პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ

2015 წლის 22 დეკემბერს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის სახელით მისმა ადვოკატმა დავით ლანჩავამ გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

მედიაში გავრცელებული განცხადების თანახმად, სარჩელის მიზანია დამტკიცდეს, რომ "ქრონიკა +"-ის მიერ საჯარო პირის, მანანა კობახიძის წინააღმდეგ გავრცელდა პატივისა და ღირსების შემლახავი, არასწორი, შეგნებული ცილისწამება, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაციისკენ.

კობახიძე კილაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოსგან მოითხოვს, რომ ელისო კილაძეს სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნება დაავალოს.

ჟურნალისტის გარდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილსაც უჩივის. საჩივარი მათ მიერ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხება. კერძოდ, ბრალდებას, რომ მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას ნარკოკარტელის გახმაურებულ საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების ფინანსური დაინტერესება ჰქონდათ.