუქა იმერეთში სკოლის მოსწავლის მიერ დარაჯის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების თემა მეორე სიუჟეტად, ხოლო იმედმა - აფხაზეთში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებზე მე-8  სიუჟეტად.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო და მედია გარემოზე, საარჩევნო რეფორმაზე და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე მხოლოდ რუსთავი 2მა, იმედმა და ტაბულამ გააშუქეს.

ცხრილი 1.6. 8 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

9 ოქტომბერი

9 ოქტომბერს რუსთავი 2-ის, მაესტროს, ტაბულასა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა რუსულ გაზპრომთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხი იყო. ენერგეტიკის მინისტრმა რუსული გაზის სამომავლო იმპორტზე გააკეთა კომენტარი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს თემა მეოთხე, ხოლო იმედმა მეხუთე სიუჟეტებად გააშუქეს.

მხოლოდ რუსთავი 2-მა გააშუქა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გლობალურ ტერორისტთა სიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელის ახმად ჩატაევის შეყვანის თემა, რომელიც საქართველოში ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს იყო დაკავებული და 2012 წელს სასამართლომ გაათავისუფლა. რუსთავი 2-მა ეს თემა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვლს დაუკავშირა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრში" მისი საქმიანობის დროს ორგანიზაცია ჩატაევის  ინტერესებს იცავდა და მის გათავისუფლებას ითხოვდა. სიუჟეტში ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელის პოზიცია იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით ამ სიუჟეტს თავად სახალხო დამცველის მხრიდან ტელეკომპანიის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდება და სპეციალური განცხადება მოჰყვა, რაც არც რუსთავი 2-ს, არც სხვა არხებს საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში არ გაუშუქებიათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელძღვანელის განცხადება, რომელიც მის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას და გორჩაკოვის ფონდთან კავშირებს შეეხებოდა, საღამოს გამოშვებაში იმედს და GDS-ს არ გაუშუქებიათ.

GDS-ის ეთერში კვლავ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქონების ჩამორთმევის საკითხის კანონიერების საკითხი იყო აქტუალური, 9 ოქტომბერს მესამე სიუჟეტი მიწების ჩამორთმევის შესახებ გამოძიებას შეეხო. მხოლოდ 20/30-ში არ გაშუქებულა საერთაშორისო ინსტიტუტების გამოხმაურებები საქართველოს შიდა პროცესებზე, მათ შორის მედია გარემოსთან დაკავშირებით. პრეზიდენტის შეწყალების თემის გაშუქებისას კი 20/30-მა ფოკუსირება მხოლოდ იმ ფაქტზე გააკეთა, რომ პრეზიდენტმა გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია არ გაათავისუფლა. აღნიშნული პირები "ეი-ეს თელასის" ფინანსური მენეჯერის მკვლელობის გამო იყვნენ გასამართლებულები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ მხოლოდ ტაბულას საინფორმაციოში გავიდა ცალკე სიუჟეტად, ხოლო იმედისა და მაესტროს საღამოს საინფორმაციოში აღნიშნული კვლევა ქართულ მართლმსაჯულებაზე საერთაშორისო ინსტიტუტების გამოხმაურების შესახებ მომზადებულ სიუჟეტში იყო მოხსენიებული.

ცხრილი 1.7. 9 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს „კურიერის“ ეთერში გავიდა ექსკლუზიური სიუჟეტი იმ მოსამართლის შესახებ,  რომელიც  რუსთავი  2-ის  საკუთრებასთან  დაკავშირებით  დავას   განიხილავს.

სიუჟეტში გამოთქმული იყო ვარაუდი ხელისუფლების მხრიდან მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, რაც მისი დედის მიმართ 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტზე 2 წლის შემდეგ გამოძიების დაწყების ფაქტთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, აღნიშნული ინფორმაცია რუსთავი 2-ის ექსკლუზივი იყო და 12 ოქტომბერს სხვა არხებზე ვერ გავიდოდა, თუმცა რუსთავი 2-ის და ტაბულას გარდა, მომდევნო დღეს, 13 ოქტომბერს ის სხვა მედია საშუალებებს საერთოდ არ გაუშუქებიათ.

12 ოქტომბერს იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროსა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებების წამყვანი თემა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებას და საკანონმდებლო ნორმის შეჩერებას უკავშირდებოდა.

უკლებლივ ყველა არხმა გააშუქა გაზპრომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თემა და პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები. ეს საკითხი მხოლოდ მაესტრომ გააშუქა მე-11 სიუჟეტად, სხვა არხებმა კი ეს თემა პირველ ბლოკში შესთავაზეს მაყურებელს.

საგარეჯოს           შუალედური    არჩევნების    კონსტიტუციურობის    საკითხი    მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და GDS-მა გააშუქეს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მომსახურებს სააგენტოს უფროსის პრემიების საკითხი -  ექსკლუზიურად  მაესტრომ.

ცხრილი 1.8.  12 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

13 ოქტომბერი

როგორც 12 ოქტომბრის მიმოხილვაში აღინიშნა, მოსამართლე ურთმელიძის დედასთან დაკავშირებული საქმე და ინციდენტიდან 2 წლის შემდეგ დაწყებული გამოძიების საეჭვო გარემოებები რუსთავი 2-ის გარდა, 13 ოქტომბერს მხოლოდ ტაბულამ გააშუქა და სხვა არხებზე არ მოხვედრილა. მაესტროს, იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში არც ამ თემაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება გავიდა, რომელიც მოსამართლის დედის მიმართ დაწყებულ გამოძიების დეტალებს განმარტავდა და რუსთავი 2-ის სიუჟეტს უსაფუძვლოდ მიიჩნევდა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს მხოლოდ რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქდა, ხოლო ირანელი ბიზნესმენის პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ ქონების წართმევის ბრალდების თაობაზე მხოლოდ იმედზე მოხვდა დამოუკიდებელ თემად და პირველ სიუჟეტად გავიდა. მაესტრომ მესამე სიუჟეტი მიუძღვნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურებს სააგენტოს უფროსის პრემიების თემას, რომელიც წინა დღით გააშუქა. პრემიებთან დაკავშირებული ეს შემთხვევა სხვა არხებზე არ გასულა.

თემა, რომელიც სასულიერო სასწავლებელში სასულიერო პირის მითითებით ბავშვის ცემას

შეეხებოდა, მხოლოდ რუსთავი 2-მა, იმედმა და მაესტრომ გააშუქეს.

 

ცხრილი 1.9.  13  ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.


 

14 ოქტომბერი

14 ოქტომბერს ტაბულას გარდა ყველა არხის პრიოროტეტული თემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის გამოძიების საკითხი იყო. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კი მასალები მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მაესტროზე გავიდა.

მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინადადების უარყოფა გაზპრომის საკითხზე სხდომის მოწვევის შესახებ მხოლოდ საზოგადოებრივი არხის და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში ვერ მოხვდა.

დღის პრიორიტეტულ თემებში მოხვდა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმის განხილვა, გამონაკლისი იყო იმედი, სადაც ეს თემა არ გასულა. ამავე თემაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის ინიციატივა ეროვნული ბანკის საქმიანობის საკითხის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შესწავლის შესახებ მხოლოდ რუსთავი 2-მა და ტაბულამ გააშუქეს. ტელეკომპანია იმედმა 14 ოქტომბერს ყურადღება საერთაშორისო თემებზე გაამახვილა და მალაიზიური ბოინგის საქმის გამოძიება და ტერორისტების მუქარა მოსკოვს მე-4 და მე-5 სიუჟეტებად გააშუქა, ხოლო ჯიჰადის მუქარა რუსეთის მიმართ GDS-ზე მე-3 სიუჟეტად გავიდა.

 

ცხრილი 1.10.  14 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს რუსთავი 2-მა მთავარ თემად ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი გამოჰყო, რაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის ფორმატშიც იყო განხილული, ასევე შეეხებოდა ოპოზიციის ინიციატივას პარლამენტის მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების თაობაზე. ეს თემა საღამოს გამოშვებებში მხოლოდ რუსთავი 2-მა და ტაბულამ გააშუქეს. აბრეშუმის გზის ფორუმი წამყვანი თემა იყო ყველა არხზე, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა ეს თემა ყველაზე ვრცლად გააშუქეს. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც უკლებლივ ყველა ტელევიზიაში იყო წამყვან თემებს შორის, მაესტრომ 4 სიუჟეტი მიუძღვნა. GDS-მა კი პირველი და მე-2 სიუჟეტი კვლავ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ქონებების ჩამორთმევის კანონიერების გამოძიებების თემას დაუთმო და ამჯერად ყურადღება კავკასუს ონლაინისა და ლისის ტბის ქონების საკითხებზე გაამახვილა. მესამე სიუჟეტი კი GDS-მა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს რუსულ კომპანიებზე გასხვისებულ ობიექტებს  დაუთმო.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე საღამოს გამოშვებებში მხოლოდ ორ არხზე - იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქდა.

 

ცხრილი 1.11.  15 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

16 ოქტომბერი

 

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის და კამპანია "დაიცავი თავისუფლების" სხვა აქტივისტების დაკავება გაზპრომის საწინააღმდეგო პლაკატების ოპერის მიმდებარე ღობეზე გაკვრის გამო, პირველ სიუჟეტად რუსთავი 2-სა და ტაბულაზე გავიდა, იმედზე - მე-5დ, მაესტროზე მომხდარი მე-7, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მე-8 რიგითობით კადრსინქრონად გაშუქდა. GDS-ს 20/30-ს ეს ინციდენტი  საერთოდ არ გაუშქებია.

ამ დღეს მაესტროს პრიორიტეტული თემები იყო: 1) პაატა ბურჭულაძის სავარაუდო პოლიტიკური პარტნიორები და 2) ლევან ვასაძის მიერ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიცატივის მხარდაჭერა ანტიდისკრიმინაციული კანონის  წინააღმდეგ.

მაესტროსა და ტაბულას გარდა ყველა ტელეკომპანიამ გააშუქა პარლამენტში რუსთავი 2-ის სასამართლო  დავასთან   დაკავშირებით  გამართული  დებატები,   ხოლო   ტელეკომპანია

 

"იმედმა" რუსთავი 2-ის საკუთრებაზე სასამართლოში მოდავე ქიბარ ხალვაშის მიუნხენიდან ჩართვა შესთავაზა მაყურებელს.

სერგო თეთრაძის საქმეზე სასამართლოში ლადო ბედუკაძის დაკითხვა მხოლოდ რუსთავი 2- მა, იმედმა, საზოგადეობრივმა მაუწყებელმა და GDS-მა გააშუქეს.

 

ცხრილი 1.12.  16 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემები.

 

ცხრილი 2. გამოტოვებული  თემები

გამოტოვებულ თემებში მითითებულია მხოლოდ მიმდინარე, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ახალი ამბები და არ არის შეყვანილი დამოუკიდებელი მასალები.

მონიტორინგის PDF ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე:  http://bit.ly/1kLRiDZ