საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს
2016 წლის 19 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ისინი ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონის 30-ე მუხლში, რომელიც სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს ეხება, 3 ცვლილების განხორციელებას ითხოვენ.
კანონის არსებული რედაქციით, სამეურვეო საბჭო, უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებასა (მუხლი 30, 1ბ) და ბიუჯეტში (მუხლი 30 1გ). ამასთან, სამეურვეო საბჭო ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს (მუხლი 30, 1თ).
საკანონმდებლო წინადადებით, სამეურვეო საბჭოს საკუთარი ინიციატივით დებულებასა და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორთა აზრით, არსებული კანონი გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭოზე სრულიად დამოუკიდებელს ხდის. ისინი ასევე თვლიან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილება კი გენერალურ დირექტორს უნდა მიენიჭოს.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორთა მოსაზრებით, მოქმედი რეგულირებით ირღვევა სამეურვეო საბჭოს არსობრივი პრინციპებიც, რომლის მიხედვითაც ის უნდა იყოს გენერალური დირექტორის საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო, ამ მუხლების შედეგად კი ის თავად არის გადაწყვეტილების მიმღებიც და მაკონტროლებელიც.
საკანონმდებლო ინიციატივას ხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 თანამშრომელი აწერს.
28 დეკემბერს პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაავალა.
სამეურვეო საბჭოს საკუთარი ინიციატივით ბიუჯეტსა და დებულებაში ცვლილების შეტანა, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობების დადგენის უფლებამოსილება ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონში 2013 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიენიჭა. აღნიშნული ინიციატივა ელისო ჩაფიძემ და მურმან დუმბაძემ პარლამენტს 2013 წლის აპრილში წარუდგინეს. განმარტებით ბარათში კი, საკანონმდებლო ცვლილებების მიზნად სამეურვეო საბჭოს ეფექტური ფორმირება იყო მითითებული.