არის თუ არა ჩინეთის საელჩო “უცხოური ძალა”? - “ობიექტივის” ეთერში “ჩინური პანორამის” განთავსებას საელჩო ისევ აფინანსებს

7 ოქტომბერი, 2025 |

ჩინეთის საელჩო “ობიექტივის” ეთერში გადაცემას მას შემდეგაც აფინანსებს, რაც კანონმა მაუწყებლებს “უცხოური ძალის” მიერ გადაცემის დაფინანსება აუკრძალა. ამ ფაქტზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალზე განთავსებული მონაცემები მეტყველებს. კერძოდ, აღნიშნული მონაცემების თანახმად, 2025 წლის მე-2 კვარტალში ტელეკომპანია “ობიექტივმა” 12 500 ლარის შემოსავალი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან მიიღო, ხოლო 18,480 ლარი არხის მფლობელის, ირაკლი ცილიკიშვილისგან შემოწირულობის სახით. აღსანიშნავია, რომ კატეგორიაში “7000 ლარს ზემოთ დაფინანსება” “ობიექტივს” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს გასწვრივ გადაცემის განთავსება აქვს მითითებული; ხოლოს დაფინანსების წყაროების შესახებ კატეგორიაში - კომერციული რეკლამა.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების საფუძველზე, 2025 წლის 1 აპრილიდან მაუწყებლებს უცხოური ძალებისგან დაფინანსების  მიღება, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა, ეკრძალებათ. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.

საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, თავი VIII, მუხლი 66¹, მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა: ”აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.”

კანონი  “უცხოურ ძალად” ამ მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევს:

ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტს;

ბ) ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;

გ) იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;

დ) ისეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთ გაერთიანებას, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

აღნიშნული ცვლილებები მიღებისთანავე ამოქმედდა, ხოლო ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევების განიხილვის და მაუწყებლისთვის სანქციის შეუფარდების უფლებამოსილება მარეგულირებელს 2025 წლის 1 ივნისიდან განესაზღვრა.

 

იმის გამო, რომ ჩინეთის საელჩოს მონაცემები მარეგულირებლის ვებ-გვერდზე ორი სხვადასხვა კატეგორიითაა გატარებული (გადაცემის განთავსება და კომერციული რეკლამა), ინფორმაციის დასაზუსტებლად, თუ რა სახის მომსახურებაში გადაიხადა ჩინეთის საელჩომ თანხა, ჩვენ ტელეკომპანია “ობიექტივს” დავუკავშირდით. 

“ობიექტივის” გამგეობის თავმჯდომარის, ირაკლი ცილიკიშვილის განმარტებით, ჩინეთის საელჩოს დაფინანსებით, ტელეკომპანიის ეთერში 2025 წლის მე-2 კვარტალში გადაცემის “ჩინური პანორამა” რამდენიმე გამოშვება გავიდა. 

“ობიექტივის” Youtube არხზე ხელმისაწვდომია გადაცემების ციკლის “ჩინური პანორამა” ჩანაწერები. 2025 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში სულ 21 გადაცემა მომზადდა, მათ შორის 1 აპრილიდან 30 ივნისამდე პერიოდში - 6 ჩანაწერი  (1,2,3,4,5,6). გადაცემები დაახლოებით 50-წუთიანია და ჩინეთის დროშისა და რუკის ფონზე წამყვანისა და მოწვეული სტუმრის ფორმატში გადის. 

გადაცემა ჩინეთის ეკონომიკასა და პოლიტიკას, ასევე, მის როლს გლობალურ მოვლენებში პოზიტიურად წარმოაჩენს. 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური პორტალის თანახმად, მაუწყებლების დაფინანსების წყაროებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო პირველად 2023 წელს, მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის დაფინანსების წყაროებში გამოჩნდა. 2024 წლის მე-2 კვარტალში ჩინეთის საელჩომ 15 630 ლარის, ხოლო ამავე წლის მე-4 კვარტალში 12 000 ლარის რეკლამა „ობიექტივში” განათავსა. კომუნიკაციების კომისიის პორტალზე 2025 წლის 1-ელ კვარტალში ჩინეთის საელჩო “ობიექტივის” დაფინანსების წყაროებში მითითებული არ არის, თუმცა ამ პერიოდით დათარიღებული გადაცემები ატვირთულია მაუწყებლის Youtube არხზე. 

აღსანიშნავია, რომ უცხოური დაფინანსების შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, რომლებიც არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ იყო მიმართული და ევროკავშირის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე შეფასება მოჰყვა, მარეგულირებელი კომისიის მონაცემთა ბაზაში 2025 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ “ობიექტივისთვის” გაცემული დაფინანსება (გადაცემის განთავსება) ფიგურირებს.

კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული გადაწვეტილებების თანახმად, 2025 წლის 1 ივნისიდან მარეგულირებელმა “ობიექტივის” საქმიანობასთან დაკავშირებით ორი საქმე განიხილა, თუმცა არც ერთი მათგანი უცხოური დაფინანსებით გადაცემის განთავსებასთან დაკავშირებული არ ყოფილა. 

არქივი: https://archive.ph/DudtJ