ბლოგი

​ ​
​ ​

ვინ ქმნის მედიის დღის წესრიგს?

2015 წელს ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას, BBC-ის ვიზუალური ჟურნალისტიკის ჯგუფმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით, 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხების ნუსხა შეადგინა. პარალელურად მათ პრიორიტეტულ საკითხებზე ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამა შეისწავლეს და ამომრჩევლისთვის პოლიტიკის თემატური გზამკვლევი შექმნეს, რათა მათთვის კონკრეტული სფეროს შესახებ განსხვავებული პარტიული ხედვა გაეცნოთ და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება გაეიოლებინათ.

ეს ერთი შეხედვით მარტივი მაგალითი ნათლად ასახავს, თუ როგორ შეიძლება უწყობდეს ხელს საკითხებზე ორიენტირებული მედია ამომრჩევლის ინფორმირებას, რაც მისი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის, უმთავრესი ფუნქციაა.

1994 წელს ბუდაპეშტში ეუთოს სამიტში მონაწილე ყველა სახელმწიფომ აღიარა მედიის მკაფიო და მზარდი როლი საარჩევნო პროცესში, ვინაიდან, მედია უზრუნველყოფს შეუცვლელ კავშირს კანდიდატებსა და ამომრჩეველს შორის. ის მართავს საჯარო დებატებს, ახდენს საზოგადოების ინფორმირებას პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, მათი პლატფორმებისა და საარჩევნო პროგრამების შესახებ. მედია აძლევს ამომრჩეველს საშუალებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, როდესაც ისინი საარჩევნო ურნებთან დადგებიან. ინფორმირებული არჩევანის უფლება კი დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია, ამიტომაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა წინასაარჩევნო პროცესში მედიის საქმიანობისა და მისი დღის წესრიგის შესწავლას.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე?  როგორ იყენებს მედია საკუთარ „ძალაუფლებას“ არჩევნების გაშუქებისას? რამდენად უსმენს მედია საზოგადოებას და რამდენად ასრულებს ის მასზე დაკისრებულ უპირველეს მოვალეობებს?

2016 წლის ივნისში ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ქვეყანაში ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, საზოგადოება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბეს, ტერიტორიულ მთლიანობას, ინფლაციას და პენსიებს ასახელებს. მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო მონიტორინგი, რომელიც ტელეკომპანიების - საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მასტრო, ტაბულა, GDS პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გადაცემებს მოიცავს, აჩევენებს, რომ აპრილი-ივლისის განმავლობაში მედიაში ყველაზე ხშირად პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების აქტივობები, მართლმსაჯულების საკითხები, პოლიტიკური კონფრონტაცია, საგარეო ურთიერთობები, საარჩევნო პროცესთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები შუქდებოდა. ნათელია, რომ მედიის მიერ ხშირად გაშუქებული თემები არ ემთხვევა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალს. წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ტელევიზიებში ფართოდ არ შუქდება ეკონომიკური და სოციალური საკითხები, რაც საზოგადოებისთვის ყველაზე პრობლემატურ სფეროებს წარმოადგენს.

კითხვებზე პასუხი 2 მიმართულებით შეგვიძლია ვეძიოთ - ერთი უშუალოდ მედიასთან კავშირში, მეორე კი მისგან დამოუკიდებლად.

მთავარია არ დაგვავიწყდეს, რომ მედია არ ქმნის ახალ ამბავს. მან შეიძლება გადაწყვიტოს ახალი ამბებიდან, რომელს რა მნიშვნელობა მიანიჭოს. მაგრამ, ამბის შექმნა დამოკიდებულია გარემოზე, რომელშიც ეს მედია საშუალება მაუწყებლობს. 2012 წელს, როდესაც ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოვიდა, მისი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. ამ პროცესში მიმდინარე გამოძიებები თუ სასამართლო დავები კი ასახვას სწორედ მედიაში ჰპოვებს. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პოლიტიკური პარტიები აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებენ. მედია კი საკუთარ დღის წესრიგს ადგენს სწორედ რომ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგზე დაყრდნობით. მთავარია, ამ პროცესში მედიამ არ დაკარგოს მიუკერძოებელი აქტორის როლი და იმ საკითხებზეც გაამახვილოს ყურადღება სიღრმისეული გაშუქების გზით, რაც საზოგადოების დღის წესრიგშია და განახორციელოს მისი მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირება.

წინასაარჩევნო პერიოდში მედიისთვის ამ ფუნქციის შესრულება გაცილებით უფრო რთულია და თანაც არა მხოლოდ საქართველოში. მაგალითად, მეოცე საუკუნის ბოლოს, როდესაც სპარსეთის ყურის კრიზისი გახდა დომინანტი საკითხი, ახალი ამბების გაშუქებისას, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ამერიკელები ამ საკითხს ქვეყნის ყველაზე მთავარ პრობლემად მიიჩნევდნენ. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ამ საკითხის მედია გაშუქებამ გავლენა მოახდინა პრეზიდენტ ბუშის ზოგადი საქმიანობის შეფასებაზეც, რადგან კრიზისის განმავლობაში, ბუშის შეფასება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მის საგარეო პოლიტიკურ საქმიანობასთან, ვიდრე მის ეკონომიკურ მიღწევებთან. კრიზისამდე კი პირიქით, ბუშის შეფასებისას მის ეკონომიკურ საქმიანობას უფრო დიდი წონა ჰქონდა, ვიდრე საგარეო პოლიტიკას.

მართალია, მედია არ არის დამოუკიდებელი აქტორი დღის წესრიგის შექმნისას და პოლიტიკური აქტორები თუ საზოგადოება, ვინც ამბავს ქმნის დიდწილად განსაზღვრავენ საინფორმაციო ნაკადს, თუმცა სწორედ ამაში მდგომარეობს მედიის მთავარი დილემა არჩევნების წინა პერიოდის გაშუქებისას - ან გაიზიაროს BBC-ის მაგალითი  და უზრუნველყოს ამომრჩევლის ინფორმირებული არჩევანი,  ან თავად იქცეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად წინასაარჩევნო პროცესში.