ბლოგი

​ ​
​ ​

„მაესტრო“ და მისი წამყვანი მაუწყებლობის შესახებ კანონს არღვევს

ტელეკომპანია „მაესტროს“ წამყვანი სანდრო ვეფხვაძე რეკლამაში მონაწილეობით „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს“ კანონის 63(5)-ე მუხლს არღვევს. ამ ნორმით ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანას ან ჟურნალისტს რეკლამაში მონაწილეობა ეკრძალება.

სანდრო ვეფხვაძეს კი „მაესტროს“ ეთერში გადაცემა „ბიზნესკონტაქტი“ მიჰყავს. ეს არის ყოველდღიური (ორშაბათი-შაბათი, 12:30) გადაცემა ბიზესისა და ეკონომიკის შესახებ. წამყვანი რეპორტიორებთან და სტუმრებთან ერთად მაყურებლებს ერთი საათის განმავლობაში ამ სფეროს მიმდინარე ახალ ამბებს სთავაზობს.  

ბიზნეს ახალი ამბების პროგრამის წამყვანობასთან ერთად კი სანდრო ვეფხვაძე სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „პენეტრონის“ რეკლამაშიც  მონაწილეობს.

ამავე დროს კომპანია „პენეტრონი“ უკვე რამდენიმე კვირაა (2017 წლის 27 თებერვლიდან) გადაცემა „ბიზნესკონტაქტის“ სპონსორიც არის. ამ სპონსორობით  ტელეკომპანია „მაესტრო“ ამჯერად „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ 69 (2ა)-ე მუხლს არღვევს. კანონი ახალი ამბების პროგრამების სპონსორობას კრძალავს.

კანონმდებლობის გარდა მაუწყების ეთერში განსათავსებელ რეკლამასა და სპონსორობას „მაუწყებელთა ქცევის კოდექსიც“ არეგულირებს. კოდექსით მაუწყებელის ან მისი თანამშრომლის მიერ პროდუქციის ან მომსახურების პოპულარიზაციის სანაცვლოდ ფულადი თანხის ან სხვა მატერიალური ფასეულობის მიღება დაუშვებელია (მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, 58(5)-ე მუხლი). ასევე, “მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს პროდუქციის ან მომსახურების ისეთი პოპულარიზაცია, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია ან მათი პროგრამაში ხსენება ისე, რომ შეიქმნას მათი მხარდაჭერის შთაბეჭდილება”.(მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, 59 (2)-ე მუხლი)

ახალი ამბების წამყვანის კომერციულ რეკლამაში მონაწილეობის ეს შემთხვევა ქართულ მედიასივრცეში პირველი  არ არის. რამდენიმე ტელეკომპანიის საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანები: თეა სიჭინავა, ეკა მიშველაძე და ნინო თოლორდავა მონაწილეობდნენ კომპანია „ჯეოსელის“ რეკლამაში. „საგანგებო განცხადება - კაცი რომელიც სულ ლაპარაკობს“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ ეთერით 2015 წელს გავრცელდა. მაშინ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ 63(5)-ე დარღვევა დაადგინა და „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ არასათანადო რეკლამის ეთერში გაშვების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. GNCC-იმ მაუწყებლები სანქციის სახით  წერილობით გააფრთხილა. „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით“ ლიცენზირებული მაუწყებლების კონტროლი, სწორედ, „საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას“ ევალება.