დავით ვაშაძე “ექსკლუზივნიუსის” წინააღმდეგ

სარჩელი: 2014 წლის 18 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო  ექსკლუზივნიუსმა გამოქვეყნა ჟურნალისტ დარეჯან ლიპარტელიანის სტატია, სათაურით „გიორგი ვაშაძის ძმა „გათხოვდა?!“. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული სტატიით ჟურნალისტი ცილს წამებს მოსარჩელეს კინოთეატრ „პრომეთეს“ ხელმძღვანელ გაგა ჩხეიძესთან ინტიმურ ურთიერთობებსა და მასთან თანაცხოვრებაში.

მოსარჩელის განმარტებით, სტატიის ავტორის ინტერესის ობიექტი გახდა იმდენად, რამდენადაც იგი არის პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა და მიზნად ისახავს როგორც გიორგი ვაშაძის, ასევე მის დისკრედიტაციას და არა საზოგადოებრივი ინეტერესის დაკმაყოფილებას.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სტატიის ავტორი მას არ დაკავშირებია და არ უცდია მასთან „ინფორმატორის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, მიუხედავად იმისა, რომ სტატიის მიხედვით, მისთვის ცნობილი იყო მისი ტელეფონის ნომერი. შესაბამისად, მოსარჩელისთვის სტატიით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გამოქვეყნების შემდეგ და მას არ მიეცა მის მიმართ გავრცელებული, სინამდვილეს შეუსაბამო ცნობებზე ადეკვატური პასუხის გაცემის შესაძლებლობა.

თავდაპირველად სარჩელში მოპასუხე მხარედ მითითებული იყო როგორც მედია საშუალების მფლობელი შპს "ექსკლუზივნიუსი", ასევე ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი, თუმცა 24 მარტს გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა და მოპასუხე მხარედ მხოლოდ შპს "ექსკლუზივნიუსი" მიუთითა.

მოსარჩელე მხარე ითხოვდა: (1) საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსის“ მიერ გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნებას, (2) დარეჯან ლიპარტელიანისა და შპს „ექსკლუზივნიუსისთვის“ სოლიდარულად, დავით ვაშაძის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღურებას 10 000 ლარის ოდენობით.

2015 წლის 24 მარტს, 10:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, არ გამოცხადნენ მოპასუხეები - დარეჯან ლიპარტელიანი და შპს „ექსკლუზივნიუსი“. მათ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებიათ. მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ იშუამდგომლა.

გადაწყვეტილება: 2015 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელი მხარის მოთხოვნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს ექსკლუზივნიუსს (1) დაეკისრა საინფორმაციო სააგენტო ”ექსკლუზივნიუსში”, ამავე სააგენტოში დარეჯან ლიპარტელიანის სტატიის ”გიორგი ვაშაძის ძმა ”გათხოვდა?!”, _ გამოქვეყნებით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა შემდეგი სახით: საინფორმაციო სააგენტო ექსკლუზივნიუსში, 2014 წლის 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ, დარეჯან ლიპარტელიანის სტატიაში, სათაურით _ ”გიორგი ვაშაძის ძმა ”გათხოვდა”?!” მოცემული შემდეგი ინფორმაცია: ”ვაშაძესა და ჩხეიძეს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა კი გადაწყვიტეს, საზოგადოებას არ დაემალონ. ამიტომ გაგა ჩხეიძემ ვაშაძესთან ურთიერთობა ”დააკანონა” და ისინი დღეს ერთად ცხოვრობენ. მოკლედ, გიორგი ვაშაძეს ძმა ”გაუთხოვდა”, _ არ შეეფერება სინამდვილეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით  დარეჯან ლიპარტელიანსა და შპს ”ექსკლუზივნიუსს”, სოლიდარულად, დავით ვაშაძის სასარგებლოდ,  10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

მოტივაცია: გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე მხარე და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.  სამოქალაქო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ  სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას.

აპელაცია: რედაქციამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარი: პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სადავოა ჟურნალისტისთვის თანხის დაკისრების საკითხი, რადგან "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონის მე-6(2) მუხლის თანახმად, "მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე". მართალია, მხარემ სხდომაზე დააზუსტა მისი თავდაპირველი მოთხოვნა და მოპასუხედ შპს "ექსკლუზივნიუსი" მიუთითა, მაგრამ სასამართლომ არასწორად დააკისრა ჟურნალისტს თანხის გადახდა.