ბლოგი

​ ​
​ ​

ფოტო მანიპულაციები

რამდენად იკითხება სტატია ფოტოს გარეშე? ისევე როგორც ბეჭდური მედიაში, ონლაინ გამოცემებშიც ფოტოილუსტრაცია მკითხველის ყურადღების მიზიდვას ისახავს მიზნად. „თვალის საკვები“, რომლითაც გაზარმაცებული მკითხველის სტატიით დაინტერესება ხდება, ახალი მედიის პირობებში ინფორმაციის კითხვადობისა და გაზიარებების   ზრდასთან პირდაპირ კავშირშია, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მასალაზე დართული ფოტო მანიპულაციური ხასიათისაა?

ფოტომონტაჟის უსაზღვრო შესაძლებლობების გამო, ხშირად მედიასაშუალებები მასალაზე მანიპულაციური ფოტოს დართვის ცდუნებას ვერ უძლებენ.  მსგავსი ქმედება რამდენიმე მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: პროპაგანდა, საზოგადებაში გავრცელებული შიშებისა თუ უარყოფითი განწყობების გამწვავება, პოლიტიკური ან საზოგადო მოღვაწის გაშარჟება და სხვა.

კურიერის შაბათის გამოშვებაში, „შავი წარბებისთვის“ დათმობილ საეთერო დროს გასდევდა აზრი, რომ ოფიციალური პირის მხრიდან ადამიანთა გარეგნობით ან სხვა სახით დისკრიმინაცია მიუღებელი და არაკორექტულია ქცევაა. გიორგი გაბუნია არჩილ გეგეშიძის  ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც ამერიკაში საქართველოს ელჩი გიორგიევსკის ტრაქტატზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში „ქართველებს მუგუზალივით შავი წარბები და თმა ექნებოდათ“. წამყვანმა ამ განცხადების დისკრიმინაციული ხასიათის  საჩვენებლად იუმორისტული ჟანრი აირჩია და Photoshop-ის საშუალებით, მინისტრთა კაბინეტის წევრების, პრეზიდენტის, პრემიერის, ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის გაშავწარბებული ფოტოების ფონზე აჩვენა საზოგადოებას გასპარსელებული ქართული გენეტიკის შედეგი. მართალია წამყვანმა აშკარა ფოტო მანიპულაციაში ბალანსის დაცვა სცადა, რადგან ხელისუფლებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შავი წარბებით დამუშავებულ პოლიტიკოსებს შორის დავით ბაქრაძე და თავად რუსთავი 2-ის ჟურნალისტებიც მოხვდნენ, თუმცა, ყოფილი ელჩის გამონათქვამის გაკრიტიკება მსგავსი მანიპულაციის გარეშეც შესაძლებელი იქნებოდა.

                         

 მანიპულაციური ფოტო გაცილებით ხშირად გვხვდება ონლაინ მედიაში. მათი შინაარსი, როგორც წესი, პოლიტიკოსთა მიმართ გამოთქმული კრიტიკის ვიზუალიზაციას  წარმოადგენს, პირდაპირ ან ირიბ კავშირშია სტატიის ტექსტთან და ხშირად ასოციაციური კავშირების დამყარებას ემსახურება.

 

მაგალითისთვის პირველი რადიოს სტატიას, სადაც ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლებას სირაქლემის პოზის დაჭერაში ადანაშაულებს, თან ახლავს სირაქლემას  ფოტო,  თუმცა ფრაზა „სირაქლემას პოზა“ ხელისუფლების მიმართ არის გამოთქმული სტატიის სათაური „სირაქლემა და სარკე-წულუკიანი განტევების ვაცს ეძებს...“ მკითხველის აღქმით პირდაპირ აკავშირებს იუსტიციის მინიტრს ზემოაღნიშნულ ფრინველთან.  კრიტიკული სტატიის შინაარს თანდართული ფოტო დამცინავ ელფერს სძენს და ნეგატიური ხასიათის მატარებელია.

 

პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებისას წინასარჩევნო პერიოდში ფოტოს საშუალებით მათი პროფესიული წარსულის გახსენებაც შეიძლება. მსგავსი ტაქტიკა „მარშალპრესმა“ გამოიყენა, როცა რუსთავი 2-ის საქმეზე პაატა ბურჭულაძის პოზიციის კომენტირებისას სტატიას პოლიტიკოსის ის ფოტო მიამაგრა, რომელშიც ბურჭულაძე ოპერის არიის შესრულების პროცესშია გადაღებული.

საზოგადოებაში არსებული შიშებისა და სტერეოტიპების გასამყარებლად მანიპულაციური ფოტოები ერთ-ერთი ნაცადი საშუალებაა. „მარშალპრესის“ სტატიას ოჯახის შესახებ სარეფერენდუმო კითხვის დარეგისტრირებაზე თან ახლავს ერთ ერთი LGBT Pride-ის დროს გადაღებული ფოტო. სტატიის შინაარსი მკითხველს აცნობებს, რომ რეფერენდუმისთვის კითხვის დასარეგისტრირებელად საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები ჯერ კიდევ არ შეგროვებულა, ხოლო სტატიაზე თანდართული ფოტო საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გაღრმავებას უწყობს ხელს. მსგავსი ხასიათის ფოტო აქვს დართული თამაზ მეჭიაურის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფატიან კაცებს ოჯახში არავინ ისურვებდა.

მანიპულაციური  ფოტოების გამოყენება მედიაში არ არის მხოლოდ ქართული მედიასივრცის პრაქტიკა. მსგავსი შემთხვევი დასავლურ მედიაშიც გვხვდება.

ამერიკულ საინფორმაციო პორტალ-News Buster-ზე განთავსებული ფოტო სადაც ბარაკ ობამას  პიჯაკზე  ამერიკის დროშის ნაცვლად, ისრაელის დროშაა განთავსებული, გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ რედაქციამ არასამთავრობო ორგანიზაცია  MediaMatters-ის მოთხოვნით საიტიდან წაშალა. სურათზე  პრეზიდენტის უკან ამერიკული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების სიცილის კადრებია ჩასმული.  საიტის რედაქტორის განმარტებით,  გამოქვეყნებისას ფოტოზე ისრაელის დროშის სახით  არსებული მანიპულაცია არ შეუმჩნევია.