საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქების სტანდარტის დარღვევა GDS-ზე

19 სექტემბერი, 2016 |

29 ივლისს GDS-მა (20:46 წთზე) ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გააშუქა. კვლევის წარდგინებაში წამყვანმა გამოკითხვის მიმართ პოლიტიკურ სპექტრში არსებულ უნდობლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთანავე შერჩევით დაანონსა გამოკითხვის შედეგები. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ “გამოკითხულთა უმრავლესობა ისევ "ქართული ოცნებისთვის" გეგმავს ხმის მიცემას, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა არასოდეს მისცემს ხმას ნაციონალურ მოძრაობას”. ორ სხვადასხვა შეკითხვაზე პასუხების დაანონსებით წამყვანმა ხაზი გაუსვა, "ქართული ოცნების" უპირატესობას და "ნაციონალური მოძრაობის" მიუღებლობას. ამასთანავე შეკითხვაზე - “რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს?” – 21% "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 19%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. აღსანიშნავია ისიც, რომ 3%-იანი სხვაობის პირობებში კვლევის ცდომილება +/- 2,1% იყო.