ბლოგი

​ ​
​ ​

დაიხარჯება თუ არა ადმინისტრაციული რესურსი მედიაში?

30 ივნისს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის ინიციატივით ჩუღურეთის რაიონში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ჩუღურეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ, რასაც ქალბატონ რიმასთან ერთად ორგანიზება ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელმა მომავალმაც“ გაუწია. აღნიშნული აქცია სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამომრჩეველთა მოსყიდვის, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “ქართული ოცნება - ჯანმრთელის საქართველოს”  წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მიმართა.

აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმაცია თბილისი  საკრებულოს ვებგვერზე გამოქვეყნდა, იგივე ინფორმაცია უცვლელი სახით საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ რუბრიკაში „საზოგადოება“ NS-ის (გამომწერის ინფორმაცია) ნიშნით გაამოაქვეყნა. სააგენტო საკონტრაქტო ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებულ მასალებს NS-ის ნიშნით აქვეყნებს, რაც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ მასალა დაფინასნებულია.

წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად ჩნდება კითხვები იყენებს თუ არა ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს საკუთარი პარტიის კამპანიის წარმოებისთვის. რა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული რესურსი ამის ჩამონათვალი ვრცელია და მასში როგორც ავტომობილის საწვავი ან ავტომობილების გამოყოფა შეიძლება მოვიაზროთ, ასევე  ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური სარგებელი, რომელიც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ არის გამოყენებული.  

სწორედ ერთ-ერთ ასეთი შემთხვევად შეიძლება მივიჩნიოთ “ინტერპრესიუნის” მიერ გავრცელებული მასალა, რომელშიც მოყვანილი აქციის კანონიერებას რამდენიმე უწყება სწავლობს.

იმისათვის, რომ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ თანაბარი პირობები შეექმნათ, საქართველოს კანონმდებლობა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, წინასაარჩევნო კამპანია იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. შესაბამისად, ამ დღიდან შედის კანონით გათვალისიწნებული რეგულაციები ძალაში. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევაში ჯარიმა 2000 ლარია. არის თუ არა ეს ჯარიმა დახარჯული რესურის ან სხვა პოლიტიკური პარტიების არაკონკურენტულ გარემოში ჩაყენების ადეკვატური ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, როგორ ხდება წინასაარჩევნო პერიოდში საბიუჯეტო სახსრების მედიაში გამოყენება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების მონიტორინგს ახორციელებს, მაუწყებლების დაფინასება აკრძალულია (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), ონლაინ მედიაზე კი არანაირი რეგულაცია ვრცელდება. მედიის განვითარების ფონდის კვლევამ (საბიუჯეტო ორგანიზაციების დაფინანსების მედიაში გადანაწილება) აჩვენა, რომ ონლაინ მედია ბიუჯეტიდან შესული შემოსავლებით მეორე ადგილზეა და მათთან ხელშეკრულების გაფორმება დამკვიდრებული პრაქტიკაა. 

საჯარო უწყებების დიდი ნაწილი ონლაინმედიის მომსახურებით სარეგბლობენ. ხელშეკრულებების მიხედვით, მედიასაშუალებები უწყებების მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა გაავრცელოს. გავრცელების ვალდებულება იწყება 5 სიახლიდან და რიგ შემთხვევებში შეუზღუდავი რაოდენობაცაა მოაზრებული.

იმ ფონზე, როცა ონლაინმედიასთან ხელშეკრულება თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას აქვს გაფორმებული და საარჩევნო კოდექსით, მინისტრებს აგიტაციაში მონაწილეობის მიღება თანამდებობის დატოვების გარეშე შეუძლიათ, შესაძლოა, გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მინისტრების ზოგიერთი აქტივობის გაშუქება ადმინისტრაციული რესუსრის დახარჯვად მივიჩნიოთ. კანონი არ კრძალავს არც საჯარო მოხელეების ჩართვას აგიტაციაში თუ ეს არასამუშაო დროს ხდება. იმის გარჩევა, სამუშაო დროს ხდება თუ არასამუშაო დროს კონკრეტული აქტივობა შედარებით რთული დასადგენია.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ონლაინმედიაში გახშირდება იმ პირთა აქტივობების შესახებ ინფორმაციის განთავსება, რომლებიც საარჩევნო კამპანიებში არიან ჩართულები. ერთი მხრივ, მათ უწყებებს ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული საინფომაციო სააგენტოებთან და მათი აქტივობების შესახებ ინფორმაციის განთავსების ვალდებულება აქვთ, მეორე მხრივ კი საარჩევნო აგიტაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმიჯისტრაციული რესურსით განთავსება კანონდარღვევაა.

გარდა კანონდარღვევისა, მედიასაშუალებებთან გაფორმებული მუდმივი ხელშეკრულებები შესაძლოა, რბილი ცენზურის ნიშნებს შეიცავდეს. სამოქალაქო კონტროლის პირობებში, რბილი ცენზურა, როგორც წესი, გამოხატულია ხელისუფლების საქმიანობისა და მისი წარმოამდგენლების პოზიტიურად გაშუქებაში. მსოფლიოს გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა ასოციაცია - WAN-IFRA რბილი ცენზურის ერთ-ერთ ტიპად შესყიდულ ახალ ამბებს გამოყოფს. ორგანიზაცია აღნშნავს, რომ შესყიდული ახალი ამბების დროს გავრცელებული ინფორმაცია არის შესყიდვის საგანი, თუმცა ისე ვრცელდება, რომ მისი ახალი ამბისგან გამიჯვნა არ ხდება.