ტენდენციური გაშუქება და ბალანსის პრობლემა GDS-ზე
ბეგრაუნდის და ალტერნატიული შეფასებების გარეშე აშუქებს GDS თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომლის დამფუძნებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.
მაგალითად, 20 მაისს (20:32 წუთზე) საინფორმაციო სამსახურმა პირველ სიუჟეტად თანაინვესტირების პროექტების შესახებ მასალა მოამზადა. „ახალი ინვესტიცია საქართველოში. მშენებარე სამი სასტუმრო მარიოტის უმაღლესი კლასის „ავტოგრაფ ქოლექშენის“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. იგულისხმება თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული სასტუმრო თავისუფლების მოედანზე და სოლოლაკში, ასევე შეკვეთილში. პროექტის ჯამური ღირებულება 265 მილიონი დოლარია“. - ასე წარადგინა პროექტები წამყვანმა.
სიუჟეტში წარმოდგენილია საქართველოს პრემიერის, მარიოტის წარმომადგენლის, თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და თბილისის მერის სინქრონები, რომლებიც პროექტებს დადებითად აფასებენ. თბილისის მერი კი დადებით მხარეებთან ერთად ხაზს უსვამს, რომ: „ეს არის პროექტები, რომლებსაც მხოლოდ დადებითი მხარე აქვს“.
სიუჟეტში არაფერია ნათქვამი იმ სამოქალაქო პროტესტზე, რომელიც ერთ-ერთი პროექტის „პანორამა თბილისის“ ფარგლებში სოლოლაკში მშენებარე სასტუმროს უკავშირდება და რომლის გამო გარემოსდამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.