ტელევიზიების პრაი-ტაიმის საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი
27 ივნისი, 2016 |
სარედაქციო პოლიტიკა
მერვე ანგარიში
1-31 მაისი, 2016
მონიტორინგის სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS, კავკასია (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).
მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.
1-31 მაისი მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
პრიორიტეტული თემები
მაისის თვეში მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების პრიორიტეტული თემების ჩამონათვალში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისება და მასთან დაკავშირებული პროტესტი, პოლიტიკურ პარტიებში მიმდინარე ცვლილებები და ახალი პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება, საარჩევნო სისტემაში გერმანული მოდელის შემოტანის მოთხოვნა, რუსთავი 2-ის საქმის სასამართლო განხილვა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა სასამართლო პროცესი, ე.წ „კაბელების საქმე“ მოხვდა. აღნიშნული თემები მონიტორგინის სუბიექტი ყველა ტელევიზიის პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქდა, თუმცა იყო გამოტოვებული თემებიც.
კორუფცია კულტურის სამინისტროში
მაისის თვის გამოტოვებულ თემებს შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა მოხვდა, რომელიც კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციას შეეხებოდა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს ბიუჯეტიდან 2 მილიონ 500 000 ლარის ოდენობის თანხა, უწყების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გამარტივებული ან პირდაპირი დაფინანსების გზით მიიღეს. გამოქვეყნებულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი სახელწმიფო დაფინანსების იმ დაუსაბუთებლად მაღალ წილზე კეთდებოდა, რომელიც ბიუჯეტიდან ჯაზ ფესტივალების ჩატარების მიზნით გამოიყო. აღნიშული თემა მაისის თვეში მონიტორინგის სუბიექტ ტელევიზიებს შორის მხოლოდ GDS-ის პრაიმ-თაიმის საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა.
ცესკოს თანამშრომელთა პრემიები და დანამატები
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელთა მაღალ ანაზღაურებებს, პრემიებსა და დანამატებს იკვლევდა, მაისის თვეში “იმედისა” და “ტაბულას” ეთერში არ გაშუქებულა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი 2011-2015 წლებს მოიცავდა და წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს თანამშრომელთა ხელფასების ზრდის ტენდენციასა და შრომის არაადეკვატურად მაღალ ანაზღაურებაზე ამახვილებდა ყურადღებას.
ელიტური კორუფციის კვლევა
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებული ელიტური კორუფციის კვლევას მაისის თვეში საეთერო დრო მხოლოდ რუსთავი 2-მა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კავკასიამ დაუთმეს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა აზრით, თანამდებობის პირები, პირადი მიზნების მისაღწევად, დაკავებულ პოსტებს ბოროტად იყენებენ. კვლევის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით საზოგადოების მსგავსი დამოკიდებულება 15 %-ით არის გაზრდილი. კვლევა სახელმწიფო სტრუქტურების დაბალ რგოლებსაც შეეხო, სადაც აღნიშნული ტენდენცია არ გამოიკვეთა. გამოკითხულთა 99% პროცენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომსახურეობის მიღებისას მათთვის ქრთამი არ მოუთხოვიათ. აღნიშნული თემა არ გაშუქებულა იმედის, მაესტროს, GDS-ისა და ტაბულას ეთერში.
რესპუბლიკური პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ფემიციდის შესახებ
რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის სასჯელის გამკაცრებაზე, არ გაშუქებულა რუსთავი 2-ის, იმედის, ტაბულასა და კავკასიის საინფორმაციო გამოშვებებში. საკანონმდებლო ინციატივა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის, სისხლის სამართლის კოდექსში, ცალკე პრიმა მუხლის გამოყოფას ითვალისწინებსდა. კანონში შესატანი ცვლილება ფემიციდს განმარტავდა, როგორც მეუღლის ყოფილი მეუღლის, პარტნიორის ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის წევრის მიერ ქალზე განხორციელებულ ძალადობას.
ბაღების დირექტორების გათავისუფლება
ბაღების მართვის სააგენტოს მიერ სამსახურიდან კიდევ ოთხი დირექტორის გათავისუფლება იმედის, მაესტროსა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში არ გაშუქებულა. 36-ე, 144-ე, 213-ე და მე-3 საბავშვო ბაღებში, დირექტორების ცვლილებას მშობელთა და პედაგოგთა ნაწილი პოლიტიკური მოტივებს უკავშირებდა, თუმცა ბაღების სააგენტოს განცხადებით, აღნიშნულ პიროვნებათა სამსახურიდან დათხოვნა, მათ მიერ საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის გამო მოხდა.
გლდანის მაღალჩინოსნის დაკავება
გლდანი-ნაძალადევის გამგეობის მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტი მაესტროსა და GDS-ის გარდა მონიტორინგის სუბიექტმა ყველა ტელევიზიამ გააშუქა. საუბნო სამსახურის უფროსი, ვასილ ბექაური, სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მაღალჩინოსანმა კერძო კომპანიის მფლობელს სახლების რეაბილიტაციის პროექტის განხორცილების სანაცვლოდ 1800 ლარი გამოართვა, ხოლო მოგვიანებით აღნიშნულ პირს დამატებით 2000 ლარის გადახდა მოსთხოვა.
ბრძოლა რუსულ პროპაგანდასთან
რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით თბილისში გამართული საორგანიზაციო ფორუმი 9 მაისს მხოლოდ ტაბულას, კავკასიისა და რუსთავი 2-ის საინფორმაციო ბადეში მოხვდა. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობოების მონაწილეობით გამართული ფორუმი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას ითვალისწინებდა.
ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობას დაუბრუნდა
ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილება ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში დაბრუნების შესახებ არ გაშუქებულა იმედისა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებში. კანონპროექტი, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებდა, რამდენიმე თვის წინ ოპოზიციის პრეზიდენტისა და ექსპერტების კრიტიკისა და პროტესტის მიუხედავად ძალაში შევიდა.
ინფო გრაფიკა#1
იხ. ინფო გრაფიკა შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/297RAlA