ტელევიზიების პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკა მეცხრე ანგარიში

26 ივლისი, 2016 | სარედაქციო პოლიტიკა

1-30 ივნისი, 2016

მონიტორინგის  სუბიექტებირუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, ტაბულა, GDS, კავკასია, ობიექტივი (საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები).

 მონიტორინგის მეთოდოლოგია: იხ. http://mdfgeorgia.ge/geo/view_news/415.

 

1-30 ივნისის საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

 

პრიორიტეტული თემები

მონიტორინგის სუბიექტი ტელევიზიების პრიორიტეტულ თემებს შორის, ივნისში რუსთავი-2 ის სასამართლო პროცესი, საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თავდაცვის მინისტრის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება მოხვდა. აღნიშნული თემების გარდა, პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გამოშვებებმა, საეთერო დრო კორცხელის ინციდენტის გამოძიებას, პოლიტიკური პარტიებისთვის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილების საკითხს, საარჩევნო უბნებთან პოლიციის პატრულირების კანონპროექტს, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო აქტივობებს,  პრეზიდენტისა და პრემიერის ოფიციალურ ვიზიტებს დაუთმეს. ნიშანდობლივია, რომ ივნისში  სპეციალური საინფორმაციო გამოშვებები გავიდა GDS-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 2 ივნისს, GDS-ის პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გამოშვება, ტელეკომპანიის დაღუპული ჟურნალისტის ხსოვნას მიეძღვნა, ხოლო 13 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მოამბის“ გამოშვება, 1 წლის წინ თბილისში მომხდარ სტიქიასა და მის შედეგებს დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებების დროსა და ხანგრძლივობაზე ივნისის შუა რიცხვებიდან  ევროპის ჩემპიონატის თამაშების ტრანსლირება ზემოქმედებდა.

ინფო გრაფიკა#1

იხ. ინფო გრაფიკა შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2aH9Cuu

 

ბრალდება რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის თაღლითობაში მონაწილეობის შესახებ

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება ტელეკომპანიის საქმის განმხილველი მოსამართლის ნათია გუჯაბიძის თაღლითობაში მონაწილეობის შესახებ არ გააშუქა ტელეკომპანია “ობიეტივმა”. გვარამიას განცხადებით, ნათია გუჯაბიძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილ ბინის ქირას საკუთარ დედას უხდიდა.

ეუთოს ანგარიში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, საქართველოში 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, არ გაშუქებულა მაესტროს, GDS-ის, კავკასიისა და ობიექტივის ეთერში. ანგარიშში ყურადღება იყო გამახვილებული იმ საკითხებზე, რომლებმაც შესაძლოა საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. კერძოდ, მედია სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე, საარჩევნო კანონპროექტებსა და ფარული მოსმენების გამოძიებაზე.

პრეზიდენტის გამოხმაურება კორცხელის ინციდენტზე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოხმაურება კონცხელში მომხდარ დპირისპირებაზე 2 ივნისს მხოლოდ GDS-ის საინფორმაციო ბადეში ვერ მოხვდა. პრეზიდენტმა კორცხელის ინციდენტზე, რასაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა, სამართალდამცველთა რეაგირებას არადააკმაყოფილებელი უწოდა და „ქართული ოცნების“ რიგებში შესაძლო „მოძველბიჭო ელემენტების“ არსებობაზე მიუთითა.

აუდიტის ანგარიში საჯარო მოხელეების სახელფასო დანამატების შესახებ

6 ივნისს 2014-2015 წლებში საჯარო სამსახურის მოხელეების სახელფასო დანამატების ზრდის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიში   არ გაშუქებულა GDS-ის ეთერში. ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს სამინისტროებმა წინა წელთან შედარებით ჯამში 48 მილიონით მეტი სახელფასო დანამატი გასცეს. გაცემული თანხის რაოდებით 2014-2015 წლებში სასჯელაღსულებისა და იუსტიციის სამინისტროები ლიდერობდნენ.

რუსთავი 2-ის მოსამართლის კვალიფიციკაციის საკითხი

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოთხოვნას, მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შესახებ, GDS-ისა და ობიექტივის გარდა, საეთერო დრო მონიტორინგის სუბიექტმა ყველა ტელევიზიამ დაუთმო.  ნიკა გვარამია აღნიშნული მოსამართლის აცილებას, მისი სისხლის სამართლის სპეციალიზაციის გამო ითხოვდა. ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებით, შორენა ყაველაშვილი რუსთავი 2-ის საქმემდე სასამართლო დავებს არა სამოქალაქო საქმეთა, არამედ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით იხილავდა.

რუსთავის სკოლაში მოსწავლეებისთვის ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენება

რუსთავის #2 სკოლის მოსწავლეებისთვის ძალადობის შემცველი კადრების ჩვენების შესახებ სიუჟეტი 9-10 ივნისს მხოლოდ რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროსა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს. რუსთავის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ხელმძღვანელმა #2 სკოლის დირექტორი მის შვილზე ზეწოლაში, ხოლო სკოლის ისტორიის მასწავლებლები მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ციხეში გადაღებული წამების კადრების ჩვენებაში დაადანაშაულა. სკოლის თანამშრომლებმა ბრალდება უარყვეს, და განაცხადეს, რომ ფილმი ლევან ვასაძის საოჯახო კონგრესზე სიტყვის გამოსვლის კადრებს შეიცავდა. სიუჟეტიდან გაირკვა, რომ ციხის კადრების ჩვენება არ დადასტურდა, ხოლო ლევან ვასაძის გამოსვლისასთან ერთად სკოლის მოსწავლეებს 7 ნოემბრის და 26 მაისის საპროტესტო აქციების დაშლის კადრები უჩვენეს.  

საკრებულოს დეპუტატის ფულის გამოძალვაში დადანაშაულება 

თბილსის საკრებულოს დეპუტატის თედო კობახიძის ყოფილი თანამშრომლის მიერ ამ უკანასკნელის ფულის გამოძალვაში დადანაშაულების შესახებ სიუჟეტი ივნისის თვეში, ვერ მოხვდა  საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაესტროს, GDS-ის და ობიექტივის პრაიმ-ტაიმის  საინფორმაციო ბადეში.  საკრებულოს დეპუტატი,  ყოფილმა თანამშრომელმა სამსახურში აყვანის სანაცვლოდ ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა, განთავისუფლებული თანამშრომლის ინფორმაციით იგი იძულებული იყო კობახიძის ანგარიშზე ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხა გადაერიცხა, აღნიშნულმა თანხამ 4 000 ლარი შეადგინა. განმცხადებელმა აღნიშნულის შესახე ინფორმაცია თედო კობახიძის დას, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს მიაწოდა. საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნული ბრალდება უარყო და პროკურატურას საქმის მოკვლევის თხოვნით მიმართა.

ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება სააკაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ

ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიების ფარგლებში ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება, რომელიც აღნიშნულ თავდასხმაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ექს შსს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მონაწილეობაზე მიუთითებდა, 15 ივნისს მხოლოდ რუსთავი 2-ისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებმა არ გააშუქეს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიერ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის მოტივი ამ უკანასკნელის მერ მიხეილ სააკაშვილის ოჯახზე გაკეთებული განცხადებები იყო.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა: გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო ხარჯების ზრდის შესახებ იმედის,  მაესტროსა  და GDS-ის გარდა საეთერო დრო მონიტორინგის სუბიექტმა ყველა ტელევიზიამ დაუთმო. 27 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც გამგეობებში მერიებსა და საკრებულოებში თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების ოდენობა მკვეთრად აჭარბებს დადგენილ ნორმას.

სულხან მოლაშვილის გარდაცვალება

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ სიუჟეტი 29 ივნისს არ გაშუქებულა ტაბულასა და რუსთავი 2 ის ეთერში. 2004 წელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დაკავებული მოლაშვილი ყოფილ ხელისუფლებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა.  

ომბუდსმენის დასკვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების შესახებ

სახალხო დამცველის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდოომარის მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების შესახებ ჩატარებული მოკვლევის შედეგი ივნისში მხოლოდ რუსთავი 2, ის ტაბულასა და კავკასიის საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს. ობმუდსმენის დასკვნის მიხედვით, ეს გათავისუფლება უკანონო იყო და იუსტიციის საბჭომ ვერ წარმოადგინა ვერცერთი დოკუმენტი, რომელიც მამუკა ახვლედიანის მიერ ჩადენილ კანონდარღვევას დაადასტურებდა. 

სატრანსპორტო სამსახურში თანხების არამიზნობრივი ხარჯვა

მერიის სატრანსპორტო სამსახურში აუდიტის მიერ აღმოჩენილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ სიუჟეტი მხოლოდ ობიექტივისა და GDS-ის საინფორმაციო გამოშვებებმა გამოტოვეს. აუდიტის შემოწმების შედეგად, თბილისის სატრანსპორტო სამსახურში დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივი ხარჯვა დადგინდა.