რუსთავი 2-მა წაშალა იოსელიანის ვიდეო, რომელშიც ის ივანიშვილს პროვინციელ მილიარდერს უწოდებს

18 დეკემბერი, 2023 | სარედაქციო პოლიტიკა

17 დეკემბერს ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. ამავე დღეს სოციალურ ქსელში ბევრმა მომხმარებელმა გააზიარა რუსთავი 2-ის ძველი ვიდეო, რომელშიც იოსელიანი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს პროვინციელ მილიარდერს უწოდებს. ვიდეო არხის ფეისბუკ-გვერდიდან მალევე წაიშალა. 

სიუჟეტი რუსთავი 2-ის საკვირაო გადაცემა - PS-ზე 2015 წელს გავიდა და 17 დეკემბრამდე ხელმისაწვდომი იყო. 18 დეკემბრის მონაცემებით სიუჟეტი არც ფეისბუკზე და არც არხის ვებსაიტზე იძებნება. 

"მთავრობა არა გვყავს ჩვენ [...] ჩვენ გვყავს ერთი მილიარდერი [...] წარმოიდგინე, პროვინციალი მილიარდერი, რომელსაც იდეები აწუხებს რა... კაი რა". - ამბობს ვიდეოში იოსელიანი.

ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებელი, რომელმაც ვიდეო 17 დეკემბერს გადააზიარა, თეოლოგი  ბექა მინდიაშვილი იყო. მოცემულ სქრინშოთზე ჩანს, რომ ბმული ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.  

ამჟამად, სიუჟეტის მონაკვეთი, რომელშიც იოსელიანის სიტყვები ისმის, კინოს კრიტიკოსისა და ჟურნალისტის გოგი გვახარიას ფეისბუკ-პროფილზეა ხელმისაწვდომი, რომელმაც ბექა მინდიააშვილის პოსტის კომენტარებში დაწერა, რომ ვიდეო მის პროფილზე გამოქვეყნებიდან ერთ საათში წაიშალა. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ის ვებსაიტზე იძებნება სტატია იოსელიანის ამავე სიტყვებით, რომელიც 2015 წლით თარიღდება, თუმცა ტექსტს 7 ნახვა აქვს, რაც ბადებს ეჭვს, თუ რამდენად ძველია აღნიშნული მასალა. 


რუსთავი 2 -ის შესახებ

1994 წელს დაფუძნებული რუსთავი 2 - ის მფლობელობა წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, რაც გავლენას ახდენდა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება არხზე 2019 წელს მოხდა, როდესაც რუსთავი 2 ქიბერ ხალვაშს დაუბრუნდა. 

2019 წლის აპრილში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა.   ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 არაერთმა ჟურნალისტმა დატოვა. 2021 წელს რუსთავი 2 და Prime Time ერთ ჰოლდინგში გაერთიანდა, ჰოლდინგის ერთ-ერთი დირექტორი კი მაესტროს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ვაკო ავალიანი გახდა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2021 წლის პოსტ-საარჩევნო მონიტორინგის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში “რუსთავი 2-ის” პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული იყო და ხშირ შემთხვევაში მათი საქმიანობის პოზიტიურად წარმოჩენას ცდილობდა. ანგარიშის მიხედვით, ამავე დროს არხი ოპოზიციას უარყოფითად აშუქებდა, განსაკუთრებით კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.