სპეცოპერაცია გლდანში და "იმედი" "უკრაინული კვალის" ძიებაში

18 ოქტომბერი, 2016 | სარედაქციო პოლიტიკა

7 ოქტომბერს, არჩევნების წინა დღეს, “იმედის” 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვება გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში მიმდინარე სპეცოპერაციის დაანონსებით დაიწყო, რომლის დროსაც რედაქციის ინფორმაციით, სავარაუდოდ იმ პირის დაკავება მიმდინარეობდა, ვინც დეპუტატ გივი თარგამაძეზე განხორციელებულ ტერქტში ფიგურირებდა. ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება 4 ოქტომბერს განხორციელდა, როდესაც ის თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გადაადგილდებოდა.

სპეცოპერაციის ანონსს პრემიერ-მინისტრის საარჩევნო მიმართვა მოჰყვა, რომელიც გადაცემის დაწყებიდან მე-3 წუთზე შეწყდა და სპეცოპერაციის ადგილიდან ჩართვით გაგრძელდა.

 

ჟურნალისტმა ჩართვის დროს აქცენტი გააკეთა იმ გარემოებაზე, რომ პიროვნება, რომლის სახლის ჩხრეკის ოპერაცია ჩართვის მომენტში ხორციელდებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელიც მეზობლების ცნობით, უკრაინაში იმყოფებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა: „ეს პირი არის „სუსის“ ყოფილი თანამშრომელი და ასევე მეზობლების ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, იმყოფებოდა უკრაინაში“.

ამ წარდგინებას მოსდევს სინქრონი, როდესაც “იმედის” ჟურნალისტი რესპონდენტს თავად სთავაზობს ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის ვერსიას და რამდენჯერმე ეკითხება მას ხომ არ იმყოფებოდა იგი უკრაინაში. საპასუხოდ მეზობელი შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ან უკრაინაში ან რუსეთში“. მოგვიანებით კი იგივე რესპონდენტი  კითხვაზე, თუ რამდენი ხანია, რაც ეჭვმიტანილი არ იმყოფება ქვეყანაში, პასუხობს: „31-ში დავამთავრე სმენა და იმის მერე რომ ვიკითხე, სად არის? მითხრეს არ არისო, წასულია, მგონი, რუსეთში.“

ეჭვმიტანილის მეორე მეზობლის კომენტარი საერთოდ არ შეიცავდა ინფორმაციას აღნიშნული პირის რომელიმე უცხო ქვეყანაში ყოფნის შესახებ. ამდენად, ჟურნალისტის მიერ ჩართვისას გაკეთებული განცხადება, რომ “მეზობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სავარაუდოდ უკრაინაში იმყოფება” უსაფუძვლოა.

ამასთანავე, იმავე დღეს, რუსთავი 2-ზე მიმდინარე სამძებრო სამუშაოების ამსახველი პირდაპირ ჩართვისას, ბრალდებულის მამა აღნიშნავს, რომ მისი შვილი 5 დღეა, რაც რუსეთშია წასული. ჟურნალისტის კითხვაზე, დადიოდა თუ არა ეჭვმიტანილი უკრაინაში, მამა აცხადებს: „არა, უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული“. საგულისხმოა, რომ იმედის ეთერში ეჭვიტანილის ოჯახის წევრებიდან მხოლოდ დედის კომენტარი გავიდა, რომელსაც შვილის ადგილსამყოფელზე არ უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიის პარლამენტის წევრზე განხორციელებული ტერაქტის მეორე დღეს, 5 ოქტომბერს, მინიშნებები დამნაშავის უცხოეთში ყოფნის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა გააკეთეს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს...  ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა...“

ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელად უკრაინის დასახელებით კი მინიშნება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე კეთდებოდა, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი კომენტარი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან დღისით არის ჩაწერილი, რადგან ჩართვის მომენტში, საღამოს 8 საათზე პირდაპირ ეთერში უკვე ბნელა. დღის გამოშვებაში, მათ შორის 7 საათან ანონსში “იმედს” სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, სხვა არხებმა კი, მიმდინარე ოპერაციის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს.

თინა გოგოლაძე