კახი კალაძის საარჩევნო დაპირებების რეკლამირება “იმედის” ფეისბუქ გვერდზე

2017 წლის 16 აგვისტოს, ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების ვებ-გვერდმა imedinews.ge გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „კახა კალაძე თბილისის დენდროლოგიური პარკის რეკონსტრუქციის ინიციატივით გამოვიდა“. იგივე სტატია „იმედის“ ფეისბუქ გვერდზე დასპონსორებული მასალის სახით გავიდა. სხვა პოლიტიკური სუბიექტების შესახებ მომზადებული მასალა, რომელიც კანდიდატის საარჩევნო ინიციატივას შეეხებოდა, აგვისტოში მედია საშუალებას არ დაუსპონსორებია.
რა კრიტერიუმით არჩევს რედაქცია დასასპონსორებელ მასალას და რატომ არ მოხვდნენ რეკლამის კატეგორიაში სხვა პოლიტიკური სუბიექტები?- ამ შეკითხვით ჩვენ ტელეკომპანია „იმედს“ მივმართეთ. მათ ვიდეო კომეტარზე უარი განაცხადეს. თუმცა, „იმედის“ სოციალური მედიის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ქოროღლიშვილმა შეკითხვაზე წერილობით შემდეგი პასუხი გაგვცა:
გიორგი ქოროღლიშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ სოციალური მედიის მიმართულების ხელმძღვანელი: „გადავამოწმეთ და აღნიშნული მასალა ნამდვილად არ არის დასპონსორებული ჩვენთან. მასალის რეკლამირებისას ვდილობთ მკითხველს სხვადასხვა კატეგორიის თემები შევთავაზოთ და აქცენტი არ კეთდება მხოლოდ ერთ მიმართულებაზე“.
ამ პასუხის შემდეგ აღნიშნული მასალა ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ „იმედის“ ფეისბუქ გვერდზე, კახა კალაძის შესახებ მასალა აღარ იძებნება. თუმცა, ზემოთ მოცემული ფოტო, რომელიც ჩვენ მასალის სკრინის სახით შევინახეთ, ადასტურებს, რომ სტატია ნამვილად დასპონსორებულია.
გამოქვეყნებულ სტატიას თან ერთვოდა ვიდეო მიმართვა, რომელიც "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 16 აგვისტოს გაავრცელა. ვიდეო მიმართვაში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კანდიდატის ინიციატივაზე და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეკონსტრუქციის შესახებ იყო საუბარი.
სოციალური მედიაში პოლიტიკური სუბიექტების რეკლამირების პრობლემაზე საუბრობენ „სამართლიან არჩევნებში“. ნინო რიჟამაძის განმარტრებით, სოციალური მედიის საკანონმდებლო რეგულირება, წინასაარჩევნო გამოწვევაა. მისი განმარტებით, „იმედის“ მიერ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო დაპირების დასპონსორება, არის საარჩევნო სუბიექტის რეკლამა და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, "იმედს" სხვა სუბიექტების შესახებ მომზადებული მასალებიც უნდა დაესპონსორებინა.
მოამზადა ნიკა გურინმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია