„საქართველოს სათბურის კორპორაცია“ შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“-სა და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ
2015 წლის 6 მაისს სს „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-სა და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეების მიერ გავრცელებული მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფომრაციის უარმყოფელი ცნობების გამოქვეყნება.
2015 წლის 21 მარტს, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ ითქვა, რომ სს „საქართველოს სათბურის კორპორაციას“ 2014 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის 1477 დადგენილებით პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 1 ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 350 000 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოს 2,450,000 ლარად ჰქონდა შეფასებული. მოსარჩელის პოზიციით, „სათბურის კორპორაციისთვის“ 1 ლარად გასხვისებული მიწა პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა 9, 800,000 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პირობით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ასკვნის, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გაკეთებული განცხადება არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავდა და არასრული ინფორმაცია განზრახ გავრცელდა.
მოსარჩელის პოზიციით, გადაცემის ავტორმა გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომ სს „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ მფლობელია თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“, რომლის 50-50%-ს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ფლობენ.
2015 წლის 24 მარტს, „ რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემაში „კურიერი“ გაკეთდა განცხადება, რომ გარდაბანში მდებარე 2 500 000 ლარის ღირებულების ფართობი ერთ ლარად გადაეცა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის კომპანიას. სიუჟეტის დასრულებისას ნაჩვენები იყო ძველი, საბჭოთა პერიოდის აშენებული სათბური, რომელიც არ წარმოადგენს სს „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ საკუთრებას. მოსარჩელის პოზიციით, სიუჟეტით ისე წარმოჩინდა, თითქოს სათბურის კორპორაციას არავითარი ინვესტიცია არ განუხორციელებია.
მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეებს დაევალოთ მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა თანაზომადი ფორმით -იმავე საშუალებით, იმავე გადაცემებში - „განსხვავებული აქცენტები“ და კურიერი“. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხე მხარისგან შემდეგი ინფორმაციის განცხადებას: (1) არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ მფლობელია თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“, რომლის 50-50%-ს ბიძინა ივანისშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ფლობენ.“ რეალურად სს „სათბურის კორპორაციის“ აქციონერია შპს „ჯორჯიან აგრო დეველოპმენტი“; (2) არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ სს „სათბურის კორპორაციის“ მიერ უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ 1 ლარად მოხდა, არამედ პრივატიზაციის პირობად განისაზღვრა სააქციო საზოგაოებისათვის აღნიშნული ქონების გადაცემა 9,800,000 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პირობით.
მოსარჩელე მხარე სარჩელში აღნიშნავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. მოსარჩელე მხარე უდავოდ მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობები წარმოადგენს არა ჟურნალისტის პირად შეხედულებებს, მოსაზრებებს მოსარჩელე მხარესთან დაკავშირებით, არამედ ფაქტების მტკიცებას. მოსარჩელის აზრით, ფაქტების გადაუმოწმებლობა მეტყველებს ფაქტების განზრახ დამახინჯებას.