ძალადობის დასაშვებ ქცევად წარმოჩენა “იმედის დროში”
15 იანვარს „იმედის დროში“ გასული სიუჟეტი, 7 იანვრის ღამეს რატი გაჩეჩილაძის მიერ, რუსთავი 2 ის გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტსა და ამ ფაქტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. სიუჟეტში მომხდარის შეფასებისას რესპონდენტები კომენტარებში, აქცენტს აღნიშნული თავდასხმის მოტივზე აკეთებდნენ, ხდებოდა „ადამიანური ფაქტორის“ ხაზგასმა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენების დასაშვებ ქცევად წარმოაჩენა, რაც მაუწყებლობის ქცევის კოდექსის 49-ე მუხლის დარღვევაა.
სიუჟეტში ნიკა გვარამიაზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტის შეფასებისას წარმოდგენილი 4 რესპონდენტიდან, ორი [მხატვარი შოთა გლურჯიძისა და ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური] ძალადობის ფაქტს ცალსახად დაზარალებული წარსულით ხსნის, ერთი [ირაკლი დეისაძე] თავდამსხმელის მოტივის და ადამიანური ფაქტორს გათვალიწინებაზე საუბრობს, თუმცა ამასთანავე დასძენს რომ მისთვის ძალადობა მიუღებელია და მხოლოდ ერთი რესპონდენტი (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე) აცხადებს მკაფიოდ, რომ მოტივის მიუხედავად, ძალისმიერი მეთოდებით შურისძიება დემოკრატიული სახელმწიფოს ჩარჩოში არ ჯდება. ამდენად სიუჟეტში ბალანსი მხოლოდ ფორმალურად არის დაცული. უფრო მეტიც, პირველი ორი რესპონდენტი ძალადობის გამართლების გარდა, მომავალში დაზარალებულის საზოგადოებრივ სივრცეში გამოჩენის მიზანშეუწონლობაზე საუბრობენ.
სიუჟეტის მიმდინარეობისას ჟურნალისტი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე განხორციელებული ფიზიკურ ანგარიშსწორების სხვა ფაქტებსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ ყველა ამ შემთხვევაში აგრესიის ადრესატები „ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი წევრები აღმოჩდნენ“, რასაც მოსდევს კითხვა, თუ „რა კავშირშია აგრესიის გამოვლენა პოლიტიკურ წარსულთან?“ კითხვას ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე შემდეგნაირად პასუხობს:
„საზოგადოებაში არსებობს ასეთი ტერმინი განტევების ვაცი, ბიბლიიდან მოსული, როდესაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ძალადობა, დამცირება და ასე შემდეგ, საპატიოსავით არის. გერმანიაში ეს იყვნენ ებრაელები და სექსუალური უმცირესობები... ზოგჯერ ესეთი შეიძლება იყოს პოლიტიკური ფიგურაც... უბრალოდ, ცივილიზებულ ქვეყანაში საქმე თავ-პირის მტვრევამდე არ დადის .... როგორც ვთქვი, ხელით ჩხუბი არის მისაღები, ეს ითვლება ვაჟკაცობის გამოვლინებად, ვაჟკაცობა შეიძლება სხვა რამეში გამოვლინდეს, გაცილებით უფრო სასარგებლოდ“.
აღნიშნულ სიუჟეტში რესპონდენტთა უმეტესობა, არა ძალადობის ფატზე არამედ თავდამსხმელის მიერ გაცხადებულ მოტივზე აკეთებს აქცენტირებას და ამ მოტივს გასაგებს, ზოგ შემთხვევაში მისაღებს უწოდებს, ამასთან სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის მხარდამჭერი არც ერთი რესპონდენტის პოზიცია ასევე არ არის წარმოდგენილი საპირისპირო აზრი იმ ბრალდებეზე, რომელიც სიუჟეტის მიმდინარეობისას დაზარალებული ნიკა გვარამიას მიმართ გაჟრღერდა.
ტელეკომპანიის მიერ მომხდარი ფაქტის ამგვარი გაშუქება წინააღმდეგობაშია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 49 მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის მიხედვით, „მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს ისეთი მასალა, რომელმაც შესაძლოა წააქეზოს ან წაახალისოს დანაშაულის ჩადენა ან გამოიწვიოს ანტისოციალური ქმედება, ან რომელიც ამართლებს ან იწონებს უკანონო, ძალადობრივ, სახიფათო ან ანტისოციალურ ქმედებას”.
თინა გოგოლაძე