ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გზამკვლევი

15 სექტემბერი, 2023

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც დღეისათვის 360 ჟურნალისტს აერთიანებს. ქარტია განსაზღვრავს პროფესიული ქცევის სტანდარტებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, ქარტიის საბჭოში მედიის მხრიდან ეთიკური და პროფესიული ნორმების დარღვევა გაასაჩივროს. 


ვის აქვს ქარტიაში გასაჩივრების უფლება? 

ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც თვლის, რომ ჟურნალისტის მხრიდან ქარტიით განსაზღვრული პროფესიული სტანდარტები დაირღვა. 

შესაძლოა თუ არა განცხადების  შეტანა ქარტიის არაწევრი ჟურნალისტის მიმართ?

ქარტიის საბჭომ თავისი მანდატი გააფართოვა და ამჟამად განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ასევე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ იხილავს.

რა ვადებში შეიძლება განცხადების შეტანა? 

იმ შემთხვევაში, თუ განცხადება ეხება ქარტიის წევრს, მისი ქარტიაში შეტანა სადავო მასალის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაშია შესაძლებელი. თუ განცხადება ქარტიის არაწევრ ჟურნალისტს ეხება, განმცხადებელმა ქარტიას მასალის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიმართოს. 

როგორ უნდა მივმართოთ ქარტიას? 

დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს ქარტიის განცხადების ელექტრონული ფორმა, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი და ელექტრონული ან ბეჭდური სახით მიაწოდოს ქარტიის სამდივნოს, რომელიც განცხადების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. 

რა ვადებში ხდება საქმეების განხილვა? 

ქარტიის სამდივნომ მასალები განხილვისთვის საქმის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვეში უნდა მოამზადოს და პირველივე სხდომაზე მისი განხილვა უზრუნველყოს. 

საჯაროა თუ არა საბჭოს გადაწყვეტილებები? 

საბჭოს გადაწყვეტილებები, როგორც სარეზოლუციო, ასევე სამოტივაციო ნაწილი, ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.