სიძულვილის ენა, 2016 წლის ანგარიში

16 ნოემბერი, 2016 | სარედაქციო პოლიტიკა

მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა” განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა. ამასთანავე, იმის შესწავლა, თუ რამდენად იცავენ მედია საშუალებები პროფესიულ სტანდარტებს აღნიშნული თემატიკის გაშუქებისას.


წინამდებარე კვლევა 2016 წლის 1 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია, სიძულვილის ენის რეგულაციების მიმოხილვა და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები სიძულვილის ენის ტიპოლოგიის მიხედვით. I ნაწილი შეეხება ჰომოფობიურ გამოხატვას ტიპოლოგიისა და წყაროების მიხედვით; II ნაწილში გაერთიანებულია ქსენოფობიური გამოხატვა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 2.1.თურქოფობიას; 2.2. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას; 2.3. ქსენოფობიას სხვადასხვა ეთნოსების თუ ერების მიმართ; 2.4. არმენოფობიას და 2.5. რასიზმს. III ნაწილი პოლიტიკური და სხვა ნიშნით შეუწყნარებლობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს აერთიანებს. IV ნაწილში ის წყაროები და არხებია მიმოხილული, ვინც სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად იყენებს.