ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგი

23 თებერვალი, 2016 | სარედაქციო პოლიტიკა

1-31 იანვარი, 2016

მეოთხე ანგარიში

მონიტორინგი სუბიექტები: რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).

მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.

1-31 იანვრის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

პრიორიტეტული თემები

იანვრის თვეში ქვეყანაში შექმნილი მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთი საერთო პრიორიტეტული თემა  დიდთოვლობა და სტიქიით გამოწვეული მძიმე მდგომარეობა იყო. გარდა დიდთოვლობისა, მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების იანვრის  პრიორიტეტული თემების ჩამონათვალში, ლარის კურსის ვარდნა, გაზის დეფიციტი, ენერგეტიკის სამინისტროს რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებები, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიება და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში დადანაშაულება  მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ GDS-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვება 1 დან 10 იანვრის განმავლობაში არ გასულა, რაც აღნიშნულ პერიოდში ტელეკომპანიის პრიორიტეტული და გამოტოვებული თემების კვლევაზე არ აისახება.

იანვრის პრიორიტეტული თემების საინფორმაციო ბადეში განთავსების თვალსაზრისით მსგავსება რუსთავი 2-ის, იმედისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებს შორის გამოიკვეთა. პრიორიტეტული თემების საინფორმაციო ბადეში განთავსების განსხვავებული ტენდენცია აღინიშნებოდა მაესტროს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა  და  GDS-ის ეთერში. 

  • 8 იანვარს ეკა ბესელიას მიერ ალეკო ელიაშვილისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს რუსთავი 2-ის იმედისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებმა პირველი ბლოკის მეორე და მესამე სიუჟეტები დაუთმეს, ხოლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული თემა მეორე ბლოკის მეექვსე სიუჟეტად გააშუქა.
  • პრიორიტეტული თემების საინფორმაციო ბადეში განთავსების განსხვავებული ტენდენცია გამოიკვეთა მაესტროს 13 იანვრის საინფორმაციო გამოშვებაში.  13 იანვარს მონიტორინგის სუბიექტმა ტელევიზიებმა პრიორიტეტი თბილისში „სოკარის“ წარმომადგენლის ვიზიტს  და რუსულ კომპანია  „გაზპრომთან“ გაზის შესყიდვის მიზნით გამართულ  მოლაპარაკებების თემას მიანიჭეს. რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და იმედის საინფორმაციო გამოშვებებში თემას პირველი ბლოკის პირველი სიუჟეტი დაეთმო, ხოლო ტაბულას ეთერში აღნიშნული თემა, ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ პირველი ბლოკის მეორე თემად გაშუქდა. მაესტროს 13 იანვრის საინფორმაციო გამოშვებაში პრიორიტეტული თემა პრეზიდენტ ბაკარ ობამას კონგრესში წარმოთქმული სიტყვა და მისი პრეზიდენტობის დასასრული იყო, ხოლო „სოკარის“ წარმომადგენლის ვიზიტსა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს პირველი ბლოკის მეექვსე სიუჟეტი დაეთმო. იხ. ცხრილი 1.
  • 8 იანვარს პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსის ხელმოწერა და ამავე დროს კანონთან მიმართებით მისი კრიტიკული პოზიცია „ტაბულასა“ და „იმედის“ ეთერში პირველი ბლოკის პირველ სიუჟეტად გავიდა, ხოლო რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამ თემას პირველი და მეორე ბლოკის მეხუთე სიუჟეტები დაეთმო.  სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით,  „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებამ ამ თემას მეორე ბლოკის მეთოთხმეტე   სიუჟეტი დაუთმო. „კონტაქტის“ 8 იანვრის პირველი სიუჟეტი ვან დეიკის ტილოს კონტრაბანდას ეხებოდა.
  • 11 იანვარს კვლევის სუბიექტი საინფორმაციო გამოშვებების პრიორიტეტული თემა მმართველი პოლიტიკური გუნდის - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დაკომპლექტება იყო. თემას იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირველი ბლოკის  პირველი და რუსთავი 2-ის მეოთხე სიუჟეტები დაეთმო. მაესტრომ აღნიშნული თემა საინფორმაციო ბადეში პირველი ბლოკის მეშვიდე, ხოლო GDS-მა მეორე ბლოკის მეცხრე სიუჟეტებად გააშუქეს. 
  • 15 იანვარს ჯოკია ბოდოკიას განცხადება, იმის შესახებ, რომ მისთვის გამოტანილი 11 წლიან განაჩენი ბიძინა ივანიშვილსა და პროექტ პანორამა თბილისს უკავშირდებოდა  და საკუთარი განაჩენის შესამსუბუქებლად მას ბრალი ყოფილი ვიცე-მერისთვის ალექსანდრე მარგიშვილისთვის უნდა გაენაწილებინა, გარდა GDS-ისა  მონიტორინგის სუბიექტმა ყველა ტელევიზიამ საინფორმაციო ბადის პირველ ბლოკში გააშუქა. GDS-მა აღნიშნულ თემას მეორე ბლოკის მეცხრე სიუჟეტი დაუთმო.  GDS-ის 15 იანვარის პირველი ბლოკის პირველი სიუჟეტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სილამაზის სალონების კონტროლის ინიციატივა, ხოლო მეორე ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი იყო. 

პოლიტიკური თემების გაშუქების ტენდენცია

კვლევის შედეგად მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების მიერ პოლიტიკური თემების გაშუქების მხრივ შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები ყველაზე მაღალი ინტენსიობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედისა და GDS-ის ეთერში შუქდებოდა.

  • 5 იანვარს მხოლოდ იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, ბაღებში ფიზიკური ძალადობის პრევენციის შესახებ.
  • საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავრობის მიერ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ერთწლიან გეგმის დამტკიცებას.
  • ხელისუფლების საქმიანობის ჭრილში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ლატვიაში ვიზიტი, მხოლოდ იმედმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქეს.
  • მხოლოდ GDS-ის ეთერში  გავიდა  რეპორტაჟი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი სილამაზის სალონების შემოწმების შესახებ.

აღნიშნული ტელევიზიები საეთერო დროს ნაკლებად უთმობდნენ ხელისუფლების კრიტიკის შემცველ სიუჟეტებს.

იანვრის თვეში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი თემების გაშუქების მაღალი ინტენსივობით რუსთავი 2 და ტაბულა გამოირჩეოდა. ოპოზიციის საქმიანობის ამსახველი სიუჟეტები მოიცავდა როგორ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივებს, ასევე „ახალი პოლიტიკური ცენტრისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივობებს. 

ოპოზიციის მიმართ კრიტიკის შემცველ სიუჟეტები იანვრის მაღალი ინტენსიობით შუქდებოდა GDS-ის ეთერში. თემების ნაწილი მოიცავდა წინა ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებულ სიუჟეტებს და ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის კრიტიკას. 14 იანვარს 20:30-მა საინფორმაციო ბადე გოგა ხაინდრავას სტუდიურ ინტერვიუს დაუთმო. ინტერვიუში საუბარი იყო ფილმზე სახელწოდებით „9+1“, რომელიც გოგა ხაინდრავას რეჟისორობით იქმნება და მიზნად წინა ხელისუფლების პერიოდში გახმაურებული და უცნობი საქმეების მხატვრულ ეკრანიზაციას ითვალისწინებს.  

 

დიაგრამა#1

 

 

გამოტოვებული თემები

გაზპრომის თემა. იანვრის თვის საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა გაზის მომწოდებელი კომპანიების დივერსიფიკაცია და რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ გაზის შესყიდვის მიზნით გამართული მოლაპარაკებები იყო. რუსულ მხარესთან ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკებები ოპოზიცისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტის ფონზე მიმდინარებდა.  

11 იანვარს  გაზის დივერსიფიკაციის პროცესებზე ოფიციალური ბაქოს კომენტარს საეთერო დრო მხოლოდ რუსთავი ორმა დაუთმო. აზერბაიჯანული მხარემ გაზპრომთან მოლაპარაკებების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მოვლენების ამ დინამიკით განვითარება თბილისი ბაქოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახებოდა. 

„გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი, რუსულ მხარისგან გაზის შესყიდვის  პოლიტიკური ასპექტები და ოპოზიციის მიერ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მისვლის მოთხოვნა 14 იანვარს მაესტროს გარდა ყველა ტელევიზიამ გააშუქა.  იხ. ცხრილი#2

ცხრილი#2

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ “გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებებზე გაკეთებული განმარტებებისა და ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შეუსაბამობით უკმაყოფილო უმრავლესობის წარმომადგენლების თემას,  13 იანვარს საეთერო დრო მხოლოდ „რუსთავი ორმა“, „იმედმა“ და „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დაუთმეს.

15 იანვარს „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ენერგეტიკის მინისტრის,  „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებების დოკუმენტაციის გასაჯაროების მოთხოვნა, მხოლოდ „რუსთავი ორისა“ და ტაბულას საინფორმაციო ბადეში მოხვდა. 

სიუჟეტი, ქართული მხარის მიერ ვენაში „გაზპრომთან“  გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებისა და ქართული მხარის სომხეთისთვის განკუთვნილი აირის მონეტიზაციაზე უარის შესახებ,  22 იანვარს   მხოლოდ მაესტროს საინფორმაციო გამოშვებამ გამოტოვა.    იხ. ცხრილი#3

ცხრილი#3

შეწყალების კომისიის საქმე. დეკემბრის თვეში გამოტოვებული მნიშვნელოვანი თემების რიცხვში  შეწყალების  კომისიის ყოფილი თავჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მიერ მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში ბრალდება მოხვდა. ელისაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებულთა განთავისუფლების მიზნით  მასზე ზეწოლის განხორციელებასა და კორუფციაში დაადანაშაულა.

აღნიშნული თემა თვის განმავლობაში ყველა ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ სიუჟეტი მხოლოდ რუსთავი 2-ის 7 იანვრის საინფორმაციო ბადეში მოხვდა.

14 იანვარს ელისაშვილის მოთხოვნა საპროკურორო საბჭოში ეკა ბესელიას უფლებამოსილების შეჩერების  შესახებ მხოლოდ რუსთავი 2-მა და GDS-მა გააშუქეს.

ალეკო ელიაშვილისა და ზვიად ქორიძის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების ალბათობის არსებობის შესახებ გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადება 15 იანვარს  მხოლოდ მაესტროს პირველი ბლოკის მეთორმეტე და რუსთავი ორის პირველი ბლოკის მეხუთე სიუჟეტების თემა იყო. 15 იანვარს უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება მხოლოდ რუსთავი 2-მა გააშუქა. კურიერის პირველი ბლოკის მეექვსე სიუჟეტში ნიკა მემანიშვილმა მის ხელთ  კობახიძისა და ბესელიას ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შესახებ  პროკურატურასა და ჟურნალისტებს განუცხადა.

იანვრის თვეში გამოტოვებული მნიშვნელოვანი თემების რაოდენობით GDS-ი და მაესტრო გამოირჩეოდნენ.

ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი. 4 იანვარს ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის  პრემიერ მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა მაესტროსა და ტაბულას გარდა ყველა ტელევიზიამ გააშუქა. თუმცა ტაბულამ აღნიშნულ თემას 5 იანვრის გამოშვებაში პირველი ბლოკის მეოთხე სიუჟეტი დაუთმო.  ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვდა.

თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნები 11 იანვარს კვლავ მოხვდა რუსთავი ორისა და ტაბულას სამაუწყებლო ბადეში. აღსანიშნავია, რომ “მაესტრომ” და GDS მა ამ თემას საეთერო დრო 12 იანვარს  მას შემდეგ დაუთმეს, რაც პრემიერმა ოპოზიციასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და მხარეებმა შეხვედრისთვის მზადება დაიწყეს.

ზვიად კვაჭანტირაძის საქმე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიყენებული 16 000 დოლარის ოდენობის ზარალის შესახებ სიუჟეტს რუსთავი ორისა და ტაბულას 19 იანვრის  საინფორმაციო გამოშვებების ბადეში პირველი ბლოკის მეოთხე და მეხუთე ადგილი დაეთმო. სიუჟეტი „ქართული გაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობოდა, სადაც საუბარი იყო კვაჭანტირაძის მიერ ავარიის შედეგად მიყენებული ზარალის დაფარვის შესახებ ინფორმაციის არარსებობაზე. სახელმწიფო უწყებებმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. სხვა ტელევიზიებს ეს თემა არ გაუშუქებიათ.   იხ.ცხრილი#4

ცხრილი#4

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასება გიგი უგულავასთან დაკავშირებით. „მაესტროს“ ეთერში არ მოხვდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის გამოსვლა. მისასალმებელ სიტყვაში ევროსაბჭოს  საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პოლიტ-პატიმრად მოიხსენია, რასაც საქართველოს მთავრობაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. თემა რუსთავი 2-ის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და GDS-ის ეთერში 25, ხოლო იმედის ეთერში 26 იანვარს გავიდა.   იხ.ცხრილი#5

ცხრილი#5

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის დასკვნა. GDS-ისა და მაესტროს საინფორმაციო ბადეში 13 იანვარს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის დასკვნა არ მოხვდა. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარი იყო საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემატიკასა და მედია მდგომარეობის, კერძოდ რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ევროსაბჭოს დასკვნაში აღნიშნული ოყო მედია მრავალფეროვნების ხელშეწყობის მნიშვნელობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

გარდავნის არჩევნები. გარდაბნის გამგებლის არჩევნებამდე, საარჩევნო სპეც-უბნების თემაზე ოპოზიცისაა და ხელისუფლების დაპირისპირების თემა, მაესტროსა და GDS- ის ეთერში  25 იანვარს, ხოლო რუსთავი ორის, იმედის  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  ტაბულას ეთერში 27 იანვარს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაშუქდა. დაპირისპირების მიზეზი გარდაბანში გამგებლის არჩევნების სპეც-უბანზე ჩატარება გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ამ სახით ჩატარებას გაყალბების პოტენციურ საფრთხის მატარებლად მიიჩნევდნენ.

29 იანვარს  მესამე სექტორის მიერ გარდაბნის გამგებლის  არჩევნების მიმდინარეობისა და ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ სიუჟეტს მაესტროსა და GDS-ის გარდა საეთერო დრო ყველა ტელევიზიამ დაუთმო. 

მერიის მიერთბილ-სერვის-ჯგუფისთანამშრომლების დათხოვნა. მერიიდან „თბილ-სერვის-ჯგუფის“ სამი თანამშრომლის განთავისუფლება 8 იანვარს მხოლოდ რუსთავი 2-მა გააშუქა. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით  „თბილ სერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ გამართული საპროტესტო აქციიდან მერვე დღეს მერიამ სამი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო აქციის 60 მონაწილეს საყვედური გამოუცხადა.

დამოუკიდებელი თემები

იანვრის თვეში დამოუკიდებელი თემების საინფორმაციო ბადეში განთავსების თვალსაზრისით რუსთავი ორი და მაესტრო ლიდერობდნენ.

რუსთავი2 -მა დამოუკიდებელი თემებად გააშუქა ისეთი სოციალური სიუჟეტები, როგორიცაა სოციალური თერაპიის სახლში მცხოვრები 55 ბენეფიციარის დაფინანსების გარეშე დარჩენის საშიშროება. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც  ბენეფიციარებს აფინანსებდნენ დახმარების შეწყვეტას აპირებენ, სახელმწიფო კი ამ სახლს დღეში მხოლოდ 11 ლარით ეხმარება.

 დამოუკიდებელ სოციალურ თემას მიეკუთვნებოდა 21 იანვარს რუსთავი ორის ეთერში მეორე ბლოკის მეათე სიუჟეტად გასული რეპორტაჟი ვეტერანების ჰოსპიტალისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. 

მაესტროს იანვრის თვის დამოუკიდებელი თემები, ჩოხატაურში სპორტსკოლის შენობაში მცხოვრები მოსახლეობის,  ახალგორში მოქმედი რეგულაციების ცვლილების  და ნატოს მიერ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სპეციალური განყოფილების შექმნის შესახებ სიუჟეტებს მოიცავდა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებს რომლებიც ჩოხატაურის რაიონში ყოფილი სპორტსკოლის შენობაში ელექტრო ენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე ცხოვრობენ მაესტრომ 11 იანვრის პირველი ბლოკის მეექვსე სიუჟეტი დაუთმო.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საშვებთან მიღების  რეგულაციების გამარტივების შესახებ სიუჟეტი მაესტროს ეთერში 26 იანვარს გავიდა, ხოლო 28 იანვარს „კონტაქტის“ პირველი ბლოკის მეხუთე სიუჟეტი სახელწოდებით „ნატო და აშშ რუსეთის წინააღმდეგ“ ნატოს მიერ რუსული პროპაგანდის პრევენციისთვის სპეციალური განყოფილების შექმნის გეგმას ეხებოდა. 

ოკუპირებული ტერიტორიების თემას ეხებოდა 14 იანვარს იმედის ეთერში გასული რეპორტაჟი დვანიდან. მეორე ბლოკის მერვე სიუჟეტის თემა იყო მოქალაქე, რომელმაც ეგრეთწოდებული საზღვრის გამო საცხოვრებელი სახლი დაშალა და საოკუპაციო რეჟიმის  მიერ დაწესებული საზღვრის ქართულ მხარეს გადმოიტანა.

იხ. თაიმლაინი