ბლოგი
პროკურატურისა და მედიის “რომაული არდადეგები”
1954 წლის 4 ივლისს ამერიკელმა ექიმმა სემუელ შეპარდმა ფეხმძიმე მეუღლე სახლში მოკლული იპოვა. ინციდენტიდან მცირე ხანში პოლიციამ შეპარდი დაკითხა და მის დანაშაულში ეჭვი არ შეუტანია. თუმცა საზოგადოებაში ჩამოყალობდა აზრი, როლის დამკვიდრებასაც, თავის მხრივ, მედიაც უწყობდა ხელს, რომ დამნაშავე სწორედ სემ შეპარდი იყო, რომელიც მისი სტატუსისა და შესაძლებლობების გამო მართლმსაჯულების მიღმა რჩებოდა.
კლივლენდის პრესამ მომხდარ ინციდენტს მოჭარბებული ყურადღება დაუთმო, უფრო მეტიც საგაზეთო სათაურებში პიდაპირ იყო მოწოდება შეპარდის დაპატიმრების მოთხოვნით.
30 ივლისის ღამეს, როდესაც სტატია, სათაურით “ნუ ყოყმანობთ - დააკავეთ” გამოქვეყნდა, სემ შეპარდი მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.
სასამართლო პროცესამდე 3 კვირით ადრე გაზეთებმა ნაფიც მსაჯულთა სახელები და მისამართები გამოაქვეყნეს. გაშუქება თავად პროცესის მიმდინარეობისას უფრო ინტენსიური გახდა, რა დროსაც ისეთ დეტალებზე კეთდებოდა აქცენტი, როგორიც ნაფიცი მსაჯული ქალების ჩაცმულობა, შეპარდის ადრინდელი სასაიყვარულო ისტორიები იყო.
12 წლის შემდეგ სემ შეპარდი ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და გაათავისუფლა. საფუძველი ახლადაღმოჩენილი გარემოებები იყო. ცნობილმა კალიფორნიელმა კრიმინალისტმა პოლ კირკმა გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მკვლელი ცაცია იყო. მან აღმოაჩინა სისხლის კვალი, რომელიც არც სემს, არც მის მეუღლე მერილინს არ ეკუთვნოდათ. უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა იმ “საკარნავალო ატმოსფეროზე”, რომელშიც პირველი პროცესი წარიმართა, რამაც შეპარდს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვა.
ამ ინციდენტის გაშუქებამ, რომელსაც მკვლევარები მედიის “რომაულ არდადეგებს” უწოდებდნენ, ამერიკულ საზოგადოებაში წარმოშვა შეკითხვა - რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ამერიკისთვის - ჭორები თუ სამართლიანი სასამართლო სისტემა?
მიუხედავად გადაჭარბებული წინასასამართლო საჯაროობისა, მოსამართლეს რაიმე ზომები არც პროცესის მიმდინარეობისას მიუღია, არც განხილვა გადაუტანია შედარებით ნეიტრალურ ადგილზე.
მედიის ქმედებამ, რომელიც დანაშაულს აშუქებს, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს როგორც მოწმის, ასევე ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე და უბიძგოს მათ, არ წავიდნენ გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ.
2007 წელს ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ სიმულაციურ პროცესებში, რომლებიც მაღალი საჯაროობის მქონე მკვლელობის საქმეებში სასიკვდილო განაჩენს ეხებოდა, მონაწილეები უფრო მეტად ეთანხმებოდნენ განსახილველი საქმის შეთავაზებულ ვერსიას. კვლევამ ამის 2 მიზეზი გამოკვეთა: პირველი, სავარაუდოდ სიმულაციური პროცესის მონაწილეები ყოველდღიურად უყურებდნენ საინფორმაციო პროგრამებს და მეორე, სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც სასიკვდილო განაჩენის საქმეებზე იყვნენ კვალიფიცირებული, დასჯის წინასწარგანწყობა ამოქმედებდათ, რაც მათ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისკენ უბიძგებდათ.
სემ შეპარდის საქმის “საკარნავალო გაშუქებამ”, შესაძლოა, ბევრს მაგდა პაპიძის საქმის მედია რეფლექსია მოაგონოს, რომელიც ცხადია 60-იანი წლების ამერიკული შემთხვევის ზუსტ ანალოგიად ვერ გამოდგება. არც ამ წერილის მიზანია ვინმეს უდანაშაულობის ან დამნაშავეობის მტკიცება ან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების სამართლიანობის თუ უსამართლობის განსჯა. უბრალოდ მართლმსაჯულების პროცესში მედიის როლის გააზრებისთვის, მაგდა პაპიძის საქმეც ისევე იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას, როგორც ეს თავის დროზე ამერიკულ საზოგადოებაში შეპარდის საქმის გაანალიზებას მოჰყვა:
ერთი მხრივ, მედიამ ვერ შეძლო ბალანსის დაცვა საზოგადოების ინფორმირებასა და ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის, მეორე მხრივ, ეს უფლება თავად ბრალდების მხარემ უგულვებელყო, როცა დახურული სხდომის დეტალები ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მედია საშუალებების მეშვეობით გაასაჯაროვა. პროკურატურის მიერ დახურული სხდომის დეტალების ცალკეული მედიუმების მეშვეობით გასაჯაროვებამ აზრი დაუკარგა თავად პროცესის დახურვას, რაც განსასჯელის მიმართ წაყენებული ბრალდებისთვის მეტი დამაჯერებლობის მიცემას და ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად.
არც სასამართლოს მიუღია სათანადო ზომები, რათა წინასასამართლო პროცესის მოჭარბებული მედია გაშუქების ნაფიც მსაჯულებზე გავლენის მინიმალიზება მოეხდინა. ცხადია, სასამართლო მართლმსაჯულების უფლების რეალიზებას გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე ვერ მოახდენდა, თუმცა ზიანის მინიმალიზებისთვის რამდენიმე გზისთვის შეეძლო მიემართა: საქმის განხილვის გადავადება, საქმის სხვა იურისდიქციაში ან ადგილზე განხილვა.
და ბოლოს, ორიოდ სიტყვა თავად მედიის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მიდრეკილია საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოს (ტაბლოიდური მედია) და რომლისგანაც მოველით, რომ ის საზოგადოებრივი ინტერესის (მედიის სოციალური პასუხისმგებლობა) დაკმაყოფილებას შესძლებს. ერთი მხრივ, რთულია, უარი თქვა ექსკლუზიურ ინფორმაციაზე, რომელსაც პროკურატურა გაწოდებს, მეორე მხრივ, ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები მოითხოვს, პატივი ვცეთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და საზოგადოებრივი ინტერესი ეთიკისა და სტანდარტების დარღვევის გარეშე დავაკმაყოფილოთ. ყველაზე მთავარი, ალბათ, წყაროებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის არა მექანიკური ტირაჟირება, არამედ მათი რევიზია და საზოგადოებისთვის გადამოწმებული ფაქტების მიწოდებაა. ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მედილის სკოლის პროფესორი დევიდ პროტესი იმისათვის, რომ სტუდენტებს პირველწყაროსთან მაქსიმალური მიახლოვების უნარი გამოუმუშავდეთ, სწავლის მეთოდად სიკვდილმისჯილთა საქმეების რევიზიას იყენებს. სწორედ ასეთი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მიაკვლიეს პროტესმა და მისმა სტუდენტებმა დამნაშავეს საქმეში, რომლის გამოც სასჯელს სრულიად სხვა პიროვნება იხდიდა.
მედიამ უკრიტიკოდ არ უნდა მიიღოს დაინტერესებული წყაროს მიერ შემოთავაზებული ვერსია. ეს უპირველეს ყოვლისა, არის გამოცდილება, რასაც იმედია, მედია საზოგადოებასთან ერთად, აუცილებლად შეიძენს.