პოლიტიკური პარტიების საჭიროებების კვლევა
2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. თავისუფალი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია არსებობდეს თავისუფალი მედია-გარემო და პოლიტიკურმა სუბიექტებმა (პარტიებმა და კანდიდატებმა) შეძლონ, სრულფასოვნად ისარგებლონ მედიის, როგორც ამომრჩეველთან კომუნიკაციის, შესაძლებლობით.
მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წინასაარჩევნო პერიოდში ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია No.R(99)15 მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებული ზომების შესახებ , რომელიც წევრ ქვეყნებში მედიაზე პოლიტიკური პარტიების თანაბარი წვდომისა და მედიის მიერ პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვის მხრივ ბაზისურ სტანდარტებს განსაზღვრავს.
წინამდებარე კვლევის მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეისწავლოს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა აქტორების საჭიროებები მედიის, როგორც ელექტორატთან კომუნიკაციის ინსტრუმენტის, საარჩევნო პროცესში ეფექტიანი გამოყენების მიზნით. საარჩევნო სუბიექტების მედიისადმი დამოკიდებულების კვლევა, მათი განწყობებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს პოლიტიკური სუბიექტების უკეთ წვდომას მედიაზე და საბოლოოდ ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
კვლევაში წარმოდგენილი შეფასებები პოლიტიკური პარტიების აღქმებს ასახავს და არა მედიის თვისობრივ ან რაოდენობრივ ანალიზს.
კვლევის შესავალში წარმოდგენილი მეთოდოლოგია, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რასაც მოსდევს გამოკითხვის შედეგები, რომლებიც დაჯგუფებულია შემდეგი თემატიკის მიხედვით: 1. მედია-გარემო; 2. ამომრჩეველთან კომუნიკაციის გზები; 3. სრულფასოვანი/არასრულფასოვანი გაშუ- ქება; 4. პოლიტიკური აფელაციები; 5. საზოგადოებრივი მაუწყებელი 6. უარი თანამშრომლობაზე; 7. თანამშრომლობა ფინანსურ საწყისებზე /მონიტორინგის გზები.