სლატშეიმინგი "მთავარი არხის" ჟურნალისტის წინააღმდეგ

30 ოქტომბერი, 2023 |

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციური “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას მხარდასაჭერ აქციას სოციალ ქსელში, ამავე არხის ჟურნალისტის მიმართ სლატშეიმინგი მოჰყვა. ჟურნალისტ დეა მამისაიშვილის ფოტო, მაისურზე წარწერით – „ირაკლი! ნიკა კრიმინალი არ არის!“  “მთავარი არხის” ფეისბუქ გვერდზე გვარამიას მხარდასაჭერად 2022 წლის 23 მაისს გამოქვეყნდა. ერთი წლის შემდეგ აღნიშნული ვიზუალი ფოტოფაბრიკაციის სახით გავრცელდა. ფაქტების გადამოწმების პორტალმა “მითების დეტექტორი” ფეისბუქ-ჯგუფში “ქვეყნის მტრების არქივი” ავთენტური ვიზუალის დაფოტოშოპებული ვერსია გამოავლინა, რომელზეც გვარამიას მხარდაჭერის ნაცვლად, მაისურზე წარწერა“ლიფი მიჭერს” ეწერა.

Slut-shaming („სლატშეიმინგი“) მორალური კრიტერიუმებით თავდასხმის სექსისტური სიძულვილის ენის ფორმაა, რომელიც  სიტყვა-სიტყვით „ბოზობით შერცხვენას“ ნიშნავს. მას სტერეოტიპულ წარმოდგენებთან შეუსაბამო გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცევის გამო ადრესატების გასაკიცხად იყენებენ.

ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს, უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მის პატიმრობას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ. 2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.  

ვრცლად გაეცანით მასალას ამ ბმულზე.